თბილისი (BPI) – „სავაჭრო ქსელში დღესდღეობით მარაგები საკმარისზე მეტია, სავაჭრო სექტორი საკმაოდ კარგად არის მომზადებული ყველა გამოწვევისთვის, – განაცხადა ნათია თურნავამ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
„სავაჭრო ქსელში მარაგები საკმარისზე მეტია, ჩვენი სავაჭრო სექტორი კარგად არის მომზადებული ყველა გამოწვევისთვის. ა რაიმე საფუძველი აჟიოტაჟური მოხმარებისთვის, ზოგიერთ პროდუქტზე ირაციონალურად გაზრდილი მოთხოვნისა არ არსებობს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობა ლოგისტიკურად სრულად მართავს მომარაგების საკითხს და ჩართულია თითოეული კონკრეტული მიწოდების ჯაჭვის მონიტორინგში.
„ყველა პრობლემა ძალიან სწრაფად მოდის ჩვენამდე და ჩვენ ამას ვაგვარებთ, აქედან გამომდინარე, არანაირი საფრთხე პროდუქტების, პირველადი მოხმარების საქონლის შეუფერხებელი მიწოდებისა ჩვენს სავაჭრო ქსელებში არ არსებობს. ჩვენ სრულად ვმართვთ სიტუაციას და სავაჭრო ქსელებში კრიზის არ იქნება“, – აცხადებს მინისტრი.
მისი თქმით, კორონავირუსი გლობალური, ახალი გამოწვევაა და ყველანი ცოტათი ვღელავთ, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ავყვეთ, უსაფუძვლო აჟიოტაჟს, რადგან ამისი საფუძველი არ არსებობს. ეკონომიკის მინისტრმა სავაჭრო სექტორში დასაქმებულებს მადლობა გადაუხადა.