ლარის კურსი და მონეტარული პოლიტიკა

თბილისი (BPI) – ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების ტრენდი და მის პერსპექტივაზე ისაუბრეს ეკონომისტმა და  საბანკო პროდუქტების ექსპერტმა, დათო კიკვიძემ  და  და ილიაუნის ბიზნესსკოლის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა  საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში ისაუბრეს.

დავით კიკვიძის განცხადებით, ლარის კურსი რეალურ წონასწორულ ნიშნულს უახლოვდება. მიუხედავად მოახლოებული საახალწლო ხარჯების, ეროვნული ვალუტა სავარაუდოდ, გამყარების ტრენდს შეინარჩუნებს და მომავალი წლის პირველ კვარტალში ჩვენი ეკონომიკის შესაბამისი რეალური გაცვლითი კურსი გვექნება.

„ლარის გამყარებას მე უფრო მოლოდინების ტალღის გადასვლას დავაბრალებდი და დაგეთანხები გიორგი, რომ ლარი რაღაც ეტაპზე მგონი ნამდვილად გამყარების რეალურ წონასწორულ მომენტს უახლოვდება, რაც ეკონომიკას დღევანდელ ვითარებას შეესაბამება. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალი წლის პერიოდი მოდის, რასაც ისტორიულად ეკონომიკური სუბიექტების გააქტიურება ახასიათებს, როცა ისინი მეტ ფულს ხარჯავენ, რაც ლარის კურსზე ცოტა წნეხს იწვევს ხოლმე. თუმცა თუ გადავხედავთ ბოლოდროინდელ მომენტებს, საახალწლოდ გაზრდილი დანახარჯების მიუხედავად, იმედს ვიტოვებ, რომ ეს გამყარების ტრენდი შენარჩუნდება და მომავალი წლის პირველ კვარტალში რეალური გაცვლითი კურსის ის მაჩვენებელი გვექნება, რაც ჩვენს ეკონომიკას შეესაბამება“, – განმარტა კიკვიძემ.

მისი განცხადებით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გამყარების ტრენდი რომ შენარჩუნდეს, მნიშვნელოვანია, ლართან დაკავშირებით ზედმეტი საუბარი შეწყდეს და პოზიტიური განცხადებები გაკეთდეს. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ შეთანხმებული პოლიტიკა უნდა გაატარონ. მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში მშვიდ პოლიტიკურ გარემოსაც.

„ეკონომიკის დაუწერელი კანონია, რომ პოლიტიკური პროცესები, გარე და შიდა ფაქტორები, რაც ეკონომიკასთან პირდაპირ კავშირში არ არის, როგორც წესი ეკონომიკაზე ყოველთვის ზეგავლენას ახდენს, მათ შორის კურსზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა მიმდინარე ეტაპზე არის კურსი, ფაქტობრივად ყველა მოვლენა, რაც ქვეყნის შიგნით და გარეთ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ხდება – ავტომატურად კურსზე აისახება. თანაც საზოგადოებაში ყველა რატომღაც ლარზე ლაპარაკობს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ამასთან შეხება. ეს ფონს ქმნის. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიტიკური მოვლენები, როგორც შიდა, ასევე გარე, ლარის კურსზე ცალსახად მოქმედებს. რაც უფრო მშვიდი პოლიტიკური გარემო გვექნება, პირველ რიგში ქვეყნის შიგნით, ეს თავისთავად ეკონომიკაზე და შესაბამისად, ლარის კურსზეც დადებითად აისახება“, – აცხადებს კიკვიძე.

მისივე განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გაზრდილმა ნაკადებმა კურსზე დადებითი გავლენა მოახდინა. თუმცა ინვესტიციების არათანაბარი გადანაწილება რეგიონებზე ის უარყოფითი ფაქტორია, რაზეც მთავრობამ ბევრი უნდა იმუშაოს.

ილიაუნის ბიზნესსკოლის ხელმძღვანელი და გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანის გიორგი აბაშიშვილის განმარტებით კი, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ის არის, რომ ინვესტორებს რეგიონების საინვესტიციო პოტენციალი აჩვენოს. „ჩვენი რეგიონები ბევრად უფრო მიმზიდველია, ვიდრე მხოლოდ თბილისი“, –აღნიშნავს აბაშიშვილი.

