პირველი მწვანე ობლიგაციები საქართველოდან – GGU-ს ფასიან ქაღალდებზე ინვესტორების დიდი ინტერესია

თბილისი (BPI) – საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალის“ ჰოლდინგურმა კომპანიამ Georgia Global Utilities-მა (რომელიც მართავს წყლის, წყალარინების და ენერგეტიკულ აქტივებს), 250 მლნ დოლარის საერთაშორისო მწვანე ობლიგაციების, წარმატებულ განთავსებაზე განაცხადა.

მწვანე ობლიგაციების  სარგებელი 7.75%-ს შეადგენს, ხოლო ვადა 5 წელია.

„მოხარული ვარ, განვაცხადო, GGU-ს წარმატების შესახებ. ეს არის პირველი მწვანე ობლიგაციები საქართველოდან. გარიგებამ ინვესტორების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს GGU-ს ფინანსურ პროფილს და ლიკვიდობას, ამასთანავე ხელს უწყობს ბიზნესის ჯანსაღ განვითარებას. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დიდი ხნის საერთაშორისო პარტნიორებს – გერმანიის განვითარების ბანკს (DEG) და ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიას (FMO), ისინი აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ერთად ჩვენი წამყვანი ინვესტორები გახდნენ, ასევე ვულოცავ GGU-ს მთელ გუნდს ამ წარმატებას“,-  განაცხადა საქართველოს კაპიტალის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

ობლიგაციები გაიცემა და გაიყიდება ნომინალურ ფასად. ობლიგაციებიდან მიღებული სახსრები მოხმარდება GGU-ს არსებული საკრედიტო პორტფელის რეფინანსირებას, ასევე წყალმომარაგებისა და სანიტარულ სექტორში კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას.

ობლიგაციები განთავსდება ირლანდიის საფონდო ბირჟაზე და შეფასდება B+ (სტაბილური) რეიტინგით Fitch-ისგან, და B (პოზიტიური) რეიტინგით S&P-სგან. აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების წამყვანი აგენტია J.P. Morgan-ი, თანამმართველი TBC Capital-ი. გარიგებაში J.P. Morgan-ისა და GGU-ს იურიდიულ მრჩეველებს Freshfields Bruckhaus Deringer LLP და Baker & McKenzie LLP-ი წარმოადგენდნენ. ობლიგაციების ემისია მხარდაჭერილია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების DEG, FMO და ADB-ს მიერ.

 

 

შემთხვევითი სიახლე

BAG: სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა

თბილისი (BPI) – სადაზღვევო კომპანიების სავალდებულო საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის ზრდის გადავადების შესახებ განცხადება დაზღვევის …