მსოფლიო და საქართველო პოლონეთის შოკური თერაპიის ავტორის თვალით

თბილისი (BPI) – შოკური თერაპიის ავტორმა, ლეშეკ ბალცეროვიჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ კანონის უზენაესობისა და ბაზრის თავისუფლების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, წარმატებული და განვითარებული ქვეყანა არ შედგება კარგი პოლიტიკოსებისგან. „ასეთ ქვეყანებში კანონი უზენაესია და ის დამოუკიდებელია პოლიტიკოსებისგან,“- ამბობს ბალცეროვიჩი.

მან გადაცემაში გაიხსენა საქართველოში მცირეხნიანი მოღვაწეობის  პერიოდი და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური პრობლემები გამოწვეული იყო სამოქალაქო ომითა და შეფერხებული რეფორმებით.

„საქართველში ბოლოს 20 წლის წინ ვიყავი, რთული დრო გამოიარეთ, იყო სამოქალაქო ომი, რამაც ფაქტობრივად, დრო დაგაკარგინათ. ომის შემდეგ შეფერხებული რეფორმების პერიოდი დაიწყო, ამერიკულმა მხარემ ედუარდ შევარდნაძესთან მომიწვია, რეფორმეზე სასაუბროდ. თუმცა, ამ მოვლენების პარალელურად, პოლონეთში, ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად ამირჩიეს და საქართველოში მიმდინარე პროცესებში ვეღარ მოვასწარი ჩართვა. ამის შემდეგ, იწყება სწრაფი ეკონომიკური რეფორმები, რაშიც კახა ბენდუქიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ამ რეფორმების განხორციელების გარეშე, უარეს სიტუაციაში იქნებოდით ახლა,“- აღნიშნავს ლეშეკ  ბალცეროვიჩი.

როგორც მან გადაცემაში აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საყრდენი გლობალიზაციაა, მან დადებითად შეაფასა საქართველოს ორიენტაცია დასავლეთში ექსპორტის გაზრდის თვალსაზრისით.

„საყრდენი გლობალიზაციაა, განსაკუთრებით მცირე ქვეყნებისთვის, უნდა დაიცვათ თავისუფალი ბაზარი, რაც მოიცავს კავშირს, გარე სამყაროსთან, განსაკუთრებით დასავლეთთან. ცენტრალური დაგეგმარება არ მუშაობს, თავისუფალი ბაზარი მუშაობს. ვაჭრობის ორიენტაციის თვალსაზრისით თქვენ ნაკლებად ხართ დამოკიდებული რუსეთზე, მეტ ექსპორტს დასავლეთში ახორციელებთ, რაც ხარჯიანი იყო მაგრამ სწორი გადაწყვეტილება. წარმატება მოდის თავისუფალი საბაზრო რეფორმებიდან და კანონის უზენაესობისგან. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია, სწორედ ეს იზიდავს უცხოურ ინვესტიციებს,“- ამბობს ბალცეროვიჩი.

ლეშეკ ბალცეროვიჩმა ეკონომიკური განვითარების ზრდის პროცესში პოპულიზმის აღმოფხვრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„საჭიროა საზოგადოებრივ აზრზე მუშაობა. პოპულისტები მათ ატყუებენ და წარმატება იქნება ის,რომ ავხადოთ მათ ნიღაბი. თუ არ იბრძოლე პოპულიზმთან, წააგებ და მოსახლეობაც წაგებული დარჩება, თუ იბრძოლებ, შეიძლება ყოველთვის ვერ გაიმარჯვო, მაგრამ უნდა ვიყოთ მომართული პოპულიზმთან ბრძოლაში, რაც მისი შეჩერების შანსს მოგვცემს.ანტილიბერალებს, მემარცხენეებს, მემარჯვენეებს სურთ მეტი ძალაუფლება ჩაუგდონ ხელში პოლიტიკოსებს, რეალურად კი, პოლიტიკოსთა ძალაუფლება ძალზე შეზღუდული უნდა იყოს. ადამიანებს არ უნდა გვეშინოდეს ჩვენი პოლიტიკოსების, ჩვენ უნდა დავინახოთ საფრთხე მათთვის მეტი ძალაუფლების მინიჭებაში, უნდა იყოს შეზღუდული სახელმწიფოს მეტი ჩართულობა და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მეტი თავისუფლება, კანონის უზენაესობის ჩარჩოებში,“- აღნიშნავს ბალცეროვიჩი.

„ბიზნესპარტნიორში“ ბალცეროვიჩმა პოლონეთში დაწყებულ ეკონომიკურ რეფორმებამდე არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა რეფორმების რადიკალურობას, სწრაფი ტემპის მნიშვნელობას და ცვლილებებს მენეჯმენტში.

„არ ველოდი, რომ საბჭოთა სისტემა ჩემს სიცოცხლეში დაინგრეოდა. თუმცა, იმედი ყოველთვის მქონდა. მაინტერესებდა რადიკალური რეფორმები, 70-იანი წლებიდან არაფორმალური ჯგუფი შევქმენი, რომელიც სწორედ ასეთ რეფორმებზე მუშაობდა. 80-იან წლებში, როცა განათებაც კი არ იყო, კვლევები გავაღრმავეთ პრივატიზაციის, სტაბილიზაციის, ლიბერალიზმის მიმართულებით. შემდეგ, მოულოდნელად შეიცვალა პოლონეთში სიტუაცია და აღმოჩნდა, რომ ჩვენ ერთადერთი ადამიანები ვიყავით, ვისაც შეგვეძლო გვემოქმედა. 89 წლის სექტემბერში, ქაოსსში დავიწყეთ მოქმედებები, ვარდებოდა ეკონომიკური მაჩვენებელი, იყო ჰიპერინფლაცია, პროგრამა უნდა შეგვემუშავებინა და გავმკლავებოდით მას. საჭირო იყო, ცვლილებები არამხოლოდ ინტელექტუალური, არამედ მენეჯმენტური თვალსაზრისით.  ცვლილებები განსაკუთრებით მათ წინააღმდეგ, ვინც ანელებდა სიტუაციას. რადიკალური მიდგომა გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ნელი მოძრაობა. ქვეყნებმა,რომლებმაც რადიკალური ცვლილებები არ განახორციელეს და ნელა დაიწყეს მოძრაობა, საკმაოდ მძიმე ფასიც გადაიხადეს.

სირთულეები დაკავშირებულია წარსულში არსებულ ცუდ სისტემასთან, მაგალითად, იყო სრული დასაქმება საბჭოთა კავშირში, სადაც რეალურად  არ მუშაობდნენ, ამიტომ ნებისმიერი სოციალისტური ქვეყანა იხდიდა მძიმე ფასს. თავისუფალი ბაზრის პირობებში, ის პრობლემები,რომლებიც იმალებოდა წინა რეჟიმში, დღის სინათლეზე გამოვიდა. ამიტომ, საჭიროა თანმიმდევრული მიდგომა, წინააღმდეგ შემტხვევაში, ცუდ სისტემაში გაიჭედები,როგორც ბელარუსი, რომელიც ძალიან ნელა მოძრაობდა,“- განაცხადა ბალცეროვიჩმა.

 

შემთხვევითი სიახლე

შრომის კოდექსში შრომის ინსპექციის უფლებების შესაძლო გაფართოებაზე BAG ბიზნესის პოზიციას განმარტავს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ განვლილი ერთი წლის განმავლობაში არაერთ სატელევიზიო და რადიო ეთერში, …