ეროვნული ბანკი ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებაზე მუშაობას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვაა. ამ კუთხით ეროვნული ბანკი, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან მიახლოების მიზნით და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მუდმივად ხვეწს და აუმჯობესებს არსებულ პრაქტიკას.

ეროვნულმა ბანკმა ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსი და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ცვლილებები დაამტკიცა. დოკუმენტები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პრეზენტაციის სახით საქართველოს პარლამენტის წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების, საფინანსო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ექსპერტებს სასტუმრო რუმსში წარუდგინა. იქვე გაიმართა დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიაც.

ეთიკის კოდექსი განვითარებულ ეკონომიკებში არსებულ მოთხოვნებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება, რომელშიც გათვალისწინებულია ადგილობრივი საფინანსო სექტორის სპეციფიკა და მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული მნიშვნელოვანი საკითხები. კოდექსის ამოქმედება ხელს შეუწყობს მომხმარებლებში ფინანსური ორგანიზაციების მიმართ სანდო პარტნიორის რეპუტაციის გამყარებას და მათი უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალურად დაცვას, ამასთან, ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დამყარებული საქმიანი ურთიერთობების წარმართვის უზრუნველყოფას.

კოდექსით მოწესრიგდა სესხის ამოღების პროცესში ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლის მიმართ შესასრულებელი ვალდებულებები, რაც შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს:

განისაზღვრა მომხმარებლისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების, ეთიკური და ზნეობრივი ნორმების დაცვის, საქმიანი და ზრდილობიანი ფორმით კომუნიკაციის ვალდებულება. კერძოდ, მომხმარებელთან და საკონტაქტო პირებთან ურთიერთობისას ფინანსურმა ორგანიზაციამ აღნიშნულ პირს არ უნდა მიაწოდოს შეცდომაში შემყვანი ან/და არასწორი ინფორმაცია. მიწოდებული, მიუწოდებელი ან/და არასრულად მიწოდებული ინფორმაცია აღნიშნულ პირს არ უნდა უბიძგებდეს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი, სწორი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში;

დადგინდა მომხმარებლებთან და საკონტაქტო პირებთან დაკავშირების წესი, რაც, მათ შორის, მოიცავს კომუნიკაციის ფორმას, დროსა და მისაწოდებელი ან/და მოსაძიებელი ინფორმაციის ჩამონათვალს. კერძოდ, საკონტაქტო პირთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოქმედი/აქტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო დაკავშირებულ მესამე პირებთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მსესხებლის ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით. შესაბამისად, მომხმარებლის ვალდებულების შესახებ ინფორმაციის მესამე პირისთვის მიწოდება დაუშვებელია. ამასთან, ხსენებულ პირებთან კომუნიკაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ დღის 09:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე პერიოდში; ამავე დროს, საკონტაქტო პირი უფლებამოსილია ფინანსურ ორგანიზაციას მასთან კომუნიკაციის შეწყვეტა მოსთხოვოს;

განისაზღვრა ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლებთან და საკონტაქტო პირებთან კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერების წარმოებისა და ორი თვის ვადით შენახვის ვალდებულება;

საკრედიტო პორტფელის გასხვისება, გარკვეული გამონაკლისების გარდა, დასაშვები იქნება მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებზე. ამასთან, თუ საკრედიტო პორტფელს მართავს სხვა პირი, კოდექსის შესრულებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტს; და ა.შ.

ამასთან, ცვლილებები შევიდა ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში, რაც შესაბამისი ევროდირექტივების მოთხოვნებიდან და ბაზარზე არსებული გამოწვევებიდან გამომდინარეობს. ცვლილებები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:

მოთხოვნამდე ტიპის დეპოზიტებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშებისთვის საჭირო დაშვებების სტანდარტიზება, რაც სხვადასხვა პროდუქტის მარტივად შედარების საშუალებას იძლევა და პროცენტის დარიცხვის განსხვავებული სქემის შესახებ გამჭვირვალობას ზრდის;

დამატებითი მოთხოვნები დაწესდა მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებისთვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშებისას, რაც ხელს შეუწყობს საპროცენტო განაკვეთებთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების უკეთ დაცვას;

გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით,  მომხმარებლებს ბანკომატზე საკუთარი სახსრებისა და ოვერდრაფტის ოდენობის შესახებ ინფორმაციის გამიჯნულად მიღების შესაძლებლობა ექნებათ, ეს კი მათ საშუალებას მისცემს, უფრო ნათლად დაინახონ, თუ მათთვის ხელმისაწვდომი თანხის რა ნაწილია ოვერდრაფტის ლიმიტი და, შესაბამისად, ამ ლიმიტის ათვისების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ. გარდა ამისა, ოვერდრაფტის ლიმიტის ათვისებისას, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებული იქნება აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს მოკლეტექსტური შეტყობინებით აცნობოს, რაც მათ ინფორმირებულობას გაზრდის.

ფინანსური ორგანიზაციების ვებგვერდებზე განთავსდება საკრედიტო და სადეპოზიტო ხელშეკრულებების ნიმუშებისა და მნიშვნელოვანი პირობების შესახებ ინფორმაცია. გარდა ამისა, ფინანსურ ორგანიზაციასთან გაფორმებული საკრედიტო და სადეპოზიტო ხელშეკრულებები და ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, მათ შორის ინფორმაცია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ, ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტ ბანკში; და ა.შ.

ეთიკის კოდექსისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ცვლილებების ძირითადი მოთხოვნები 2022 წლის 1 მარტიდან, ხოლო მომხმარებელთან და საკონტაქტო პირებთან კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერების წარმოების ვალდებულება არაუგვიანეს 1 ივნისიდან ამოქმედდება. ამასთან, ფინანსურ ორგანიზაციებთან უკვე გაფორმებული საკრედიტო და სადეპოზიტო ხელშეკრულებები ინტერნეტ ბანკში 2022 წლის 1 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი.

“ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. შესაბამისად, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და ბაზართან კომუნიკაციის შესაბამისად, საკანონმდებლო ჩარჩო მუდმივად იცვლება და იხვეწება. ეთიკის კოდექსისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ცვლილებები, რომელიც საზოგადოებას დღეს წარვუდგინეთ, ხელს შეუწყობს ფინანსური პროდუქტების პირობების გამჭვირვალობის ზრდასა და ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესებას. ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ბაზარზე არსებულ პრაქტიკაზე დაკვირვებას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ნორმატიული ბაზის დახვეწას”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის, ასევე, ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომხმარებელთან ურთიერთობისას აღნიშნული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზს ნომერზე – 0322 406 406.

 

შემთხვევითი სიახლე

Maersk-მა შუა დერეფნის სარკინიგზო მომსახურება დაიწყო, მატარებელი ფოთის საზღვაო ნავსადგურმა მიიღო

სატრანსპორტო სფეროში მომხმარებელთა საჭიროებების საპასუხოდ, Maersk-მა მომხმარებლებს ახალი სარკინიგზო-საზღვაო მომსახურება შესთავაზა, რომელიც აზიას და ევროპას ცენტრალური …