“ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტებზე დიდი მოთხოვნაა” – ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი პროექტს “ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების საფუძვლები” კიდევ ერთხელ განახორციელებს

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში დაიწყო რეგისტრაცია სასწავლო კურსზე „ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების საფუძვლები“. კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, ენერგეტიკული პოლიტიკისა და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის საკითხების შესწავლისა და რეგულირების მიმართულებებთან. როგორც ენერგეტიკის ცენტრის წარმომადგენელი თემურ თორდინავა აცხადებს, ტრენინგის კიდევ ერთხელ ჩატარების მიზეზი მსმენელი აუდიტორიის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნა და ინტერესია. მისივე თქმით, ზოგადად ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტებზე დიდი მოთხოვნაა.

“გამომდინარე იქიდან, რომ მსმენელთა მხრიდან ინტერესი და მოთხოვნა მაღალია, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი კიდევ ერთხელ ჩაატარებს სასწავლო კურსს თემაზე “ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების საფუძვლები”. ტრენინგი ძირითადად განკუთვნილია ენერგეტიკის სფეროში მომუშავე პირებისთვის, ასევე იმ ადამინებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან ენერგეტიკის სფეროში მუშაობით, მათ შორის, მაგისტრატურის სტუდენტებისთვისაც. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ კურსზე მონაწილეობა უკვე მიიღო 500-ზე მეტმა ადამიანმა და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. ჩვენ სექტემბრის დასაწყისში უკვე გამოვაცხადეთ ტრენინგი ამ მიმართულებით და რეგისტრაციის ბოლო ვადა 29 სექტემბერია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ კურსის წამყვანი ლექტორები არიან სემეკის მოქმედი თანამშრომლები. ის პრაქტიკოსები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ენერგეტიკის სექტორის რეგულირებასთან მიმართებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტრენინგში მონაწილეები სწორედ პირველი პირებისგან გაიგებენ  საინტერესო თეორიულ და პრაქტიკურ ინფორმაციას, რომელიც მათ ყოველდღიურ საქმიანობაში გამოადგებათ”. – აცხადებს თემურ თორდინავა.

რა არის ამ ტრენინგის საბოლოო მიზანი და რა შედეგებამდე უნდა მივიდეთ?

“პირველ რიგში კურსის მიზანია, აუდიტორიისთვის ელექტროენერგეტიკის სექტორში არსებული სიახლეების გაცნობა, ასევე განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების მარეგულირებელ მხარდაჭერაზე ინფორმაციის მიწოდება. გარდა ამისა, აუდიტორია მიიღების ინფორმაციას სატარიფო რეგულირების პრინციპებზე, თუ როგორ ხორციელდება ტარიფების დათვლა. საინტერესოა ასევე  ელექტროენერგეტიკული ბირჟის საკითხებიც, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მომსახურების ხარისხის სტანდარტები და ასე შემდეგ. სწორედ ეს ინფორმაციებია თავმოყრილი ერთ ტრენინგ კურსში და ვფიქრობ რომ მსმენელები ღირებულ და ფასეულ ცოდნას მიიღებენ. შედეგი კი იქნება ის, რომ ენერგეტიკის რეგულირების მიმართულებით მსმენელები შეძლებენ დაინახონ პრაქტიკული გამოწვევები და შესაბამისად პრაქტიკული ნაბიჯები დაგეგმონ თავიანთ ორგანიზაციაში, რათა ეფექტიანად წარმართონ ყოველდღიური საქმიანობა”.

რა პერიოდის განმავლობაში ჩატარდება აღნიშნული ტრენინგი?

“კვირაში ტრენინგი ჩატარდება 3-ჯერ. თითოეული ტრენინგი არის 2 საათიანი და განსაზღვრულია ჯამში 14 შეხვედრა”. 

ელოდებით თუ არა დაინტერესებული პირების გაზრდილ რაოდენობას მოცემულ ტრენინგზე?

“მსმენელთა რაოდენობა ყოველი ახალი ტრენინგ კურსის დაგეგმვიდან შემდგომ კურსამდე იზრდება. არის საკმაოდ მაღალი მოთხოვნა. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა არის ის, რომ თეორიასთან ერთად ისინი ღებულობენ პრაქტიკულ ქეისებზე აგებულ ინფორმაციას. ეს ტრენინგები მიმდინარეობის დისკუსიის რეჟიმში და ძალიან ინტერაქტიულია. ჩვენ ტრენინგების შემდეგ ასევე ვიღებთ შეფასებას მონაწილეების მხრიდან, რათა ხარისხი კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ”. – აღნიშნა თემურ თორდინავამ.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, აღნიშნულ სექტორებში დასაქმებულ და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსების/პროგრამების განხორციელება.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …