მთავრობის ეფექტურობით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა, კორუფციის კონტროლით კი ევროპის TOP20-ში მესამედ მოხვდა

თბილისი (BPI) – 2020 წლის 28 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მსოფლიო ბანკის 189 ქვეყანას შორის „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით საქართველო მსოფლიოში არის 41 -ე ადგილზე, ევროპაში კი 19-ე ადგილზეა საუკეთესო ოცეულში. (2012 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევაში „კორუფციის კონტროლით“ მსოფლიოში იყო 62-ე ადგილზე, ოცეულს მიღმა.)

აღსანიშნავია, რომ ამ საუკეთესო ოცეულში საქართველო უკვე ზედიზედ მესამედ მოხვდა. რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს, როგორიცაა ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, მალტა, ჩეხეთი, ლატვია, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, კვიპროსი, საბერძნეთი და ბულგარეთი.

კორუფციის კონტროლი – ფასდება მმართველი ძალების მიერ საკუთარი უფლებამოსილების გამოყენების პრაქტიკა პირადი ინტერესებისთვის. შეფასება მოიცავს როგორც კორუფციას ქვედა დონეზე, ისევე, როგორც ელიტური კორუფციის შეფასებას. კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი შკალიდან 74.04%-ი დაიმსახურა. საქართველო ლიდერია რეგიონში, პოსტსსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ესტონეთი და ლიეტუვა უსწრებს.

„რეგულირების ხარისხის“ მიხედვით საქართველო მსოფლიოში 27 ადგილზეა, ევროპაში კი 19-ე ადგილზე საუკეთესო ოცეულში. (2012 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევაში „რეგულირების ხარისხით“ მსოფლიოში იყო 39-ე ადგილზე, საუკეთესო ოცეულს მიღმა იყო)

რეგულირების ხარისხი – ფასდება სახელმწიფოს უნარი შეიმუშაოს და გაატაროს რეფორმები კერძო სექტორის განვითარების მიზნით.

„მთავრობის ეფექტიანობის“ მიხედვით საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სკალიდან 76.94%-ი მიიღო, რითაც ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, მსოფლიოში არის 37 -ე ადგილზე, ევროპაში კი 24-ე პოზიციაზე და უსწრებს ევროკავშირის წევრ 8 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, ხორვატიას, ბულგარეთს და რუმინეთს. (2012 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევაში-„მთავრობის ეფექტიანობის“ მიხედვით მსოფლიოში იყო 50-ე ადგილზე.)

საქართველო კანონის უზენაესობით უსწრებს დიდი შვიდეულის 1, ევროკავშირის 3 და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს. აღნიშნული ანგარიშის და რეიტინგის მიხედვით საქართველოში „კანონის უზენაესობა“ უფრო მაღალ დონეზეა ვიდრე იტალიაში, საბერძნეთში, ბულგარეთში, სერბეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროში და ა.შ.

კანონის უზენაესობით საქართველო პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის მეოთხე ადგილზეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ. 2012 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით საქართველო კანონის უზენაესობით ჩამორჩებოდა ყველა განვითარებულ ქვეყანას, ნატოს წევრ ქვეყნებს შორის კი უსწრებდა მხოლოდ ალბანეთს. საქართველოში „კანონის უზენაესობა“ შეფასდა მსოფლიოს 11 წამყვანი ანალიტიკური ცენტრის და კვლევითი პროექტის პროვაიდერის შემაჯამებელი ანალიზის საფუძველზე, რომელთა შორისაა: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, საფრანგეთის მთავრობა, გაეროს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ამერიკული ორგანიზაცია გლობალ ინსაიდი, ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსი, ბრიტანული ორგანიზაცია ეკონომისტ ინთელიჯენს იუნიტი, ბეთსელმანის ფონდი(გერმანია), გელაპის ორგანიზაცია (აშშ), დემოკრატიის კვლევითი პროექტი VDEM (გოტენბურგისა და როტერდამის უნივერსიტეტები), მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი -კანონის უზენაესობის ინდექსი (აშშ) . კანონის უზენაესობა – ფასდება მთავრობის მოქმედებების კანონის ნორმებთან შესაბამისობა, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და პატივისცემა.

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 33 ). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ ხდება ახალი ერთიანი მაჩვენებლების მიღება.

გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 186 სახელმწიფო. კვლევა მოიცავს პერიოდს 1996 წლიდან 2019 წლის ჩათვლით.

შემთხვევითი სიახლე

თეიმურაზ ლეჟავა პირველი ქართველია, რომელსაც იაპონელებმა ჰიგაში კუნინომიას საერთაშორისო კულტურული ჯილდო მიანიჭეს

თბილისი (BPI) – 14 ოქტომბერს, საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავას დამსახურებული დიპლომატიური …