მსოფლიო კეთილდღეობის ინდექსში საქართველოს შეფასება ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა

საქართველო 2021 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ 167 ქვეყნიდან 53-ე ადგილზე გავიდა, რეიტინგი ორი ადგილით გაიუმჯობესა, შეფასების 100 ბალიანი სისტემით  62.3 ქულა მიიღო, რითაც მისი ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.   გლობალური კეთილდღეობის ანგარიშს ბრიტანეთის წამყვანი ანალიტიკური ცენტრი Legatum Institute 2007 წლიდან აწარმოებს. https://www.prosperity.com/

2021 წელს საქართველო კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

წელს საქართველო ინფრასტრუქტურისა და ბაზარზე წვდომის გრძელვადიანი (ათწლიანი) გაუმჯობესებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში დასახელდა. გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპაში  ინტერნეტთან წვდომის გრძელვადიანი გაუმჯობესების კუთხით საქართველო პირველ ადგილზეა.

გლობალური კეთილდღეობის ინდექსში საქართველოს გამორჩეული  წარმატება პირველი შემთხვევა არ არის. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ამ სარეიტინგო გამოკვლევაში საქართველომ გრძელვადიანი განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ისტორიული აღიარება მოიპოვა.

2020 წლის ანგარიშში საქართველოს სპეციალური თავიც კი  მიეძღვნა. კერძოდ, ქვეყანა ღია აღმშენებლობის, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკების მიღწევებს შორის პროგრესის ყველაზე დამაჯერებელ უახლეს მაგალითად დასახელდა.

კვლევაში გაანალიზებული იყო საქართველოს მიღწევები სიღარიბის შემცირების, თავისუფალი ვაჭრობის, საგადასახადო და ეკონომიკური ლიბერალიზაციის, ინვესტორთა დაცულობის მიმართულებით.

„ასეთი წარმატება ხაზს უსვამს, თუ როგორ შეუძლიათ ერებს შექმნან გზები სიღარიბიდან კეთილდღეობისაკენ, შექმნან ეკონომიკა, რომელიც კარგად იმართება და მდგრადია შოკების მიმართ, სადაც ხალხი გრძნობს საკუთარ ინტერესებს და კონკურენტუნარიანია საერთაშორისო დონეზე,“- აღნიშნული იყო დასკვნის სახით ანგარიშში.

გრძელვადიანი, ანუ ათწლიანი გაანგარიშებით, საქართველოს სარეიტინგო პოზიცია  8 ადგილით გაუმჯობესდა, 2013 წლამდე კი ქვეყანა მუდმივად 60-ეულს მიღმა იყო.

ორგანიზაცია Legatum Institute გლობალურ კეთილდღეობას 12 აგრეგატის მიხედვით აფასებს :

  • დაცულობა და უსაფრთხოება;
  • პერსონალური თავისუფლება;
  • მმართველობა;
  • სოციალური კაპიტალი;
  • საინვესტიციო გარემო;
  • სამეწარმეო კონდიცია;
  • ბაზარზე წვდომა და ინფრასტრუქტურა;
  • ეკონომიკის ხარისხი;
  • საცხოვრებელი პირობები;
  • ჯანმრთელობა;
  • განათლება;
  • ბუნებრივი გარემო (ეკოლოგია).

შემთხვევითი სიახლე

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების …