კონკურენცია ნავთობის ბაზარზე მნიშვნელოვნად გაზრდილია – ირაკლი ლექვინაძე

თბილისი (BPI) – ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ჯანსაღი კონკურენციის არსებობა ხელს უწყობს ადგილობრივი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბანდებას და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მიიღონ შესაბამისი პროდუქტი და მომსახურება ნაკლებ ფასად, უკეთესი ხარისხით და არჩევანის მრავალფეროვნებით. კონკურენციის ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკას აღასრულებს კონკურენციის სააგენტო, როგორც დამოუკიდებელი უწყება. სწორედ ამიტომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, სრულად უზრუნველყოფს თუ არა არსებული რეგულაციები ქვეყანაში კონკურენციის დაცვასა და ხელშეწყობას. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები: სააგენტოს არ აქვს დამტკიცებული შედეგზე ორიენტირებული სტრატეგია, ხოლო სამოქმედო გეგმა არის ზოგადი და საჭიროებს დეტალიზებას.

უმაღლესი აუდიტორულ ორგანოში  აცხადებენ, რომ სააგენტოს არ გააჩნია შესათანხმებელი კონცენტრაციების გამოვლენის შესაძლებლობა და არც მისი გვერდის ავლით გაერთიანებული კომპანიების განცალკევების საშუალება. არსებობს რისკი, რომ ეკონომიკურმა აგენტებმა, რომელთა გაერთიანებამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ბაზარზე კონკურენტულ გარემოს, სააგენტოს თანხმობის გარეშე მოახერხონ შერწყმა, ვინაიდან კონცენტრაციის შესახებ შეტყობინება მთლიანად დამოკიდებულია ეკონომიკური აგენტების კეთილსინდისიერებაზე.

მათი ინფორმაციით სააგენტო ბაზრის შესწავლას არ ახორციელებს რისკზე დაფუძნებული მიდგომით. შესაბამისად, მაღალია ისეთი სფეროების შესწავლის ალბათობა, სადაც შესაძლოა ეკონომიკური აგენტების მხრიდან ანტიკონკურენციული ქმედებები საერთოდ არ გამოვლინდეს ან მათი გავლენა იყოს უმნიშვნელო.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ სააგენტოს ბაზრის მონიტორინგის პროცედურები განხორციელებული აქვს ეკონომიკური სუბიექტებიდან შეზღუდულად მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. შესაბამისად, ბაზრის მონიტორინგის ანგარიშის მიგნებები შესაძლოა განსხვავებული ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ გაანალიზდებოდა ყველა საჭირო მონაცემი. არსებული პრაქტიკით, შესაძლებელია სააგენტომ საერთოდ ვერ მოახერხოს ისეთი სამიზნე ბაზრების მონიტორინგი, სადაც ერთი ან რამდენიმე მოთამაშე ფლობს დომინირებულ მდგომარეობას და უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე. სააგენტოს აღნიშნულ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის არ გააჩნია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება.

„კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აფასებენ უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ანაგარიშს კონკურნეციის სააგენტოში, ამ და სხვა საკითხებზე  მედიაჰოლდინგთან სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლრექვინაძე საუბრობს:

„დიახ, უნდა დაგიდასტუროთ,  რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს, ამ ეტაპზე, არ აქვს გრძელვადიანი სტრატეგია. ამ თემაზე მუშაობა დაგეგმილი გვაქვს დონორებთან ერთად. მოგეხსენებათ, პარლამენტში ინიცირებულია რამდენიმე კანონპროექტი, რომელიც უშუალოდ ეხება სააგენტოს სტრუქტურულ და შინაარსობრივ გადაწყობას, ახალი ფუნქციების დამატებას. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი. გრძელვადიანი სტრატეგიაც ამ ცვლილებებს უნდა პასუხობდეს და შესაბამისად იქნება ფორმირებული.

ამ ეტაპზე, გვაქვს 1 წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც პასუხობს აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში განსაზღვრულ რეკომენდაციებს. მათ შორის, ბევრი მათგანი პროცესშია და ასახულია მისაღებ კანონპროექტებში.

პარლამენტში ინიცირებული „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის მიხედვით, სააგენტოს აღსრულების ნაწილი ხდება უფრო ქმედითი და ეფექტური. მათ შორის, ინფორმაციის მოწოდების ვალდებულების ნაწილში, ასევე სხვა მოვალეობების აღსრულების ნაწილში.  დაგეგმილი გვაქვს ბაზრის მონიტორინგის დაწყების ჩარჩო დოკუმენტის შექმნა, თუ რა რისკების შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი დაწყება და როგორ უნდა მოხდეს რისკის შემცველი ბაზრების პრიორიტეტიზაცია.

აუდიტის სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებში აღნიშნულია სამიზნე ჯგუფებთან საინფორმაციო შეხვედრების გაძლიერება. 2020 წელი ამ მიმართულებით დავიწყეთ ძალიან აქტიურად. შეხვედრები შედგა, როგორც მედიის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა ბაზრის სექტორის ექსპერტებთან, მოკვლევისა და მონიტორინგის ფარგლებში მონაწილე სუბიექტებთან, ასევე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რომელთა მხრდაჭერითაც დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობების განხორციელება და სააგენტოს საქმიანობის გაძლიერება ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე.

