თბილისის მერიამ და აზიის განვითარების ბანკმა ადაპტირებული ურბანული დაგეგმარების ახალი გზამკვლევები წარადგინა

თბილისის მერიამ და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ვირტუალურ შეხვედრაზე წარადგინეს ორი ახალი გზამკვლევი, რომლის მიზანია ურბანულ დაგეგმარებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ქალაქის მცხოვრებთათვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. გზამკვლევები, ბანკის ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.
ონლაინ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ესწრებოდა. მისი თქმით, აღნიშნული გზამკვლევები გააუმჯობესებს დედაქალაქის ინკლუზიურობის ხარისხს.
„ეს გზამკვლევები გამოყენებული იქნება ადგილობრივი და სახელმწიფო მასშტაბის ურბანულ დაგეგმარებაში, ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თავისუფლად გადაადგილებას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეკრეაციული სივრცეების პროექტირების პროცესში, რათა გათვალისწინებული იყოს ყველა ასაკობრივი კატეგორიისა და სქესის საჭიროებები“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
გზამკვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ევგენი ჟუკოვმაც.
„საქართველო და აზიის განვითარების ბანკი მრავალი წელია თანამშრომლობენ ურბანული განვითარების მიმართულებით, მათ შორისაა ქალაქების მდგრადი განვითარების პროექტი. ეს გზამკვლევები ადაპტირებული ქალაქების გზამკვლევებთან ერთად ხელს შეუწყობს გენდერზე ორიენტირებული, ადაპტირებული დაგეგმარების დანერგვას და საქართველოს ქალაქების უფრო მდგრად განვითარებას“, – განაცხადა მან.
ქალაქების მდგრადი განვითარება აზიის განვითარების ბანკის 2030 სტრატეგიის შვიდი პრიორიტეტიდან ერთ-ერთია. ბანკი მხარს უჭერს მუნიციპალიტეტების მიერ ქალაქების უსაფრთხო, მრავალმხრივი და მდგრადი განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელთა შორისაა გენდერზე ორიენტირებული სერვისებისა და ინკლუზიური ურბანული დაგეგმარების განვითარება, ამ გზით კი, ურბანული გარემოს გაუმჯობესება.
„საქართველომ არაერთი ნაბიჯი გადადგა მდგრადი განვითარების მიზნების დასანერგად. საქართველოს ურბანული ხედვა მოიცავს საცხოვრებლად კომფორტული ურბანული განაშენიანებისა და სხვა დასახლებების განვითარებას ინტეგრირებული ურბანული დაგეგმარებით, ინკლუზიური და ადაპტირებული მიდგომებით. მოხარული ვართ, რომ ამ საქმეში ვეხმარებით საქართველოს“, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ბრუნო კარასკომ.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის ექსპერტებმა, რომლებმაც გზამკვლევების პრაქტიკაში გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
აზიის განვითარების ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ორგანიზაცია კვლავ აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად.

შემთხვევითი სიახლე

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

17 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9654 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, …