ნათია თურნავამ EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან ერთად სემინარი გახსნა

საზედამხედველო პრიორიტეტები საკრედიტო რისკებისა და უმოქმედო სესხებისთვის და მათი გავლენა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონზე – ამ სახელწოდების სემინარი გაიმართა დღეს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში. სებ-ის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი სემინარის მიზანია შეიქმნას ერთიანი პლატფორმა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, იურგენ რიგტერინკმა გახსნეს. სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, სომხეთის, უკრაინისა და მოლდოვას ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები.

EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და კლიენტთა მომსახურების ჯგუფის ხელმძღვანელი, იურგენ რიგტერინკი და EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველ დირექტორი, მატეო პატრონე კავკასიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

ნათია თურნავასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობასა და არსებულ გამოწვევებს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სტუმრებს საქართველოს კაპიტალის ბაზარზე არსებული პოზიტიური ტენდენციები და ამ მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო. აღინიშნა, რომ ეროვნული ბანკის რეფორმები ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა EBRD-ის მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსათვის. ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

“ჩვენი პრიორიტეტია საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, ინვესტორთა ინტერესების დაცვა, ბაზარზე ინფორმაციის გამჭვირვალობისა და თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრება. ამ თვალსაზრისით, EBRD ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. სწორედ EBRD-იმ გამოუშვა პირველი ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდი, რამაც შეუწყო ხელი კაპიტალის ბაზრის განვითარებას საქართველოში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები, კავკასიაში EBRD – ის რეგიონული დირექტორი, ალკის ვრეინიოს დრაკინოსი და მისი წინამორბედი კატარინა ბიორლინ ჰანსენი.

შემთხვევითი სიახლე

ჩაერთე Mastercard-ის ფინანსური განათლების პროგრამაში – რეგისტრაცია 30 იანვარს სრულდება

თუ გსურს, ისწავლო  პირადი ფინანსების მართვა ეფექტურად, მიიღო დამოუკიდებელი ფინანსური გადაწყვეტილებები  და დაიწყო სვლა მომავალი …