კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 1 ნოემბრიდან დღემდე მომხმარებლის სასარგებლოდ ოთხი გადაწყვეტილება მიიღო

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2022 წლის 1 ნოემრიდან დღემდე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 84 განაცხადი მიიღო, საიდანაც 47 საქმეზე შესწავლა დაიწყო.

საკითხის შესწავლის პროცესში, 4 საქმეზე სააგენტომ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს პასუხისმგებლობა შეცვალონ საქმიანობის შიდა პოლიტიკა და აღადგინონ იმ მომხმარებელთა უფლებები მათ მიმართ, ვისაც წარსულში მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

იმ შემთხვევაში, თუ მოვაჭრე სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს მის მიერ აღებულ პირობით ვალდებულებას, საქმის შესწავლა განახლდება და შესაძლოა პირს ჯარიმა დაეკისროს.

საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი განცხადებების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეადგენს 36%, ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან დაბრუნება 26%, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვა 20%, ნივთის უპირობოდ დაბრუნება 5%, აგრესიული კომერციული საქმიანობის აკრძალვა 2% და სხვა მოთხოვნები 11%.

მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 80% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 20% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, ამ ეტაპზე, თბილისი 97%-ით ლიდერობს.

ორი თვის განმავლობაში, შემოსული განაცხადების მიხედვით, 68%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 20%-ს, ინფორმაცია და კომუნიკაცია 2%-ს და სხვა სახის საქმიანობა 10%.

ინფორმაციისთვის: მომხმარებელტა უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულება კონკურენციის ეროვნულმა სააგენტო 2022 წლის 2 ნოემბრიდან დაიწყო. კანონის მიხედვით ნებისმიერ პირს, დარღვევის ჩადენიდან 2 წლის ვადაში, უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. სააგენტო საქმის შესწავლას იმ შემთხვევაში იწყებს, თუ აქვს ინფორმაცია, რომ ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებები.

დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან/და აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, ხოლო 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტოში მოქმედებს ცხელი ხაზი (032) 2 05 4422; 598 05 4422 და ელ-ფოსტა: consumer@gnca.gov.ge

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …