კონკურენციის სააგენტომ ორი კომპანიის კონცენტრაციასთან დაკავშირებით მორიგი ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანიის” მომართვის საფუძველზე შპს „ლევორის” წილის შეძენასთან დაკავშირებით, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. კონცენტრაციის მონაწილე მხარეები მოქმედებენ სხვადასხვა შესაბამის ბაზრებზე, კერძოდ, შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანიის” საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ალკოჰოლური სასმელების და სხვადასხვა საკვები პროდუქტების რეალიზაცია, ხოლო შპს „ლევორის”- საოჯახო ჭურჭლით და საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობა.

„კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე” კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის N39 ბრძანების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ მოსაზრებები მოსალოდნელ კონცენტრაციასთან დაკავშირებით, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 2 დეკემბრისა, სააგენტოს ელ. ფოსტაზე info-gca@competition.ge ან მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N154, მე-10 სართული.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და, ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს.

სააგენტო კონცენტრაციის შესახებ შეტყობინებას განიხილავს 25 სამუშაო დღის ვადაში და აფასებს კონცენტრაცია თავსებადია თუ არა ნორმალურ კონკურენტულ გარემოსთან. თუ საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას ან არსებობს ეჭვი, რომ კონცენტრაცია შეიძლება არ იყოს თავსებადი, იწყება მეორე ფაზა, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 90 სამუშაო დღეს.

სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში, განისაზღვრება ჯარიმა – მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს ერთ კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა, 2-ზე კი ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს.

 

შემთხვევითი სიახლე

“ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო

რუსულმა ენერგეტიკულმა კომპანია “ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სტოკჰოლმის …