კომუნიკაციების კომისია: პოლიტიკური მიკერძოება და ყალბი ინფორმაციის გავრცელება ისევ მაუწყებლების მთავარი გამოწვევაა

კომუნიკაციების კომისია 2021 წლის საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის მესამე ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში მეორე ტურს, 2021 წლის 03 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. თვისებრივი მედიამონიტორინგი 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელს, მათ შორის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას”, “რუსთავი 2”-ს, “ტელეიმედს”, “ტელეკომპანია პირველს” და “მთავარ არხს” ჩაუტარდა. მონიტორინგი საუკეთესო დროს, კერძოდ 19:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდს მოიცავდა, ხოლო საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მონიტორინგი მთელი დღის განმავლობაში ხორციელდებოდა. რაოდენობრივი მედიამონიტორინგი 50-მდე სამაუწყებლო არხზე ჩატარდა. 6 საერთო ეროვნული მაუწყებლის თვისებრივი მონიტორინგისას, კომისიის დაკვირვების საგანს შემდეგი საკითხები წარმოადგენდა: ბალანსი, სიზუსტე, რელევანტურობა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტოვება, ასევე სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია, დისკრიმინაცია და ვიზუალური/აუდიო მანიპულაცია.

წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ საქართველოში მოქმედი ლიბერალური კანონმდებლობის შედეგად, მედია პლურალისტური და მრავალფეროვანია, თუმცა, მკვეთრად პოლარიზებული. “ტელეიმედის“, „ტვ პირველის“ და „მთავარი არხის“ მაგალითზე ნათლად გამოჩნდა, რომ სახეზეა მიკერძოება სხვადასხვა პოლიტიკური მხარის სასარგებლოდ. საინფორმაციო გამოშვებები, ისევე როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები გამოირჩევა ბალანსისა და ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევით. „ტვ პირველის“ და „მთავარი არხის“ ეთერში ისმოდა მძიმე ბრალდებები, რომლებიც არ იყო გამყარებული მტკიცებულებებით, გადაცემის წამყვანები ღიად უჭერდნენ მხარს საარჩევნო სუბიექტებს და მაყურებელს მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ, ისმოდა შეურაცხმყოფელი ლექსიკა და იყენებდნენ სიძულვილის ენას.

აღსანიშნავია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია“ მიმდინარე მოვლენებს მიუკერძოებლად და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით აშუქებდნენ, მათი სიუჟეტები და გადაცემები ამომრჩევლის ინფორმირებას ემსახურებოდა. მიუკერძოებლად აშუქებდა მოვლენებს „რუსთავი 2“-ც, არჩევნებთან დაკავშირებული სიუჟეტები ამომრჩევლის ინფორმირებას უწყობდა ხელს, თუმცა შედარებით მეტი დრო ეთმობოდა „ქართული ოცნების“ აქტივობებს, ვიდრე სხვა საარჩევნო სუბიექტებს.

უფრო დეტალურად, 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგები ასეთია:

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებს ძირითადად დაბალანსებულად და ნეიტრალურად აშუქებდა. დრო ეთმობოდა პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა სუბიექტს, ასევე ყველა მნიშვნელოვან და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაციას. ადგილი არ ჰქონია სიძულვილის ენის გამოყენებას, დეზინფორმაციისა და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის“ ეთერში, წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება მიმდინარეობდა შესაბამისი საკანონმდებლო ნორმებისა და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით, მიუკერძოებლად, არადისკრიმინაციულად, მშვიდ ტონში. წამყვანები და ჟურნალისტები იცავდნენ ობიექტურ მიდგომას ყველა წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიისა და არჩევნებში მონაწილე კანდიდატის მიმართ. ადგილი არ ჰქონდა პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვას და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენებას. საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები მიმდინარეობდა დაბალანსებულად, მშვიდ ტონალობაში, ირონიისა და ემოციური ფონის გარეშე.

„ტელეიმედის“ მონიტორინგისას გამოიკვეთა აშკარად მიკერძოებული და პოზიტიური დამოკიდებულება მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატების მიმართ, ხოლო აშკარა ნეგატიური დამოკიდებულება – პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით. დიდი რაოდენობით საეთერო დრო დაეთმო “ქართულ ოცნებას” და მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს, ოპოზიციური ძალები კი ძირითადად ნეგატიურ კონტექსტში შუქდებოდნენ. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში ძირითადად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული. იყო შემთხვევა, როდესაც გადაცემის სტუმარი იყო არხის მფლობელი, რომელმაც ღიად დააფიქსირა საკუთრი ნეგატიური დამოკიდებულება “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ. წამყვანები არ ერიდებოდნენ ირონიული დამოკიდებულების გამოხატვას ზოგიერთი საარჩევნო სუბიექტის მიმართ. აღსანიშნავია შემთხვევები, როდესაც გადაცემაში მიწვეულმა სტუმარმა სიძულვილის ენის შემცველი ლექსიკა გამოიყენა, რასაც წამყვანის მხრიდან ზოგ შემთხვევაში მოჰყვა მოთხოვნა თავი შეეკავებინათ მსგავსი ლექსიკის გამოყენებისგან, ზოგში კი – არა.

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ აუდიტორიას გადამოწმებულ, ფაქტებზე დაყრდნობილ ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში აწვდიდა. ადგილი არ ჰქონია დეზინფორმაციისა და მანიპულაციის შემთხვევებს. მიუხედევად იმისა, რომ საინფორმაციო გამოშვების ფარგლებში მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა მხარის პოზიცია მოესმინა, არხის მთავარ გამოწვევად კვლავ მხარეთა შორის ბალანსის დაცვა დარჩა. რაოდენობრივი ბალანსი დარღვეული იყო მმართველი პარტიის სასარგებლოდ, პირველი და შემაჯამებელი სიტყვის უფლებითაც უმეტესწილად სწორედ მმართველი პარტიის წარმომადგენლები სარგებლობდნენ. საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების წამყვანები მიუკერძოებლები იყვნენ, მათი მხრიდან ისმოდა კრიტიკული შეკითხვები, როგორც მთავრობის, ისე მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ. თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც სტუმარმა შეურაცხმყოფელი რეპლიკა გამოიყენა, რომელსაც ჟურნალისტის შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.

„ტვ პირველის“ მიკერძოებული დამოკიდებულება კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მიმართ კიდევ უფრო მკაფიო გახდა მეორე ტურში. მაუწყებელი მაყურებელს „საიდუმლო/კონფიდენციალურ წყაროზე“ დაყრდნობით მომზადებულ „ექსკლუზიურ“ მასალებს სთავაზობდა, რომლებიც ხშირად მტკიცებულებებით გამყარებული არ იყო. მომზადებული „ექსკლუზიური“ რეპორტაჟების თემა რეალურად მხოლოდ ჟურნალისტების ეჭვებსა და ვარაუდებს ეფუძნებოდა. მეორე ტურის პერიოდში, დღის საუკეთესო მონაკვეთში გასულ საინფორმაციო გამოშვებებში ხელისუფლების აქტივობა და მაღალი დონის ვიზიტები მხოლოდ უარყოფით კონტექსტში შუქდებოდა, ვიზიტების ნაწილი კი საერთოდ არ გაშუქებულა. „ტვ პირველზე“ მნიშვნელოვან პრობლემად მოვლენების ცალმხრივი და დაუბალანსებელი გაშუქება, ასევე ჟურნალისტების მხრიდან სუბიექტური მოსაზრებების და ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერის ღიად დაფიქსირება რჩება. საანგარიშო პერიოდმა აჩვენა, რომ „ტვ პირველის“ გადაცემები იყო მიკერძოებული და დაუბალანსებელი.

“მთავარი არხი“ მკვეთრად მიკერძოებული იყო ოპოზიციური „კოალიციის“ წარმომადგენლების მიმართ. გამორჩეულად დიდი დრო „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მერობის კანდიდატს ეთმობოდა. საანგარიშო პერიოდში მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტები და წამყვანები ღიად აფიქსირებდნენ ნეგატიურ დამოკიდებულებებს მმართველი პარტიისა და მთავრობის წარმომადგენლების მიმართ. არხის საეთერო დრო ძირითადად მთავრობის და „ქართული ოცნების“ კრიტიკას ეთმობოდა. ანალოგიური ვითარება იყო პოლიტიკურ თოქ-შოუებში და საავტორო გადაცემებში, სადაც წამყვანები თითქმის ყველაფერში ეთანხმებოდნენ რესპოდენტებს, რომლებიც ძირითადად ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ არა წამყვანი და რესპოდენტი, არამედ თანამოაზრეები საუბრობდნენ. წამყვანები სიმპათიებს ოპოზიციისა და მიხეილ სააკაშვილის მიმართ ღიად აფიქსირებდნენ. ხშირი იყო შეურაცხმყოფელი ლექსიკა, ასევე გვხვდებოდა წამყვანის მიერ სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებიც. არხზე ხშირად გადიოდა ცალმხრივი, დაუბალანსებელი სიუჟეტები და ისმოდა დაუსაბუთებელი ბრალდებები.

კომუნიკაციების კომისია წინასაარჩვენო მედიამონიტორინგს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. კომუნიკაციების კომისიის მედიამონიტორები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ევროპის საბჭოს მედიაექსპერტმა, ორგანიზაცია „მემო 98“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რასტო კუზელმა გადაამზადა.

2021 წლის საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მეორე ტურის მედია მონიტორინგის მესამე ანგარიში სრულად იხილეთ აქ.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში 20 ჰა-ზე მეურნეობა მოეწყო

საქართველოს ბანკი მცირე ბიზნესის ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით გურჯაანში 20 ჰა. ფართობზე ვენახი და …