მეორე კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 252.1 მლნ დოლარი შეადგინა

2022 წლის მეორე კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 252.1 მლნ აშშ დოლარი (755.5 მლნ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი. 2022 წლის მეორე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 49.0 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -10.6 პროცენტიდან -4.2 პროცენტამდე შემცირდა.

 

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 28.1 პროცენტით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი (3.3 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 31.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 30.1 პროცენტით გაიზარდა.

 

მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი, რომლის აღდგენა გასული წლის მეორე კვარტალიდან დაიწყო, განაგრძობდა ზრდას და 2022 წლის მეორე კვარტალში 748.8 მლნ აშშ დოლარს (2.2 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის 85.3 პროცენტს შეადგენს.

 

2022 წლის მეორე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -357.1 მლნ აშშ დოლარი (-1.1 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 35.3 პროცენტით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 18.4 პროცენტით გაიზარდა.

 

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 34.4 პროცენტით გაიზარდა და 2022 წლის მეორე კვარტალში 763.8 მლნ აშშ დოლარს (2.3 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 34.2 პროცენტით გაიზარდა 707.3 მლნ აშშ დოლარამდე (2.1 მლრდ ლარი). ამავდროულად, სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები 7.4 პროცენტით შემცირდა.

 

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეორე კვარტალში 284.3 მლნ აშშ დოლარი (851.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 4.7 პროცენტია.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს …