კობა გვენეტაძე – გრძელვადიან პერსპექტივაში მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ყველაზე ნაკლებად ხარჯიანი ალტერნატივაა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ბელგია-ნიდერლანდების ჯგუფში შემავალი ქვეყნების მაღალი რანგის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე, რომელიც 2014 წლიდან ყოველწლიურად ბელგიის ეროვნული ბანკისა და ნიდერლანდის ბანკის ორგანიზებით იმართება, ყურადღება მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე მიმდინარე მაკროეკონომიკურ გამოწვევებს, მაღალ ინფლაციას და მზარდი ფინანსური უთანასწორობის თემების განხილვას დაეთმო.

კობა გვენეტაძემ თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა ცენტრალური ბანკების როლზე და ბოლო პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების ტენდენციებზეც გაამახვილა ყურადღება.

“დღეს ინფლაცია გლობალური ეკონომიკის ალბათ ყველაზე დიდი პრობლემაა, მაშინაც კი, თუ ბოლო რამდენიმე თვე სურსათის, ნავთობისა და ტრანსპორტის გლობალური ფასების უკეთესობისკენ შებრუნების გამო  უფრო იმედისმომცემი იყო. ამ მოვლენების გამო ცენტრალურ ბანკებს საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელზე სწრაფად გაზრდა მოუხდათ. მათგან მოდიოდა სიგნალი, რომ განაკვეთები უფრო დიდხანს დარჩებოდა მაღალ დონეზე. ჩვენი რწმენით, დღეს ჩვენი ეკონომიკებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ყველაზე ნაკლებად ხარჯიანი ალტერნატივაა. უნდა გვახსოვდეს, რომ ფასების სტაბილურობის შენარჩუნების გრძელვადიანი სარგებელი ბევრად აღემატება ეკონომიკური საქმიანობის დროებითი შეზღუდვის მოკლევადიან ხარჯებს”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კონფერენციაში, რომელიც დახურული დისკუსიის პრინციპით გაიმართა, წელს სსფ-სა და მსოფლიო ბანკის ბელგია-ნიდერლანდის ჯგუფში შემავალი ქვეყნების წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა და ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი …