ნათია თურნავა ანალიტიკოსებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ანალიტიკოსებს შეხვდა.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა შეხვედრაზე ყურადღება მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის კომიტეტების ბოლო გადაწყვეტილებებზე გაამახვილა.

მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების ნაწილში საუბარი შეეხო მიღებული გადაწყვეტილების დეტალურ ანალიზს, მის მიზანშეწონილობას, მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და მაკროეკონომიკურ პროგნოზებს. ფინანსური სტაბილურობის მხრივ კი, ფინანსურ სისტემაში არსებულ მოწყვლადობისა და რისკების შეფასებაზე იმსჯელეს, სადაც ძირითადი აქცენტი საშუალო და გრძელვადიანი პერიოდის გათვალისწინებით, ფინანსური სექტორის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებზე გაკეთდა, რომლებიც მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები, რათა მოვისმინოთ ანალიტიკოსების მოსაზრებები მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა თუ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. აქედან გამომდინარე მსგავს ფორმატში ანალიტიკოსებთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ რათა ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დეტალურად გაანალიზდეს და უზრუნველყოფილ იქნას  გამჭვირვალობა”, – განაცხადა ნათია თურნავამ

შეხვედრაში ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, შალვა მხატრიშვილი და ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი, დავით უტიაშვილი მონაწილეობდნენ.

“არსებულ რისკებს ბოლო პერიოდში დაემატა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, რომელიც დამატებითი გაურკვევლობის წყაროა და შესაძლოა, ინფლაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით დამატებითი რისკები გააჩინოს – სწორედ ეს გახლდათ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, საკმაოდ მაღალ დონეზე, დატოვების მიზეზი”, – აღნიშნა შალვა მხატრიშვილმა.

“ჩვენი მიღებული გადაწყვეტილება, 300,000 ლარამდე მოცულობის სესხების მხოლოდ ჰეჯირებულ პირობებით გაცემა მნიშვნელოვნად შეამცირებს დოლარიზაციასა და მისგან გამოწვეულ სისტემურ რისკებს, რაც ფინანსურ სტაბილურობას დამატებით განამტკიცებს”, – აღნიშნა დავით უტიაშვილმა.

მსგავსი შეხვედრების მიზანია კონკრეტული საკითხების შესახებ დაინტერესებული მხარისათვის დეტალური და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანია კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ II საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგება

16-18 ნოემბერს, საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ რიგით II საერთაშორისო კონფერენცია …