ნათია თურნავა კორონავირუსის გამოწვევებზე სამსჯელოდ ტურიზმის სექტორს შეხვდება

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინიტრი ხვალ ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდება და კორონავირუსის ფონზე არსებული გამოწვევების დარეგულირების საკითხს განიხილავს.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრომ და პირადად მან ეს დავალება დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრისგან მიიღო.

„ჩვენ აუცილებლად შევხვდით სასტუმროებს და არამხოლოდ მათ, არამედ ტურისტული სერვისების, ტურისტული ინდუსტრიის სხვა ჯგუფების წარმომადგენლებს, რადგან ეს არის კომპლექსური პრობლემა და ჩვენ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. პირველ რიგში, ჩვენი ამოცანაა, რომ მოვისმინოთ,  რეალურად ინდუსტრია კორონავირუსით გამოწვეული რა პრობლემების წინაშე დადგა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ახლა ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომელზეც ნამდვილად ყველამ ერთად უნდა იმსჯელოს და არსებული მდგომარეობის ზუსტი ანალიზი გაკეთდეს. „მთავარი ამოცანა, რაც ამ ეტაპზე ჩვენს წინაშე დგას – ძალიან სიღრმისეულად გავერკვეთ, თუ რა პრობლემები შეექმნა სექტორს და გავაკეთოთ მეტ-ნაკლებად ზუსტი ანალიზი და პროგნოზი, რა შეიძლება კიდევ განვითარდეს“, – აღნიშნა მან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ტურისტული სექტორისთვის მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას. „პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩვენ დღემდე ყველაფერი გავაკეთეთ, განსაკუთრებით ივნისის მოვლენების შემდეგ, რომ  ტურისტული ინდუსტრია უფრო მეტად დაცული და დივერსიფიცირებული იყოს და გარე შოკები მასზე ნაკლებ ზემოქმედებას ახდენდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრის თქმით, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული თვითონ ამ დაავადების შემდგომ დინამიკაზე. „ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ეს პრობლემა თანდათან აღარ იარსებებს და ჩვენი განვითარება და ტურისტული ინდუსტრიის აღმასვლა ჩვეულ ტრაექტორიას დაუბრუნდება“- აღნიშნა მინისტრმა.

 

შემთხვევითი სიახლე

თიბისი კაპიტალმა განახლებული, რიგით მეოთხე მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თბილისი (BPI) – თიბისი კაპიტალმა მეოთხედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და ბიზნესსექტორებზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად. …