კონკურენციის ეროვნული სააგენტო 6 თვის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2021 წლის 6 თვის საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს.

ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე პერიოდში, დასრულდა ორი მოკვლევა. შესწავლის პროცესშია – 1 საქმე და 4 საჩივართან მიმართებით სააგენტო დასაშვებადობის საკითხს განიხილავს. ამავე პერიოდში, 2 განაცხადი სააგენტომ დაუშვებლად ცნო. მიმდინარე რეჟიმშია 2 ბაზრის – საავტომობილო საწვავის და ფარმაციის მონიტორინგი. 2021 წელს საპორტო გადაზიდვების ბაზრის მონიტორინგი დასრულდა.

„2021 წლის პირველ ნაახევარში „ჯ და აუდიტ სერვის ჯგუფის“ და Free spirit tours-ის ქეისები დავასრულეთ. პირველ შემთხვევაში დარღვევა დადასტურდა და 4 ეკონომიკურ აგენტებს შესაბამისი სანქცია დაეკისრათ. კერძოდ, ადგილი ჰქონდა კონკრეტულ სახელმწიფო შესყიდვებში ბაზრის გადანაწილებას და შეთანხმებას. მეორე საქმის შემთხვევაში – არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი არ დადასტურდა. დასრულების ეტაპზეა „ალგორითმის“ საქმე. საკითხი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტს ეხება და გადაწყვეტილება ივლისში გასაჯაროვდება.

რაც შეეხება მიმდინარე მონიტორინგების ფარგლებში მიღებულ მონაცემებს – საავტომობილო საწვავის ბაზარზე, იმპორტის დონეზე, ეკონომიკური აგენტების რიცხვი გაზრდილია. 2020 წლის მონაცემებით ბაზარზე 50-მდე იმპორტიორი კომპანიაა და ბაზარი დაბალკონცენტრირებულია. საცალო ბაზარზე მზარდია მცირე ქსელების რიცხვი. 2020 წლის მონაცემებით, საცალო ბაზარზე მოქმედი ხუთი მსხვილი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი შეადგენს 56.5%-ს, ხოლო სხვა კომპანიების ჯამური წილი 43.5%-ის ფარგლებშია. ერთი და იგივე ტიპის საწვავზე, სხვადასხვა ქსელებში, ფასების ფართო დიაპაზონი ფიქსირდება. ბაზარი ამ სეგმენტშიც დაბალკონცენტრირებულია. ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი მოიცავს 2016-2020 წლის პერიოდში ბაზარზე მიმდინარე პროცესების და ვითარების შეფასებას, ანალიზი მიმდინარეობს მედიკამენტების 6 ძირითად ყველაზე მოთხოვნად ჯგუფზე (ჯამში 120 დასახელების მედიკამენტზე). პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს ბაზარზე არსებული ფასების დინამიკაზე დაკვირვება. ჩვენი ინტერესის საგანია – ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზების ანალიზი და მათი თავსებადობა კონკურენციის კანონმდებლობასთან“, – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.

მისივე განმარტებით, 2021 წელს სააგენტომ ფოთის საზღვაო ნავსადგურის საპორტო (სტივიდორული) მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ბაზრების მონიტორინგი დაასრულა. “2016-2019 წლების მიხედვით, მთლიანობაში, სატერმინალო მომსახურების ბაზარზე კონკურენტული გარემოა. ზრდადია აღნიშნულ ბაზარზე მოქმედი სუბიექტების ერთობლივი ბრუნვა, გადამუშავებული საკონტეინერო ტვირთების რაოდენობა და დასაქმებულთა რაოდენობა. ამავე პერიოდში, უცვლელი იყო მომსახურების ტარიფები“, – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

სატერმინალო კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობის შეფასებით, 2017 წელს სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება სატერმინალო ბიზნესსა და კონკურენტულ გარემოზე პოზიტიურად აისახა. კერძოდ, სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ კონკურენციის საწინააღმდეგოდ მიჩნეული კონტეინერების გადამუშავების ახალი სქემისა და საპორტო მომსახურების ახალი კომბინირებული ტარიფის ამოქმედება აკრძალა. შესაბამისად, საკონტეინერო ტვირთის გადამზიდავებს საშუალება მიეცათ – ტვირთის დამუშავებისთვის მათთვის ყველაზე ხელსაყრელი ტერმინალი თავისუფლად აირჩიონ და არ განხორციელდა მომსახურების ფასების ზრდა.

საანგარიშო პერიოდში, “კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონში დამტკიცებული მოთხოვნებიდან გამომდინარე კონკურენციის სააგენტომ რეგისტრირებული ეკონომიკური აგენტების მიერ განხორციელებული კონცენტრაციები შეისწავლა. ამ პერიოდში, ქვეყანაში 7764 კონცენტრაციაა რეგისტრირებული. მიღებული და დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით, ადგილი არ ჰქონია კონცენტრაციას, რომელიც კანონის მოთხოვნათა შესაბამისად სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინებას საჭიროებდა.

ასევე, კონკურენციის კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, რეესტრის წარმოება სააგენტოს დაევალა. მისი მიზანია უწყებას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია გაცემული უმნიშვნელო სახელმწიფო დახმარების ოდენობის შესახებ. 2020 წელს ქვეყანაში გაცემულია 390 ერთეული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარება, საერთო მოცულობით – 12 001 136 ლარი, 48 მუნიციპალიტეტისგან არ გაცემულა. რეესტრის მიხედვით, 2020 წელს, ყველზე მეტი დახმარება განათლების, სპორტის, კულტურის მიმართულებით გაიცა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 3 საქმის მონკვლევა და 5 ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. გასცა 4 რეკომენდაცია და 1 კონცენტრაციაზე თანხმობა.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართულ-ესპანური, მწერალთა გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამა გამოცხადდა

საქართველოს ბანკისა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა კვლავ გრძელდება. ამჯერად პროექტის ფარგლებში თბილისის …