მნიშვნელოვანია, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში, საქართველომ შეძლო საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება – მირზა გელაშვილი

მნიშვნელოვანია, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში, საქართველომ შეძლო საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა სარეიტინგო სააგენტო “Fitch”-ის მიერ ქვეყნის სუვერენული რეიტინგის შეფასებისას.
როგორც ცნობილია, სააგენტომ განაახლა საქართველოს სუვერენული რეიტინგის შეფასება და რეიტინგი კვლაც BB დონეზე შეუნარჩუნა სტაბილური პერსპექტივით.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობის სწრაფი აღდგენა. ეს, ბუნებრივია, აისახება ეკონომიკურ ზრდაში, პირველ რიგში კი ფისკალური დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირებაში. თქვენ იცით, რომ ჩვენ 2021 წლის ბოლოს, დაახლოებით, 10%-ით შევამცირეთ ვალი და მისი მოცულობა 60,2%-იდან, დაახლოებით, 50%-ის დონეზე შემცირდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან უკვე სახეზეა, არამარტო ეკონომიკური ზრდის, არამედ მაკროეკონომიკური სტაბილურობის აღდგენაც. როგორც წესი, „Fitch”-ი ჩვენს ძლიერ მხარედ ასახელებს მაღალი ხარისხის მაკროეკონომიკურ მენეჯმენტს, მაღალი ხარისხის მმართველობის დონეს, რითაც საქართველო გამორჩეულია არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსგავსი რეიტინგის ქვეყნებს შორის მთელს მსოფლიოში”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა.
მისი თქმით, სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, სუსტ მხარეებად კვლავ რჩება საგარეო მოწყვლადობა და მაღალი მიმდინირე დეფიციტის ანგარიში.
„აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე პერიოდში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირეთ 5,5%-მდე. სამწუხაროდ, პანდემიამ პირველ რიგში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების დანაკლისის ფონზე, გააუარესა მიმდინარე ანგარიშის მაჩვენებლებიც, თუმცა, უკვე ვხედავთ აღდგენის პერსპექტივებს – დეკემბრის მდგომარეობით, ტურიზმი აღდგა 2019 წლის 58%-ის დონეზე. ეს უკვე საკმაოდ კარგი და ძლიერი წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ველოდებით, რომ საშუალოვადიან პერიოდში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კვლავ აღდგება პანდემიამდე მაჩვენებელზე და ამ მიმართულებით ჩვენ უფრო მეტი წინსვლა გვექნება. ზოგადად, თქვენ იცით რომ ჩვენ ორი საფეხური გვაშორებს საინვესტიციო რეიტინგს, რომელიც მთავრობის გაცხადებული მიზანია. ამ მხრივ, ჩვენ გამუდმებით ვაანალიზებთ საკრედიტო სააგენტოების შეფასებებს, მათ მოლოდინებს, მიმართულებებს და შესაბამისად, ვმუშაობთ იმგვარი პოლიტიკის შემუშავებისთვის, რომელიც დაგვაახლოებს ამ მიზანთან”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა.
შეგახსენებთ, სარეიტინგო სააგენტო „Fitch”-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი ‘BB’ დონეზე, ხოლო პერსპექტივა – “სტაბილურზე” შეუნარჩუნა. სააგენტოს შეფასებით, საქართველო 10,6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის შემდეგაც შეინარჩუნებს აღდგენის მაღალ ტემპებს და 2022-2023 წლებში პოტენციურზე მაღალი – 5.5-5.3 პროცენტებით გაიზრდება.

შემთხვევითი სიახლე

ლარის მნიშვნელოვანი გამყარება როგორც ჩანს უფრო ნაკლებ სავარაუდოა – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აპრილის ექსპორტი ძლიერი იყო. მართალია, წლიურ გამოხატულებაში …