„მუშავდება წესი, რომელმაც უნდა მოაწესრიგოს ურთიერთობა მომხმარებელსა და მომწოდებელ კომპანიას შორის“- გიგა ნადირაძე მელიორაციის სექტორის რეგულირებაზე

2024 წლიდან სემეკი მელიორაციის სექტორის რეგულირებას იწყებს. აღნიშნულ პროცესში სემეკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია-მოვალეობა ტარიფების შემუშავების მიმართულებით განისაზღვრება. გარდა ამისა, სემეკს შესაძლებლობა ექნება განსაზღვროს ზოგადი ჩარჩო პირობები, სადაც ერთის მხრივ მომხმარებლის, ხოლო მეორეს მხრივ, რესურსის მომწოდებელ კომპანიას შორის ურთიერთობის რეგულირება მოხდება. სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორის გიგა ნადირაძეს განამრტებით ამ ეტაპზე მუშავდება წესი, რომლის საშუალებითაც მოწესრიგდება მომხმარებელსა და მომწოდებელს შორის ურთიერთობა. გარდა ამისა, ამ წესის საფუძველზე წარიმართება შესაბამისი დავების განხილვაც.

„სემეკს მელიორაციის სექტორში კომპანიასა და მომხმარებელს შორის დავების განხილვის ვალდებულებაც გააჩნია. სწორედ ამიტომ მუშავდება წესი, რომელმაც უნდა მოაწესრიგოს ურთიერთობა მომხმარებელსა და რესურსის მომწოდებელ კომპანიას შორის. დღეს აღნიშნული ურთიერთობა წესრიგდება ინდივიდუალური ხელშეკრულების ფარგლებში, სადაც გაწერილია ზოგადი პრინციპები და პირობები კომპანიის მიერ, თუ რა გზით ამარაგებს მომხმარებლებს. თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი მოექცეს ზოგად ჩარჩოში, როგორც არის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში, იყოს კონკრეტული მარეგულირებელი ნორმები, რის საფუძველზეც უნდა დაიდოს ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულება და დავის განხილვაც ამ წესის საფუძველზე მოხდება. ეს ყველაფერი თავისთავად აღიწერება წყლის მიწოდების წესებში, რომელიც მოიცავს ყველა იმ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომელიც აქვს ერთის მხრივ მომხმარებელს, მეორეს მხრივ მომწოდებელს“. აცხადებს გიგა ნადირაძე

როდესაც მომწოდებელ კომპანიაზე ვსაუბრობთ, ასევე ჩნდება კითხვა, სხვა რეგულირებადი სექტორების მსგავსად გასცემს თუ არა სემეკი მელიორაციის სექტორში კომპანიებზე ლიცენზიას და ავტორიზაციას. გიგა ნადირაძის თქმით, ამ ეტაპზე არც ლიცენზია და არც ავტორიზაცია კომპანიებზე არ გაიცემა. ამ ყველაფრს მიზეზი კი ისაა, რომ დღესდღეობით სექტორში მხოლოდ ერთი, სახელმწიფო კომპანია ოპერირებს.

„სხვა სექტორებთან შედარებით, რომელსაც სემეკი არეგულირებს, მელიორაციის სექტორში ამ ეტაპზე არ გვექნება ლიცენზირებისა და ავტორიზაციის პროცედურების გავლა, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი კომპანია ოპერირებს. თუმცა სხვა დანარჩენი რეგულირების საფუძვლები და პრინციპები, რომლებიც დაგვეხმარება ჩვენი ვალდებულებების შესრულებაში როგორიც არის თუნდაც საჯარიმო სანქციები, ანგარიშგების ფორმები, ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება, საჯაროობა და ასე შემდეგ აუცილებლად გამოიყენება“.აღნიშნავს გიგა ნადირაძე.

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ტრენინგები ჩატარდა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში …