კონსტანცადან ფოთის ნავსადგურში ბორანი დღეს, 20:00 საათზე შემოვა

კონსტანცადან ფოთის მიმართულებით, 27 ივნისს, E60 Shipping Line-ის მიერ განხორციელებული პირველი რეისი დაიწყო. ბორანი ფოთის ნავსადგურში უკვე დღეს, 20:00 საათზე შემოვა, რაც იქნება პირველი წარმატებით შესრულებული საბორნე მიმოსვლა რუმინეთსა და საქართველოს შორის. ფოთიდან კონსტანცაში კი აღნიშნული
ბორანი 30 ივნისს გაემგზავრება და რეგულარულად იმოძრავებს. როგორც E60 Shipping Line-ში განმარტავენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა გადამზიდავებისთვის და ზოგადად სატრანსპორტო სექტორისთვის და არის საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი.
კონსტანცას ნავსადგურში საბაჟო პროცედურების გავლას და ბორნის დატვირთვას მხოლოდ 6 საათი დაჭირდა. გზა რუმინეთიდან საქართველომდე კი მხოლოდ 42 საათს დაიკავებს, რა დროის მანძილზეც მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა განთავსდნენ კომფორტულ კაიუტებში და ისარგებლონ ბორტზე არსებული რესტონით, ბარით,
გასართობი სივრცით და Duty Free მაღაზიით.
190 მეტრიანი ბორანი სახელწოდებით “Vilnius”-ი, რომელიც ქართულმა კომპანია E60 Shipping Line-მა დაფრახტა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საგზაო მარშრუტის – E60-ის შავ ზღვაზე გამავალ მონაკვეთს ემსახურება, რითიც ეს მარშრუტი ბოლომდე იკვრება, რაც არ მომხდარა მისი არსებობის დღიდან.
ფოთი – კონსტანცას საბორნე ხაზი, უმოკლესი გზაა კავკასიის და შუა აზიის ქვეყნების ევროპასთან დასაკავშირებლად, მას ალტერნატივა არ აქვს და დიდი მნიშვნელობის მქონეა ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. მის გამართულად მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური შუა კორიდორის არსებობისა და განვითარებისთვის.
E60 Shipping Line არის ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები – Inex Group,  საერთაშორისო ფინანსური, სატელეკომუნიკაციო და ტურისტული სერვისები.

შემთხვევითი სიახლე

ჩაერთე Mastercard-ის ფინანსური განათლების პროგრამაში – რეგისტრაცია 30 იანვარს სრულდება

თუ გსურს, ისწავლო  პირადი ფინანსების მართვა ეფექტურად, მიიღო დამოუკიდებელი ფინანსური გადაწყვეტილებები  და დაიწყო სვლა მომავალი …