„ინვესტიციები რეგიონებში საკმაოდ არათანაბრად არის გადანაწილებული. სამი კვარტლის განმავლობაში ქვეყანაში შემოსული 909 მილიონი აშშ დოლარის უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობიდან მხოლოდ 2.5 მილიონი რომ მიდის რეგიონში, აჩვენებს, რომ ინკლუზიური განვითარების საკითხი სერიოზულად დგას ქვეყნაში. რეგიონული პოლიტიკა მეტად უნდა განავითარონ განსაკუთრებით, საინვესტიციო მიმართულებით. როცა საინვესტიციო ფორუმები ტარდება, აქცენტი მხოლოდ კონკრეტულად ქვეყანაზე კი არ უნდა გაკეთდეს, არამედ მისი კონკრეტული რეგიონების მნიშვნელობაზე. ვერ წარმომიდგენია, რომ მაგალითად გურია იყოს რეგიონი, სადაც სამი კვარტლის განმავლობაში მხოლოდ 2.5 მილიონი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იხარჯებოდეს. ათჯერ ან ასჯერ უფრო მიმზიდველია გურიის საინვესტიციო პოტენციალი. მთავრობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ჩემი აზრით, არის ის, რომ ინვესტორებს ერთის მხრივ, მთლიანად ქვეყნის პოტენციალი დავანახოთ, რაც კარგი გაგებით კარგად არის შეფუთული, მაგრამ უფრო მეტი გაშლა გვჭირდება რეგიონების კუთხით. ჩვენი რეგიონები ბევრად უფრო მიმზიდველია და საინტერესო, ვიდრე თბილისი“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

აღნიშნულ საკითხზე საბანკო პროდუქტების ექსპერტი  დათო კიკვიძე განმარატვს, რომ ამ კუთხით სასურველია, რეგიონებში სხვადასხვა სახის ეკონომიკური შეღავათები დაწესდეს. მისი  მტკიცებით, რეალურად საქართველო არის თავკომბალასავით – თბილისი და ბათუმი. ეკონომიკის სამინისტრომ სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ ეკონომიკური აქტივობა თბილისისა და ბათუმის გარეთ გავიდეს და მსხვილ ქალაქებში გადანაწილდეს.

„საკმაოდ რთულია, ერთიანად ბევრი რეგიონი მოიცვა და იქ გარკვეული ღონისძიებები ჩაატარო, მაგრამ ძირითადი ქალაქები, როგორიც არის თუნდაც თელავი, ზუგდიდი, ჩოხატაური, ოზურგეთი, მნიშვნელოვანი რეგიონული ქალაქები, რომლებმაც ინვესტორს საინტერესო პოტენციალი შეიძლება დაანახონ არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ შიდა წარმოების კუთხით, ნელ-ნელა ასეთი ქალაქების განვითარება უნდა დავიწყოთ. თუნდაც გარკვეული საგადასახადო ან სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური შეღავათები დაწესდეს ამ რეგიონებში“, – აცხადებს კიკვიძე.

შემდეგი მიმართულება, რაც ლარის კურსზე დადებითი გავლენა მოახდინა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გაზრდილი ნაკადია.  როგორც აბაშიშვილი აცხადებს, , ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით ქვეყანა სრულყოფილად ვერ სარგებლობს, რადგან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ გარეთ გაედინება.

„როცა ტურიზმზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რეალურად დარჩეს ქვეყნაში. ამის ერთი მთავარი ფაქტორი ის არის, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს. სამწუხაროდ ხდება ისე, რომ ქვეყნის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ერთი დიდი ნაწილი ქვეყნიდან სწრაფადვე გადის. ეს არის მეორე ტიპის გამოწვევა ეროვნული ვალუტის კურსის ნაწილში, რომ ეს თანხები ადგილზე დავამაგროთ. ამ ნაწილში გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა გვჭირდება“, – განმარტა აბაშიშვილმა.

 

შემთხვევითი სიახლე

მთავრობა ამბობს, ანაკლიის კონსორციუმს პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს

თბილისი (BPI) – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. კონსორციუმს ასევე მოუწევს სახელმწიფოს დაუბრუნოს …