ირაკლი ლექვინაძემ და ჯონ ბრაეკეველდტმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

თბილისი (BPI) – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და ევროპული ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, ჯონ ბრაეკეველდტმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. მხარეებმა, კონკურენციის სფეროში, მიმდინარე და დაგეგმილი აქტუალური საკითხები ორმხრივ დონეზე განიხილეს და კავშირების გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

გამომდინარე იქიდან, რომ ევროპული ბიზნეს ასოციაცია კონკურენციის კანონში შესატან ცვლილებებზე სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობდა, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, დღეს არსებული გამოწვევები და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის, ბიზნეს სუბიექტებთან თანამშრომლობის ეფექტიანი მექანიზმები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო პერსპექტივებს და უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგიის გაუმჯობესების მიმართულებებს. ირაკლი ლექვინაძემ ჯონ ბრაეკეველდტს მხარდაჭერისათვის, შეხვედრის ინიცირებისათვის მადლობა გადაუხადა და ევროპული ბიზნეს ასიციაციის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებულ პროექტებში, მათ შორის ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობის პლატფორმაში ჩართვის მზაობა გამოთქვა.

„ვიცით, რომ 2020 წელს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. დაიხვეწა პროცედურული ნორმები, DCFTA-ს შესაბამისად გაიმართა კონკურენციის სააგენტოსა და მარეგულირებელ ორგანოებს შორის თანამშრომლობის ფორმები, დადგინდა კონცენტრაციების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმები. დამუშავების პროცესშია სააგენტოს სტრუქტურული, კოლეგიალური მოწყობის საკითხი. ასევე ვიცით, რომ სააგენტოს სტრუქტურის ქვეშ საქმიანობა დაიწყო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭომ და მისმა აპარატმა, რომელიც ფუნქციონირებს, როგორც სრულიად დამოუკიდებელი ორგანო. 2021 წელს, სააგენტო იწყებს ანტიდემპინგური კანონმდებლობის აღსრულებას, რისთვისაც წინამოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი მომზადდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, ქართული რეალობისათვის სიახლეა და, ვფიქრობ, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ამ უახლოეს პერიოდში მივიღეთ. შესაბამისად, ევროპული მიდგომების გაზიარება, მხარდაჭერა, რეკომენდაციების მიღება, საერთაშორისო და ადგილობრივი კოლეგა უწყებების აქტიური ჩართულობა ჩვენი უწყებისათვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ თქვენ მიერ შემოთავაზებული ინიციატივები, ევროპული ბიზნეს ასოციაცისს წევრებთან დიალოგის ფორმატში შეხვედრები, ასევე ასოციაციის ახალგაზრდების პლატფორმის წარმომდგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმების გაუმჯობესება ორმხრივად საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

„ევროპული ბიზნეს ასოციაციის მისიაა საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა და ვფიქრობ, ეს მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია, ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესი, მათ შორის კონკურენციის სააგენტოსა და მარეგულირებელ ორგანოებს შორის თანამშრომლობის ფორმების კუთხით. დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში მოხდა სააგენტოსა და ჩვენი ასოციაციის სიახლეებისა და აქტივობების ერთმანეთისთვის გაცნობა. ასევე, განვიხილეთ სამომავლო გეგმები და მოხარული ვართ, რომ, კონკურენციის სააგენტომ გამოხატა სურვილი და მზაობა ასოციაციის წევრებთან შეხვედრებში მონაწილეობისთვის, მხარი დაუჭირა ჩვენს ინიციატივებს და ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას“, – განაცხადა ჯონ ბრაეკეველდტმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან კალანდაძე და ევროპული ბიზნეს ასოციაციის სამართლისა და პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ნინო უშიკიშვილი.

შემთხვევითი სიახლე

თიბისი ბანკმა გარემოსდაცვითი მართვის სისტემის სერტიფიკატი – ISO 14001:2015 მიიღო

თბილისი (BPI) – თიბისი ბანკმა გარემოსდაცვითი მართვის სისტემის სერტიფიკატი, ISO 14001:2015 მიიღო. ეს აღიარება ადასტურებს, …