პირველ კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 201.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2023 წლის პირველ კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 201.4 მლნ აშშ დოლარი (531.0 მლნ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 67.1 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -13.3 პროცენტიდან -3.2 პროცენტამდე შემცირდა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 25.2 პროცენტით გაიზარდა და 1.3 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 24.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 24.6 პროცენტით გაიზარდა.

მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი, რომლის აღდგენა 2021 წლის მეორე კვარტალიდან დაიწყო, 2023 წლის პირველ კვარტალში 795.4 მლნ აშშ დოლარს (2.1 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 37.5 პროცენტით აღემატება.

2023 წლის პირველ კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -332.6 მლნ აშშ დოლარი (-876.8 მლნ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 50.2 პროცენტით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 9.0 პროცენტით გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 37.0 პროცენტით გაიზარდა და 2023 წლის პირველ კვარტალში 781.5 მლნ აშშ დოლარს (2.1 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 36.6 პროცენტით გაიზარდა 728.0 მლნ აშშ დოლარამდე (1.9 მლრდ ლარი).

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, პირველ კვარტალში 383.4 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 6.1 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანია ღონისძიება”Fusion Solar Day Georgia”-ზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია ღონისძიებაზე – Fusion Solar …