მშენებლობის ტერიტორიაზე მწვანე სივრცის მოწყობის პროექტის წარდგენა სავალდებულო გახდება

მშენებლობის ტერიტორიაზე მწვანე სივრცის მოწყობის პროექტის წარდგენა სამშენებლო კომპანიებისთვის სავალდებულო გახდება. ამას ითვალისწინებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა.

„კოდექსში შემოდის გამწვანების პროექტის განმარტება, რომელიც გულისხმობს მშენებლობის ტერიტორიაზე გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტს, რომლის წარდგენის ვალდებულება დეველოპერს და ზოგადად მშენებლობის განმახორციელებელს ექნება როგორც განაშენიანების დეტალური გეგმის წარდგენის ეტაპზე, ასევე მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების წარდგენისა და მშენებლობის ნებართვის პროექტის წარდგენის ეტაპზე, რომლის შესრულება, ისევე როგორც მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული სხვა პირობების შესრულება, სავალდებულო იქნება მშენებლობის ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე”, – განმარტა მომხსენებელმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

მომხსენებლის განცხადებით, ქალაქ თბილისის კანონმდებლობაში მსგავსი ცვლილება 3 წლის წინ განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მშენებლობის ნებართვისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში აუცილებელი გახდა K-3 კოეფიციენტის ე.წ. გამწვანების კოეფიციენტის დეტალური აღწერისა და გამოყენების სქემის შემოღება და თუ ადრე K-3 კოეფიციენტი გულისხმობდა თავისუფალ სივრცეს, რომელიც მეტწილად ავტოსადგომების მოსაწყობად გამოიყენებოდა, დღეს ეს სივრცე უკვე გულისხმობს დენდროლოგიური პროექტის წარდგენას შემდგომი მოვლა-პატრონობით.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის განხილვას პლენარულ სხდომაზე.

 

შემთხვევითი სიახლე

ლარის მნიშვნელოვანი გამყარება როგორც ჩანს უფრო ნაკლებ სავარაუდოა – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აპრილის ექსპორტი ძლიერი იყო. მართალია, წლიურ გამოხატულებაში …