ზაფხულის შემდეგ სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად იკლებს, თუმცა 2021 წელს სურათი შეიცვალა – თიბისი

სექტემბერში ტურისტების რაოდენობა იმაზე ნაკლებად შემცირდა ვიდრე, ტრადიციულად, არაპიკურ სეზონზე მცირდება.როგორც თიბისი კაპიტალში განმარტავენ, ამ ყველაფრის შედეგად კი ინდუსტრიამ სექტემბერი არც თუ ისე ცუდი შედეგებით დახურა.

“2021 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს 1,188,234 ვიზიტორი ეწვია, რაც 2019 წლის იმავე პერიოდში ჩამოსული ვიზიტორების 20%-ია. იანვარი-აგვისტოს პერიოდთან შედარებით (18.5%) ეს გაუმჯობესებული შედეგია. იმავდროულად, 2021 წლის 1 ოქტობრისთვის, 2019 წლის სამი კვარტლის ტურისტული შემოსავლების 34% უკვე აღდგენილია. მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერში ვიზიტორების რაოდენობამ კლება დაიწყო, 2019 წელთან შედარებით აღდგენა აგვისტოზე (24.5%) მაღალია და 28.9%-ს უტოლდება. ეს პირველ რიგში, დაგროვილი მოთხოვნითა და შედარებით სტაბილური ეპიდვითარებითაა განპირობებული. სექტემბერში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით კი 349%-ით მეტი ვიზიტორი ეწვია საქართველოს. ჩვეულებრივ, სექტემბერში ვიზიტორების კლება საკმაოდ მაღალია. 2019 წელს თვე/თვეზე კლებამ 28% შეადგინა, 2021 წელს კი მხოლოდ 15%. კლების შემცირება, უპირველეს ყოვლისა, ისრაელიდან ჩამოსული ვიზიტორების მატებამ გამოიწვია. მათი რიცხვი სექტემბერში წინა თვესთან შედარებით 280%-ით გაიზარდა. სექტემბერში, 2019 წლის იმავე პერიოდის შემოსავლების 51% აღდგა, მაჩვენებელი მაღალია წინა თვესთან შედარებით, როდესაც აღდგენამ 48% შეადგინა. ინდუსტრიის სხვა პარამეტრებს თუ გადავხედავთ, სეზონურობის გავლენა უკვე ცხადია. სასტუმროებში საშუალო დატვირთულობა აგვისტოსთან შედარებით 27%-ით შემცირდა და 50% შეადგინა. 2019 წელთან შედარებით, მაღალი კლება დაფიქსირდა თბილისში, სადაც დატვირთულობამ 32%-ით იკლო და 52%-ს გაუტოლდა. რაც შეეხება, სასტუმროებში საშუალო დღიურ ფასს, 2019 წლის სექტემბრის მაჩვენებელის მხოლოდ 77% აღდგა, რაც მნიშვნელოვანი კლებაა აგვისტოსთან შედარებით (88%)”, აცხადებენ თიბისი კაპიტალში.

მათივე ინფორმაციით, ჩვეულებრივ, ზაფხულის შემდეგ სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად იკლებს. თუმცა 2021 წელს სურათი შეიცვალა. შედარებით სტაბილურმა ეპიდვითარებამ და გარკვეული ქვეყნების მიერ შეზღუდვების მოხსნამ მოგზაურებს უსაფრთხოების შეგრძნება დაუბრუნა, შედეგად კი სექტემბერში ვიზიტორების რაოდენობა იმაზე უკეთ აღდგა ვიდრე ზაფხულის თვეებში. კოვიდ-19 შემთხვევების რაოდენობა იზრდება და რთველის სეზონიც იწურება. შეძლებს ინდუსტრია ამ ფონზე განაგრძოს აღდგენა? მომდევნო თვეებში, სეზონურობის გათვალისწინებით, ვიზიტორების კიდევ უფრო მაღალი კლებაა მოსალოდნელი, რაც ინდუსტრიის ყველა პარამეტრზე იქონიებს გავლენას. ცივი სეზონის მოახლოებასთან ერთად მცირდება ადგილობრივი ტურიზმის აქტივობაც. პანდემიასა და მის თანმხლებ არასტაბილურობასთან გამკლავება კვლავ რჩება ინდუსტრიის მთავარ გამოწვევად.

ვიზიტორების რაოდენობა იკლებს, მაგრამ მოსალოდნელზე ნაკლებად

თიბისი კაპიტალში განმარტავენ, რომ სექტემბერში კოვიდ-19-ის დღიური შემთხვევების რაოდენობამ კლება დაიწყო და ეპიდვითარება მეტნაკლებად დასტაბილურდა. შედეგად, 2019 წლის იმავე პერიოდის ვიზიტორების რაოდენობის 28.9% აღდგა, რაც გაუმჯობესებული მაჩვენებელია აგვისტოსთან შედარებით (24.5%). გაუმჯობესება შესაძლოა, აგვისტოში დაგროვილ მოთხოვნასაც დავუკავშიროთ. ეს კი კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ინდუსტრიის სწრაფი აღდგენის წინაპირობა სტაბილური ეპიდვითარებაა. 2021 წლის სექტემბერში, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 349%-ით გაიზარდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. მართალია, ივლისში უფრო მაღალი 511%-იანი ზრდა დაფიქსირდა, თუმცა ეს დიდწილად სეზონურობით იყო განპირობებული.

“ჩვეულებრივ, ზაფხულის ცხელი სეზონის შემდგომ, სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა კლებას იწყებს, ამ მხრივ არც 2021 წელი იყო გამონაკლისი.

სექტემბერში ვიზიტორების თვე/ თვეზე კლებამ 15% შეადგინა. აღსანიშნავია ის, რომ კლება 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე (28%) თითქმის ორჯერ ნაკლებია”, აცხადებენ თიბისი კაპიტალში.

იზრდება შუა აღმოსავლეთის ქვეყნების ინტერესი საქართველოს მიმართ

სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან ჩამოვიდა და ჯამური რაოდენობის 15% შეადგინა. მიუხედავად ამისა, მეზობელი ქვეყნების წილი წინა თვესთან შედარებით უცვლელი დარჩა და კვლავ 41%-ს გაუტოლდა, რაც საგრძნობლად დაბალი მაჩვენებელია 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით (66%). აღსანიშნავია ისიც, რომ სექტემბერში თურქეთის წილი 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით და 14%-ს გაუტოლდა. ისრაელიდან ჩამოსული ვიზიტორების წილმა 3% შეადგინა, რაც გაუმჯობესებაა აგვისტოსთან შედარებით (1%). 2019 წლის სექტემბერთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა (8%) და უკრაინის (10%) წილი. ასევე, 11%-მდე გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნების წილიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამ 14%-ით გადააჭარბა 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს. უკრაინიდან ვიზიტორების აღდგენა შენელდა და 81%-ს გაუტოლდა.

იმავდროულად, აღდგენის დადებითი დინამიკა აჩვენა რუსეთმა (22%) და თურქეთმა (33%). ვიზიტორების აღდგენის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი აზერბაიჯანიდან ფიქსირდება (6%).

“გამართლდა თიბისი კაპიტალის პროგნოზი და გაიზარდა ისრაელიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა. საქართველოს ნარინჯისფერ ზონაში გადაყვანის შედეგად, სექტემბერში ვიზიტორების რაოდენობა 29%-ით აღდგა (2019 წელთან შედარებით), რაც მნიშვნელოვანი ზრდაა მძიმე აგვისტოს შემდეგ (9%)”, აცხადებენ თიბისი კაპიტალში.

2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ვიზიტორების ჯამური აღდგენის თვალსაზრისით უკრაინა (70%) და შუა აღმოსავლეთის ქვეყნები (58%) ლიდერობენ. 43%-იანი აღდგენა ფიქსირდება ისრაელიდან, 37% კი აშშ-დან ჩამოსულ ვიზიტორებში.

მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი აღდგენა აზერბაიჯანიდანაა (5%). დაბალი მაჩვენებლის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად კვლავ რჩება აზერბაიჯანის მხრიდან სახმელეთო საზღავართან დაკავშირებული შეზღუდვები.

თიბისი კაპიტალში აცხადებენ, რომ სეზონურობასა და კოვიდთან დაკავშირებულ მზარდ რისკებს თუ გავითვალისწინებთ, 2021 წლის მომდევნო თვეებში ვიზიტორების ჯამური აღდგენის მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ

სახმელეთო მიმოსვლა მცირედით გაუმჯობესდა

სექტემბერში საჰაერო მიმოსვლის აღდგენა შენელდა და 69.5%- ს გაუტოლდა. აგვისტოსთან შედარებით კლება ლოგიკურია, ვინაიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაც შემცირდა. 2019 წლის სექტემბერთან შედარებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა 39%-ით შემცირდა, იმავდროულად კი 6%-ით გაიზარდა ბათუმის აეროპორტში ჩამოსული ვიზიტორების რიცხვი. სახმელეთო გზით შემოსული ვიზიტორების აღდგენამ 16% შეადგინა, რაც მცირედი ზრდაა აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით (13%).

შემოსავლები ტურიზმიდან

ვიზიტორების აღდგენის გაუმჯობესებასთან ერთად, სექტემბერში მცირედით გაუმჯობესდა საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლები 2019 წელთ ან შედარებით. 2021 წლის სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლები 51%-ით აღდგა (2019 წელთან შედარებით), რაც მცირედი ზრ დაა აგვისტოსთან შემდეგ (48%).

2021 წლის ივლისში, თიბისი ბანკის არხებით, არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვა საგრძნობლად გაიზარდა 2019 წელთან შედარებით. აგვისტოში ზრდის ტემპმა შენელება დაიწყო და ეს ტრენდი სექტემბერშიც გაგრძელდა. წლის იმავე პერიოდთან შედარებით, არარეზიდენტების მიერ უნაღდო ხარჯვა 7%-ით გაიზარდა.

ქვეყნების წილი ვიზიტორებისგან მიღებულ შემოსავლებში განსხვავდება 2019 წლის სექტემბრის სურათისგან. შემოსავლებში ლიდერობენ ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი (16.5%), თუმცა მათი წილი 2019 წლის დონეს კვლავ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. უკრაინის წილი 2019 წლის სექტემბერთან შედარებით გაორმაგდა და 14.9%-ს გაუტოლდა. ვიზიტორების ზრდასთან ერთად ისრაელის წილი შემოსავლებშიც გაიზარდა და 6.5% შეადგინა, რაც აგვისტოსთან შედარებით (0.9%) შესამჩნევი გაუმჯობესებაა.

2019 წლის სექტემბერში მეზობელი ქვეყნების წილი საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებულ შემოსავლებში 41%-ს შეადგენდა, 2021 წლის იმავე პერიოდში კი 26%-მდე შემცირდა.

2021 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში შემოსავლებში უკრაინა ლიდერობს (15%). 2019 წელთან შედარებით, გაზრდილია ისრაელისა (9%) და საუდის არაბეთის (7%) წილები. 2021 წლის სამ კვარტალში, 2019 წელთან შედარებით ვიზიტორებისგან მიღებულ შემოსავლებში ევროკავშირის ქვეყნების წილი მხოლოდ მცირედითაა შემცირებული და 14%-ს უტოლდება იმავდროულად, რუსეთის წილი განახევრდა და მხოლოდ 12%- ს გაუტოლდა. ასევე შემცირდა დანარჩენი მეზობელი ქვეყნების წილები, რაც უმეტესად ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობის შემცირებითაა გამოწვეული.

2021 წლის სამ კვარტალში, 2019 წელთან შედარებით ვიზიტორებისგან მიღებულ შემოსავლებში ევროკავშირის ქვეყნების წილი მხოლოდ მცირედითაა შემცირებული და 14%-ს უტოლდება

საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებამ Airbnb-ის ბაზარზეც იქონია გავლენა. შედეგად, თბილისის Airbnb-ის ბაზრის შემოსავლები კლების დინამიკას განაგრძობს. სექტემბერში 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით ბაზრის შემოსავალი 64%-ით შემცირდა.

საქართველოს სასტუმროები: შემოდგომის პირველი თვე

“ჩვეულებრივ, ზაფხულის ყველაზე ცხელი თვის შემდეგ სასტუმროების საშუალო დატვირთულობა კლებას იწყებს. 2021 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით დატვირთულობა 27%-ით შემცირდა და 50% შეადგინა. ეს 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 19%-ით ნაკლებია. 2019 წლის სექტემბერთან შედარებით, 22%-ით შემცირდა დატვირთულობა დიდ სასტუმროებში და 58%-ს გაუტოლდა. მცირე და საშუალო სასტუმროებში დატვირთულობა 42%-მდე შემცირდა და 17%-ით ჩამორჩება 2019 წლის მაჩვენებელს ამ სეზონზე ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი რთველი და კახეთის რეგიონია. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ყველაზე მაღალი დატვირთულობა სწორედ ამ რეგიონის სასტუმროებში დაფიქსირდა (62%) და, იმავდროულად, 2019 წლის მაჩვენებელს 22%-ით გადააჭარბა. ზრდას ისიც განაპირობებს, რომ ადგილობრივ ვიზიტორებში რეგიონის მიმართ ინტერესი კვლავ მაღალია. რაც შეეხება ზღვისპირეთს, სასტუმროების დატვირთულობამ 41% შეადგინა და მხოლოდ 7%-ით ნაკლებია 2019 წლის დონეზე. ყველაზე მაღალი კლება თბილისის სასტუმროებში დაფიქსირდა. სექტემბერში დატვირთულობა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 32%-ით შემცირდა და 52%-ს გაუტოლდა.

ვიზიტორების რაოდენობის კლებამ სასტუმროებში საშუალო დღიურ ფასზეც იმოქმედა. 2019 წლის სექტემბერთან შედარებით, სასტუმროების საშუალო დღიური ფასი 23%-ით შემცირდა, რაც შესამჩნევი კლებაა წინა თვესთან შედარებით. სეზონურობასა და კოვიდ-19-ის დღიური შემთხვევების ზრდას თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, მომდევნო თვეებში საშუალო დღიური ფასის ზრდა შემცირდეს.

2019 წლის სექტემბერთან შედარებით, სასტუმროებში, თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო დანახარჯების ზრდა შემცირდა. ჯამურად, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების კლებამ, 2019 წელთან შედარებით, 23% შეადგინა. თბილისის სასტუმროებში დანახარჯები 37%-ით შემცირდა. შედარებით უკეთესი ვითარებაა რეგიონებში, სადაც, 2019 წლის სექტემბერთან შედარებით, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები მხოლოდ 5% -ითაა შემცირებული.

ჰოსტელებში, მცირე და საოჯახო სასტუმროებში, თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო დანახარჯებში კვლავ დადებითი დინამიკა შეინიშნება. 2019 წლის სექტემბერთან შედარებით, დანახარჯები 9%-ით გაიზარდა. იმავე პერიოდში, დანახარჯები 50-120 ოთახიან სასტუმროებში უარყოფით დინამიკას ინარჩუნებს და 2019 წლის მაჩვენებელს 34%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება სასტუმროებს, რომლებსაც 120-ზე მეტი ოთახი აქვთ, უნაღდო დანახარჯების კლებამ, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 9% შეადგინა.

სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორების შემცირების მიუხედავად, თიბისი ბანკის არხებით, მათი უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში კვლავ აჭარბებს ადგილობრივი ვიზიტორების დანახარჯებს და ჯამურად 65.9%-ს შეადგენს. ზაფხულის დასრულებასა და სასწავლო დაწესებულებების გახსნასთან ერთად, სავარაუდოდ, ადგილობრივი ტურიზმის აქტივობა ნელ-ნელა დაიკლებს და მათი დანახარჯები სასტუმროებში შემცირდება.

2021 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების ჭრილში, აჭარაში (67.8%), თბილისში (73.8%), მცხეთამთიანეთსა (59.8%) და შიდა ქართლში (59.6%) საერთაშორისო ვიზიტორების წილი კვლავ მაღალია. სხვა რეგიონების სასტუმროებში, თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო ხარჯვაში ადგილობრივი ვიზიტორები ლიდერობენ. მათი წილი ყველაზე მაღალი რაჭალეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (86.2%) და ქვემო ქართლშია (78.9%)”, აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ინფორმაციაში.

შემთხვევითი სიახლე

სებ-ი კამპანიასთან “მაროს სახელით” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება ბოლო პერიოდში ინტერნეტსა და მედია სივრცეში გენდერული თანასწორობის თემაზე წამოწყებულ კამპანიას …