იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.7%-ით შემცირდა

2022 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.7 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 16.2 პროცენტიანი ზრდა.
2021 წლის დეკემბერთან შედარებით ფასები 3.4 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.27 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-0.02 პროცენტი), რამაც -0.02 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების
კლება სასმელებზე (-2.0 პროცენტი). გარდა ამისა, ფასების 5.6 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.48 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები 2.9 პროცენტით გაიზარდა წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე, რამაც 0.07 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 3.1 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის და კარიერების დამუშავების სხვა პროდუქტებზე (16.1 პროცენტი);
• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 21.9 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 17.19 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (12.6 პროცენტი), ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები (193.3 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (41.3 პროცენტი);
• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 10.4 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -1.17 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
• წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.08 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

შემთხვევითი სიახლე

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

17 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9654 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, …