ნიკოლოზ ალავიძე: „ჯორჯიან მანგანეზი“ აღებულ ვალდებულებებს ასრულებს

თბილისი (BPI) – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შედეგებით კმაყოფილია.

სამუშაოების და პროექტების შესრულების ვალდებულება კომპანიამ მაისში აიღო, როცა მთავრობის მონაწილეობით კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესი შედგა.

მინიდტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ რაც შემოწმდა ყველაფერი გაკეთებულია და მოლოდინს აჭარბებს. “დადებითი პროცესია და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მხრიდან უმაღლესი სტანდარტის დანერგვას კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, რის გამოც ყველა მოხარულები ვართ“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

მთავრობის წევრებმა დაათვალიერეს „ნოფის“ ტერიტორიაზე, ახალი სარკინიგზო ხაზი, საწყობი, კომპანიის მიერ რეკულტივირებული ტერიტორიები,  ასევე, ჭიათურის დასუფთავების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები და მანგანუმის  მადნის გადამამუშავებელი ახალი  ქარხანა.

მნიშვნელოვანია კომპანიის მიერ ბოლო 3 თვის განმავლობაში გატარებული სხვა სოციალური ხასიათის ღონისძიებები, მათ შორის დასაქმებულთათვის ხელფასების ზრდის  მიმართულებით –  „ჯორჯიან მანგანეზმა“  დასაქმებულების ხელფასი უკვე გაზარდა 25%-ით.  ასევე შეიცვალა კვების კომპანია, რაციონთან დაკავშირებით მიმდინარეობს დასაქმებულთა აზრის მუდმივი მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით,  ჭიათურაში ახალი ამბულატორიის მშენებლობა დაიწყო. კომპანიამ ასევე გაარემონტა # 1 საჯარო სკოლა და მონაწილეობა მიიღო რგანის სკოლის სარემონტო სამუშაოებში.

რაც შეეხება „ჯორჯიან მანგანეზის“  მიერ ჭიათურაში, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, ბოლო 3 თვის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს:  ახლახანს დასრულდა ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტი; კომპანიის მიერ აშენდა ორი პარალელური რკინიგზის ხაზიც, რათა მან შეუფერხებლად იმუშაოს; ჭიათურაში  მოეწყო სარკინიგზო საწყობი, საავტომობილო სასწორი და ავტომობილებისთვის ერთი სამრეცხაო;   აიგო ბეტონის მოედანი, ერთი საგუშაგო, ორი მესასწორის ოთახი და ლაბორატორია, ამჟამად  დამცავი მიმდინარეობს მუშაობა კედლების ასაგებად; გადამზიდი ვაგონების დასატვირთად აშენდა რკინიგზის ბაქანი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად  ჭიათურაში დასუფთავების პროექტი  დაიწყო და  ღონისძიებებს ყოველდღიურად ახორციელებს. 1 სექტემბრიდან კი ქალაქის ტერიტორიაზე,  მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდა. ამასთან, ყველა საკვანძო ტერიტორიაზე, სადაც მანგანუმის მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანები გადაადგილდება, 8 ავტოსამრეცხაო (ე.წ. კერხერები) მოეწყო. კომპანიამ  ქუჩების მექანიკური დაგვისა და გადამრეცხი 8 სპეციალური ავტომანქანა შეიძინა – სპეცტექნიკა ჭიათურისა და ზესტაფონის  ქუჩების ყოველდღიური დასუფთავებისთვის არის განკუთვნილი.

როგორც ნიკოლოზ ალავიძემ აღნიშნა, „ამ ყველაფერს აქვს მაგალითის სახე და სხვა მსხვილი კომპანიები გადაიღებენ მას და თვითონაც იგივე მაღალი სტანდარტით ეცდებიან, დანერგონ ეს პასუხისმგებლობა, რაც მთლიანობაში ძალიან წაადგება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“.

 

შემთხვევითი სიახლე

მსხვილკაპიტალიანი ბანკების რეიტინგი, ბაზისბანკი – №6

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორის საზედამხედველო კაპიტალი 01.10.2019 -ის მდგომარეობით, ₾7.3  მლრდ-ს აღემატება (01.10.2018 -₾5.9  მლრდ). …