კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ტექნიკით ვაჭრობის სექტორში მომხმარებლის უფლებების კანონის დარღვევის პირველი ფაქტი დაადასტურა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „ნიუ ბოტის“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა.

საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად, შპს „ნიუ ბოტის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დადგინდა. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან – მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დარღვევის ფაქტი დადასტურდა. შესაბამისად, ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა – მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

საქმესთან დაკავშირებით, სააგენტოს განცხადებით სამმა განმცხადებელმა მომართა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მოვაჭრისგან დისტანციურად ე.წ ჭკვიანი მტვერსასრუტი შეიძინეს, თუმცა შეძენილი საქონელი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. მომხმარებლები მიუთითებდნენ, რომ საქონლის შეძენამდე მოვაჭრეს ინფორმაცია საქონლის მახასიათებლების თაობაზე არ მიუწოდებია, ასევე მათ არ ჰქონიათ ინფორმაცია საგარანტიო სერვისის და პირობების სარგებლობის თაობაზე.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა. ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

ინფორმაციისთვის: 2022 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე, სააგენტოში სულ შემოსულია – 110 განაცხადი. საქმის შესწავლა 60 ქეისზე დაწყებულია. მომხმარებლის სასარგებლოდ გაფორმდა 11 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება.

დოკუმენტის ნახვა

შემთხვევითი სიახლე

სებ-ი ციფრული ლარის პროექტის შემდეგ ეტაპზე გადადის და ტექნიკური პარტნიორი კომპანიების მოწვევას ასრულებს

ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობის გაზრდისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს …