კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, მოგვმართონ ავტოფარეხების აღების თხოვნით – კახა კალაძე

გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონში რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, რის შემდეგაც, რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაახლოებით, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე სხვადასხვა ზონა მოეწყო, სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა განთავსდა და გამწვანების სამუშაოები ჩატარდა.

„ბოლო წლებში სკვერების განახლება-მოწესრიგების არაერთი პროექტი განვახორციელეთ. დავიბრუნეთ რეკრეაციული სივრცეები, რომლებიც გასხვისებული იყო და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. ეს მიდგომა და დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენ ქალაქს, შვილებს მწვანე სივრცეები ძალიან სჭირდება. ამჯერად, გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონის მე-12, მე-13, მე-13ა კორპუსებთან ავტოფარეხების ნაცვლად, კიდევ ერთი სკვერი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, საქანელები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ავტოფარეხების დემონტაჟზე მზაობა გამოთქვან, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს მიმართონ და მათ ადგილას რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა.

„ავტოფარეხები ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან ეს არის უსახური ნაგებობები, ისინი ეზოების დიდ ნაწილს იკავებენ, ზოგს მოსახლეობა არც იყენებს. 2017 წლიდან დავიწყეთ ავტოფარეხების რეკრეაციული სივრცეებით ჩანაცვლების პროექტი. თუ ადგილობრივი მცხოვრებლების თანხმობა იქნება, დედაქალაქის მერია გამგეობებთან ერთად, სადემონტაჟო სამუშაოებს უსასყიდლოდ ასრულებს და შემდეგ, მოსახლეობასთან შეთანხმებით, სხვადასხვა ტიპის პროექტს ახორციელებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დედაქალაქის მცხოვრებლებს აქტიურობისკენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …