პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაღებული ყოველი ლარი 16-ჯერ მეტი კერძო ინვესტიციის მოზიდვის საშუალებას იძლევა – მინისტრი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სახელმწიფოს მხარდაჭერილი ბიზნეს პროექტების ინტერაქციული რუკის პრეზენტაციაზე ვრცლად ისაუბრა მხარდაჭერის იმ პროგრამებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა 2013 წლიდან ახორციელებს. მისი თქმით, ბრენდი „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე პროგრამას აერთიანებს და მასში სამი მსხვილი განმახორციელებელი სტრუქტურაა ჩართული. პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
„სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტის და საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის წყალობით, ან მარტივად რომ ვთქვათ, სესხის პროცენტის სუბსიდირებით და ბანკებში თანაუზრუნველყოფით ამ წლების განმავლობაში მხარი დაუჭირა 833 პროექტს – ჩვენი თანადაფინანსებით და მხარდაჭერით, 1,8 მლრდ ლარის ჯამური ინვესტიცია იქნა მოზიდული და 30 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, ერთ-ერთი პირველი მიმართულება, რომელიც ბრენდის „აწარმოე საქართველოში“ ქვეშ ამოქმედდა – ეს არის პროგრამები სოფლის განვითარების სააგენტოს ეგიდით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში – 856 პროექტი, რომელიც ითვალისწინებს იურიდიული პირებისთვის, ინდმეწარმეებისთვის მხარდაჭერას. საუბარია, მცირე ფერმერულ მეურნეობებზე, ბაღების გაშენებაზე, სამაცივრე მეურნეობებზე და ა.შ. მხოლოდ ამ კომპონენტში, 444 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა და თითქმის 13 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა.
„მესამე მსხვილი კომპონენტს ახორციელებს და პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო – ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურა, სადაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ იმ მეწარმეებმა, განსაკუთრებით რეგიონებში, ვისაც სურთ, რომ დაიწყონ წარმოება და ინვესტიციები განახორციელონ – შეგვიძლია, რომ მიწა გადავცეთ საინვესტიციო პირობებით. დღემდე 117 ასეთი პროექტია მხარდაჭერილი, 182 მლნ ლარის ინვესტიცია მოზიდული და თითქმის 10 000 სამუშაო ადგილი შექმნილი. ჯამში, როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, საუბარია 1806 მხარდაჭერილ პროექტზე, ბენეფიციარზე, ვისზეც ძალიან დეტალურ ინფორმაციას ნებისმიერი მსურველი ჩვენს რუკაზე მოიპოვებს. საუბარია 2.5 მილიარდი ლარის ინვესტიციასა და 53000-მდე სამუშაო ადგილი,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
„ჯამში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულ ჩვენს მიერ გაღებულ ლარს უკან ბიუჯეტში მოაქვს დაახლოებით 5 ლარის გადასახადები და 16 ლარის კერძო ინვესტიცია, ანუ ხუთჯერ მეტი უბრუნდება სახელმწიფოს და ხალხს უკან ბიუჯეტში და 16-ჯერ მეტი კერძო ინვესტიციის მოზიდვის საშუალებას იძლევა“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის შეფასებით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ შედგა მისი მეშვეობით ხდება მეწარმეობის ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება და იქმნება ასობით საწარმო. „კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მომავალ ორ წელიწადში დაახლოებით ამდენივე საწარმოს მხარდაჭერას კიდევ ვაპირებთ და განსაკუთრებული აქცენტი გვექნება ექსპორტზე და იმპორტის ჩანაცვლებაზე“ – აღნიშნა მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

გაძვირებულ ვალს მთავრობა ბიუჯეტიდან, მომხმარებელი კი ჯიბიდან გადაიხდის

მთავრობა საგარეო ვალზე უარს ამბობს. სამაგიეროდ  საშიანოს ზრდის.  2022 წლის ბიუჯეტის პროექტით  სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების …