თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნის პროცესი დაიწყო

თბილისის მერიის ეგიდით უკრაინის დასახმარებლად შეგროვებული 50 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესი დაიწყო.
ბელიაშვილის ქუჩაზე გახსნილი ჰუმანიტარული დახმარების პუნქტიდან ტვირთის ტრანსპორტირების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ილია ელოშვილთან ერთად დაესწრო.
„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას, ბიზნესსექტორს, რომელიც ჩართულია ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში. ასევე, მადლობა რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერა გადაწყვიტეს. ამ პროცესში ყველაზე რთული გახდა ლოგისტიკა, თუმცა, ეს საკითხიც მოგვარდა. პროდუქტების ის ნაწილი, რაც ოფიციალურად მოგვაწოდეს, „წითელი ჯვრის“ საშუალებით გაგზავნილია. გარდა ამისა, მოსახლეობის მიერ მოტანილი, საბუთების გარეშე არსებული პროდუქტების ლოგისტიკასაც უზრუნველვყოფთ. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ მძღოლებზე და მათი მეშვეობით გავა ტვირთი უკრაინაში, ქალაქ ჩოპში. აქედან მიიტანენ კონკრეტულ წერტილებზე“, – განაცხადა თბილისის მერმა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, მერიის მიერ შექმნილ ანგარიშზე უკვე მილიონ ლარზე მეტი თანხაა შეგროვებული.
„უახლოეს მომავალში მოგაწვდით ინფორმაციას, ვინ არიან ეს ადამიანები და რომელმა ორგანიზაციებმა გაიღეს შემოწირულობები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

შემთხვევითი სიახლე

Maersk-მა შუა დერეფნის სარკინიგზო მომსახურება დაიწყო, მატარებელი ფოთის საზღვაო ნავსადგურმა მიიღო

სატრანსპორტო სფეროში მომხმარებელთა საჭიროებების საპასუხოდ, Maersk-მა მომხმარებლებს ახალი სარკინიგზო-საზღვაო მომსახურება შესთავაზა, რომელიც აზიას და ევროპას ცენტრალური …