2020 წლის სამოქმედო გეგმის ნაწილია გასვლითი შეხვედრების ჩატარება საქართველოს  სხვადასხვა რეგიონში და რეგიონულ დონეზე კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება.

სიახლეა ისიც, რომ აჭარის რეგიონში, სააგენტოს ძალიან მალე ეყოლება წარმომადგენელი. ასევე, ერთ წლიანი სტრატეგიის ფარგლებში, ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ვგეგმავთ კერძო სექტორში დასაქმებული, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებისათვის შემუშავებული სასწავლო კურსის განხორციელებას.

ამ დროისათვის, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ყველა აქტივობა შეჩერებული გვაქვს და სააგენტო მუშაობს დისტანციურ რეჟიმში. ვმოქმედებთ საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს განსაკუთრებული რეჟიმი მალევე დასრულდება და გავაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას“.

-ამ ეტაპზე, რომელი ბაზრების შესწავლა მიმდინარეობს და როგორია მონიტორინგის შედეგები?

-„მოგეხსენებათ, ამ დროსათვის, მიმდინარეობს 8 ბაზრის მონიტორინგი. აქედან ერთი უკვე დასრულდა – ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზრის შეფასება 2013-2017 წლების მიხედვით. საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, შესასწავლ პერიოდში,იდენტიფიცირებული შესაბამისი ბაზარი თავსებადი იყო კონკურენტულ გარემოსთან. ამასთან ერთად, უახლოეს მომავალში, დავასრულებთ რამდენიმე  მონიტორინგს, მათ შორის, რითეილის სექტორის,  პურ-პროდუქტების, ჩვილ ბავშვთა კვების ბაზარს, ავტოდაზღვევის ბაზარს, რომლის შესახებაც ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ მონიტორინგების უმრავლესობა წლებია უკვე მიმდინარეობს და სადაც რაიმე თემა არ იქნება, რომელიც კვლევის შემდეგ ეტაპზე გადასვლას გულისხმობს, ყველა

მონიტორინგი დასრულდება,

ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა, მათ შორის 2 ახალ მოკვლევაზე, რომელიც მიმდინარე რეჟიმში შემოდის სააგენტოში“.

-როგორია ნავთობის ბაზარის მონიტორინგის შედეგები?

„კონკურენციის სააგენტო ახორციელებს საწვავის ბაზრის მონიტორინგს – მათ შორის, ბენზინი, დიზელი, ბუნებრივი და თხევადი აირი. მინდა გითხრათ, რომ 2013 წელთან შედარებით, იმპორტის და რეალიზაციის ნაწილში ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია.თუ 2012 წელს ბაზარზე წარმოდგენილი იყო 8 იმპორტიორი, დღეს მათი რიცხვი 50-ზე მეტია. გარდა ამისა, გაზრდილია რეალიზაციის ნაწილში არაბრენდული ავტოგასამართი სადგურების წილი, საქართველოს მასშტაბით, მოქმედებს 6 მსხვილი ქსელის და 400 -ზე მეტი მცირე ქსელის ავტოგასამართი სადგური,  კონკურენციაც ამ სექტორებში მნიშნელოვნად გაზრდილია.

რაც შეეხება მსოფლიო ფასების გავლენას, მართლაც,  მარტის დასაწყისიდან მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 40 % -მეტით არის შემცირებული. ხშირად ისმის კითხვა – რატომ არ ხდება მისი მომენტალური ასახვა, გეტყვით, რომ დღეს დაფიქსირებული პლაცის (ჯენოა/ლავერას ბირჟა) ფასი ადგილობრივ ბაზარზე ასახვას პოვებს, დაახლოებით, 3–5 კვირის შემდეგ, მას შემდეგ, რაც შესყიდვის

შემდეგ მოხდება ლოჯისტიკური, საბაჟო და ქსელში განთავსების პროცედურების გავლა, არსებული მარაგების ამოწურვა. გასათვალისწინებელია, ასევე ადგილობრივი ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში, რომელიც  მარტის დასაწყისიდან, სადღაც, 20%-მდე მაჩვენებლით არის გაუფასურებული. ამ კორელაციის შედეგად, ადგილობრივ ბაზარზე, საწვავზე ფასების შემცირებას შემდეგ პერიოდში უნდა ველოდოთ. ნავთობის ფასის კლების ტენდენცია მსოფლიო ბაზარზე (69$) იანვრიდან ფიქსირდება და აქვე აღვნიშნავ, რომ თებერვლიდან ადგილობრივ ბაზარზე  საწვავზე ფასებმა 15-20 თეთრით იკლო.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ კონკურენციის სააგენტო მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში აკვირდება ბაზრზე არსებულ კონკურენტულ გარემოს და შესაბამისი კითხვების წარმოშობის შემთხვევაში გადავალთ მოკვლევის შემდეგ ეტაპზე“.

commersant.ge

შემთხვევითი სიახლე

საქართველო ექსპორტის მხარდამჭერ 6 ფინალისტ ქვეყანას შორის დასახელდა

თბილისი (BPI) – სააგენტო “აწარმოე საქართველოში” WTPO Awards 2020 ფარგლებში, ექსპორტის სტიმულირების და მხარდაჭერის კუთხით …