კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ მოადგილეებთან და დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად, 2022 წლის, საქმიანობის შედეგები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილა.

შედეგების მიხედვით, 2022 წელს, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაციის, საავტომობილო საწვავის ბაზრის (დიზელი, ბენზინი) და შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების მონიტორინგები დაასრულა. ფარმაცევტული ბაზრის შესწავლის ფარგლებში, 13 რეკომენდაცია გაიცა. საავტომობილო ბაზარზე, ვითარების გარკვევის მიზნით, მოკვლევის პროცესი მიმდინარეობს. კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, 2022 წელს, სულ 15 რეკომენდაცია გაიცა. მიმდინარე რეჟიმში რჩება – საავტომობილო საწვავის ბუნებრივი და თხევადი გაზის(LPG/CNG) და საბანკო დაწესებულებებში სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზების ბაზრის მონიტორინგები.

სააგენტო, ამ ეტაპზე, მოკვლევის 4 საქმეს განიხილავს – საავტომობილო საწვავის ბაზარზე შეთანხმებული ქმედების სავარაუდო ფაქტს; მუნიციპალური პროექტების ზედამხედველობის სექტორში ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო ფაქტს; ავტო მომსახურების სექტორში – ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო ფაქტს და საზღვაო გადაზიდვების სექტორში – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო დარღვევის შემთხვევას. ასევე, მიმდინარე რეჟიმში რჩება 2 საქმე, რომელიც მარეგულირებლებთან ერთად განიხილება.

2022 წელს, დასრულდა 3 მოკვლევა: 1. სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სადაც დარღვევა არ დადასტურდა, მაგრამ 2 რეკომენდაცია გაიცა. 2. ტურისტულ სექტორში, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე, სადაც დარღვევა დადასტურდა, მოპასუხე კომპანიას ფინანსური სანქცია დაეკისრა და კანონდარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა დაევალა და 3. სათარჯიმნო-მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში, სადაც კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების ფაქტი დადგინდა. მოკვლევის შედეგად, ორი მოპასუხე ეკონომიკური აგენტის და ერთ-ერთი მთარგმნელ-თარჯიმნის მიერ კანონდარღვევის ფაქტი დადასტურდა. ასევე, საანგარიშო პერიოდში, უწყებამ დაუშვებლად ცნო 2 საჩივარი.

2022 წელს, საქართველოში რეგისტრირებული 15 395 კომპანიის გაერთიანება (კონცენტრაცია) იქნა გადამოწმებული. სააგენტომ 6 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. აქედან, 2 გაერთიანება სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა. შესაბამისად, ეკონომიკურ აგენტებს 60 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.

2022 წლის 1 ნოემბრიდან, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, განცხადებების მიღება და განხილვა დაიწყო. ნოემბერი-დეკემბრის თვეში, სააგენტოში სულ 84 განაცხადი შემოვიდა, აქედან 47 ქეისზე საქმის შესწავლა დაწყებულია. სააგენტოსა და მოვაჭრეებს შორის გაფორმდა 4 პირობითი ვალდებულება და მოვაჭრეებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ აღადგენენ მომხმარებლების დარღვეულ უფლებებს და შეცვლიან საქმიანობის შიდა პოლიტიკასა და წესებს . მიმდინარე წელს მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან, 30-ზე მეტი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მიმდინარე წელს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „TWINNING“-ის პროექტი დაიწყო. რომლის მიზანია – ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკის მიმართულების გაძლიერება, საქართველოში მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესა და დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. ასევე, მიმდინარე რეჟიმშია – USAID Georgia HICD Activity-ის პროექტი – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სისტემის განვითარება და პოლიტიკის მართვის ჩამოყალიბება.

მიმდინარე წლის 16-17 ნოემბერს, ხუთი მარეგულირებლის ორგანიზებით, საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობა – 250-მდე მონაწილემ, 20 ქვეყნის დელეგაციამ, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს. საერთაშორისო კონფერენციამ, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და შეფასებები მიიღო. შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურ ფორმატში დაიგეგმა.

2022 წელს, ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, გაიმართა არაერთი ღონისძიება, გაფორმდა მემორანდუმები და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის ფორმატები. სამუშაო შეხვედრაზე, სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ თანამშრომლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული 2023 წელი უსურვა.

შემთხვევითი სიახლე

სებ-ი ციფრული ლარის პროექტის შემდეგ ეტაპზე გადადის და ტექნიკური პარტნიორი კომპანიების მოწვევას ასრულებს

ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობის გაზრდისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს …