თბილისში, უკვე ორ ლოკაციაზე, – დედაენის ბაღსა და კიკვიძის პარკში თანამედროვე სკეიტმოედნები ფუნქციონირებს

თბილისში, უკვე ორ ლოკაციაზე, – დედაენის ბაღსა და კიკვიძის პარკში თანამედროვე სკეიტმოედნები ფუნქციონირებს. დღეს ეს სკეიტპარკები სკეიტერებს ვეღარ იტევს. ორივე პროექტი, თბილისის მერიის დაკვეთით, სამშენებლო კომპანია „ენსისიმ“ შეასრულა. მათზე სასაუბროდ „ენსისის“ გუნდს ვესაუბრეთ:

„დედაენის ბაღში სკეიტმოედნის მშენებლობა 2020 წლის აგვისტოში დავიწყეთ, ბევრი სირთულის მიუხედავად, 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით, შევძელით 4 თვეში დაგვესრულებინა რეგიონული მასშტაბით საუკეთესო სკეიდმოედანი, რომლის ფართობიც 2800 კვადრატული მეტრია. მშენებლობის პროცესში უმთავრეს გამოწვევას კვალიფიციური ცოდნის და კადრების არარსებობა წარმოადგენდა. როგორც მოგეხსენებათ, სკეიტბორდინგი 2020 წლიდან ოლიმპიური სპორტის სახეობებს შეუერთდა და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მიმართულებით პიონერები გამოვდივართ, გვქონდა ჯანსაღი ამბიცია, რომ ჩვენი სკეიტპარკი ყოფილიყო უმაღლესი ხარისხით შესრულებული, ადგილობრივ ლანდშაფტზე მორგებული ოლიმპიური მოედანი, სადაც შეძლებდნენ ესრიალათ როგორც დამწყებ, ასევე პროფესიონალ სკეიტერებს“, – ამბობს პროექტის ხელმძღვანელი, მათე ნაცვლიშვილი.

კომპანიის დირექტორი, გეგი ქელბაქიანი აღნიშნავს, რომ ასეთი სპეციფიკური კვალიფიკაციის დეფიციტის გამო, პროექტის შემსრულებელ კომპანიას სპეციალისტების მოწვევა ლატვიიდან მოუწია. თუმცა, მშენებლობის პროცესში, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ქართველი სკეიტერებიც იღებდნენ მონაწილეობას.

„მიზნის მისაღწევად მოვიწვიეთ დიდი გამოცდილების მქონე ლატვიური კომპანია Mind Work Ramps, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ევროპის მასშტაბით ბეტონის სკეიტმოედნების მშენებლობაში. მათი დახმარებით, სპეციალურად დედაენის პარკისთვის დაპროექტდა ფიგურები, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. დამკვეთთან ინტენსიური თანამშრომლობით, დაკორექტირდა პარკის მრავალი დეტალი და საბოლოო ჯამში, თბილისში გაჩნდა რეგიონში საუკეთესო სკეიტმოედანი, რომელიც მზადაა, ნებისმიერი სირთულის ტურნირის მასპინძელი გახდეს. მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობის პროცესში უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ჩართული იყვნენ ქართველი სკეიტერები, რომლებსაც უზარმაზარი სურვილი ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ საკუთარი სპორტული მოედნის მშენებლობაში. არქიტექტურული ბეტონირება და შემდეგ მისი ზედაპირის ხელით დამუშავების პროცესი ძალიან ჰგავს სკულპტურის ძერწვას, რასაც ჩვენმა სპეციალისტებმა საკმაოდ სწრაფად აუღეს ალღო და იმედი გვაქვს, მათი სახით ახალი ძალა შეემატა ჩვენს კომპანიასაც და ქვეყანასაც“, – ამბობს გეგი ქელბაქიანი.

კიკვიძის პარკში მდებარე სკეიდმოედანი შედარებით მცირე ზომის არის, 508 მ2-ს მოიცავს. ამდენად, ეს ადგილი ახალგაზრდებისა და მოზარდებისთვის საკუთარი უნარების გამოვლენის ცენტრად იქცა.

სკეიტმოედანი, როგორც ნებისმიერი სხვა საჯარო სპორტული არენა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიმართულებით. მით უმეტეს, ციფრულ ეპოქაში, როდესაც ბავშვები სმარტფონებზე უკვე საგანგაშო ხანგრძლივობით არიან მიჯაჭვული, ასეთი სივრცეები მათ სოციალიზაციას უწყობს ხელს.

„სკეიტმოედნების პოპულარობა კარგი მაგალითია იმისა, რომ ერთის მხრივ, ჩვენი ცხოვრების წესი გავლენას ახდენს გარემოზე. ჩვენ ჩვენი მოთხოვნებით ვართ დამკვეთი, თუ რა უნდა აშენდეს და გაკეთდეს ჩვენს გარშემო, მაგრამ მეორეს მხრივ, სკეიტპარკების მაგალითზე, კარგია, როცა შექმნილი ინფრასტრუქტურა გიბიძგებს და პოპულარულს ხდის გარკვეული ცხოვრების წესს. ამ შემთხვევაში, სკეიტპარკები სულ უფრო პოპულარულს ხდის ჯანსაღი ცხოვრების სტილს.

დღეს დიდი აქცენტი კეთდება რეკრეაციასა და პარკების კეთილმოწყობაზე. თუმცა მათში ინტეგრირებული მოედნები, კიდევ უფრო მეტ შინაარსს აძლევენ ამ პარკებს. ასე, ეს ადგილები ბუნებრივად ხდება თაობების შეხვედრის ადგილიც, რაც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს მათ. მოხარული ვარ, რომ მათ შექმნაში ჩვენი გუნდი იყო ჩართული“, – ამბობს გეგი ქელბაქიანი.

 

 

შემთხვევითი სიახლე

მოზიდული პრემია 5.1%-ით გაიზარდა – „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ 2021 წლის სამი კვარტლის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ 2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც კომპანიას წინა წლის ანალოგიურ …