კორონავირუსის ეფექტი – დახურული რესტორნები და კაფე-ბარები

თბილისი (BPI) – კორონავირუსის საფრთხის პრევენციის მიზნით დახურულ კაფე-ბარებზე, რესტორნებზე და ზოგადად ე.წ. ჰორეკას სექტორის პრობლემებზე ისაუბრა პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნოორში“  გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის ბორდის წევრმა და დამფუძნებელმა გურამ ბაღდოშვილმა.

მისი ინფორმაციით, ასოციაციაში უკვე შედის ინფორმაცია თანამშრომლების გათავისუფლების ან ხელფასების ნაწილობრივ გადახდის შესახებ.

„შემოდის ასოციაციაში ზარები და გვეუბნებიან, რომ რაღაც ნაწილი სამსახურიდან გაგვათავისუფლეს, ზოგმა სასტუმრომ თითქმის 70 პროცენტზე ნაკლები ხელფასი გადაუხადა პერსონალს, ზოგმა 50 პროცენტი გაათავისუფლა ან ე.წ. სტენდ-ბაი [სათადარიგო] რეჟიმში გადაიყვანა. ეს წარმოუდგენელი ციფრია. წარმოიდგინეთ რამხელაა ჰორეკას სექტორი და რამდენი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე, ყველას მიკროკრედიტი აქვს გადასახდელი ვინც აქ მუშაობს და არანაირი დანაზოგი, არავინ ელოდა ამ კრიზისს“, – განაცხადა ბაღდოშვილმა.

თუმცა მისი აზრით, იმ რესტორნებმა, ვისაც საშუალება აქვთ მიტანის სერვისზე უნდა გააგრძელონ მუშაობა, რომ ეს ბიზნესი ისევ არ ჩაიძიროს.

„დღეს ჩემი რესტორანი ზარალზე მუშაობს, რადგან არ არის დიდი ბრუნვა და 4-5 ადამიანი ყველაზე ცოტა უნდა დავიტოვო და ვამუშაო. ზუსტად ამიტომაც ვართ, რომ ვისაც ამის საშუალება გვაქვს, გატანით სერვისზე გავხსნათ რესტორნები და დავიტოვოთ ასეთი ე.წ. სარკმელი, რომ არ ჩაიძიროს ეს ბიზნესი, რადგან საქართველო მრავალი წელი დასჭირდა რომ 90-იანების ჭაობიდან ამოსულიყო“, -განაცხადა ბაღდოშვილმა.

ასოციაციის ბორდის წევრის და დამფუძნებლის განმარტებით, მოცემულ მდგომარეობაში, როდესაც ფაქტობრივად სახელმწიფო დაპაუზებულია, ჰორეკას სექტორში საგანმანათლებლო პროექტები არ უნდა გაჩერდეს.

მისი აზრით, კორონავირუსის გადავლის შემდეგ, არ არის გამორიცხული, საქართველო ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული მიმართულება გახდეს, რადგან გარკვეულმა საქართველოზე ბევრად განვითარებულმა ქვეყნებმა ვერ მოახერხეს კორონას შემაკავებელი ზომების მიღება ისე ეფექტურად, როგორც საქართველომ. ამიტომ ჰორეკას სექტორში კვალიფიცირებული კადრი მოთხოვნადი იქნება.

როგორც ბაღდოშვილი განმარტავს, არ არის გამორიცხული, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი პირველი წერტილი, სადაც ტურიზმი მოაწვება, რადგან ასეთი პატარა ქვეყანა ვართ და ასე ცოტა ადამიანი გვყავს დაავადებული.

„მთელი ქვეყანა მხარს უჭერს ერთმანეთს ამ კრიზისში და ვცდილობთ, თავი დავიცვათ, არ ვიყოთ კომუნიკაციაში ისე ხშირად, როგორც ქართველებს გვიყვარს. ევროპის ზოგიერთ ქალაქში ბაგა-ბაღი და სკოლაც კი არ არის დახურული, ისე უპასუხისმგებლოდ უდგებიან საკითხს. ჩვენ საქართველოში ძალიან აქტიურად ვებრძვით კორონას. რაც შეეხება მომავალ ტურიზმს საქართველოში, სამწუხაროდ, შეჩერდა გასტრონომიის აკადემია, რომელიც ახლა დაარსდა და აპრილიდან პირველ კურსზე დაახლოებით 100 ადამიანის გადამზადების დაწყებას აპირებდა. მათ მსოფლიო სტატუტის სერტიფიკატი უნდა მიეღოთ. სამწუხაროდ, ეს პროექტი გაჩერდა და იმედია, მხოლოდ შემოდგომამდე“, – აცხადებს ბაღდოშვილი.

მისი ინფორმაციით, გასტრონომიის აკადემია პირველ კურსს აპრილის ნაცვლად, სავარაუდოდ, შემოდგომაზე მიიღებს.

როგორც ბაღდოშვილი განმარტავს, ტურიზმი და სარესტორნე ბიზნესი რომ მყარად იდგეს, აუცილებელია სოფლის მეურნეობა განვითარდეს.

ბაღდოშვილმა ჰორეკას სექტორში იმპორტის ადგილობრივი პროდუქტით ჩანაცვლების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება და მზადყოფნა გამოთქვა, რომ კორონავირუსის საფრთხის გადავლის შემდეგ, სახელმწიფოსთან ამ მიმართულებით ითანამშრომლოს.

„თუ დადგება საკითხი, რომ სახელმწიფო ჩვენგან, რესტორატორებისაგან დახმარებას მოითხოვს, მე ჩემი სახელით ვიტყვი და ვფიქრობ, ბევრი კოლეგა დამეთანხმება, დავსხდებით და დავდოთ სქემა, როგორ დავეხმაროთ სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში. სამწუხაროდ, ჰორეკა საქართველოში ფუნდამენტის გარეშე აიგო და იმპორტზე ვიყავით დამოკიდებული. აუცილებელია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც გააკეთოს ფოკუსი რეგიონებში სათბურების გახსნაზე, რომ შიდა პროდუქტი ვაწარმოოთ როგორც მოსახლეობის მოსამარაგებლად, ასევე ტურიზმისთვის. დანარჩენი რაც შეეხება ეგზოტიკურ ხილსა და პროდუქტს, ყოველთვის იქნება საშუალება, რომ იმპორტით შემოვიტანოთ.

მაგრამ თუ სახელმწიფო და ტურიზმი მყარ ფუნდამენტზე არ იდგება, ეს არის ზუსტად პრობლემა. სამწუხაროდ, ბევრი რამ აშენდა და გაკეთდა ისე, რომ სახელმწიფოს პრაქტიკულად დრო არ ჰქონდა ყველაფერი ანიდან ჰოემედე გაევლო. ახლა ვეცდებით, სწრაფად მოვიგონოთ ახალი ველოსიპედები. ვფიქრობ და ალბათ გლეხიც დამეთანხმება, რომ აუცილებელია სოფლის მეურნეობა განვითარდეს იმისათვის, რომ ხვალ სარესტორნე ბიზნესი მყარად იდგეს ფეხზე“, – აღნიშნავს ბაღდოშვილი.

 

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე ლოკოკინების …