კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზრის მონიტორინგი დაასრულა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს პარლამენტის წევრის მომართვის საფუძველზე, შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზრის მონიტორინგი განახორციელა. საკითხის შესწავლის პროცესში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დამუშავდა ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობა, განისაზღვრა როგორც პროდუქციული, ასევე გეოგრაფიული საზღვრები და დროითი ჩარჩო, ჩატარდა შესაბამისი ბაზრის რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზი, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საექსპორტო დონეზე.

მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ ბაზრის წლიური მოცულობა მცირეა და 2 მილიონ ლარს არ აღემატება. შუშის ნარჩენების შეგროვების ბაზარზე, ბოლო პერიოდში, ახალი კომპანიის შესვლა ფიქსირდება, რის შედეგადაც გაიზარდა შეგროვებული ნარჩენის რაოდენობა, სარეალიზაციო ფასი და ასევე იმ ფიზიკური/იურიდიული პირების რაოდენობაც, რომელთაგანაც შუშის ნარჩენების შეგროვება ხორციელდება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, 2030 წლისთვის უნდა მოხდეს გენერირებული შუშის ნარჩენის 80%-ის რეციკლირება. შესაბამისად, სააგენტოს პოზიციით, ამ ეტაპზე, აღნიშნული სამიზნე მაჩვენებელი გამოწვევას წარმოადგენს, რისი მიღწევის პირობებში მოსალოდნელია ბაზრის მოცულობის ზრდა.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზარზე საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ გამოიკვეთა. შესაბამისად, განგრძობადი დაკვირვების წარმოების საფუძველი არ არსებობს.

2022 წელს, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაციის და საავტომობილო საწვავის ბაზრის (დიზელი, ბენზინი) მონიტორინგები დაასრულა. მიმდინარე რეჟიმშია საავტომობილო საწვავის ბუნებრივი და თხევადი გაზის (LPG/CNG) და საბანკო დაწესებულებებში სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზების ბაზრის მონიტორინგები.

შემთხვევითი სიახლე

კობა გვენეტაძემ ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს საქართველოს სახელმწიფო ბანკის შესახებ გამოცემული წიგნი გადასცა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ჩუნეშში, ცნობილი ქართველი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს …