ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის გაზრდას – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია, საქართველოში პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე – კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები, სიტყვით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ კონფერენციაში მონაწილე პირებს გააცნო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში კონკურენციის შესახებ საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბების ეტაპები.

დავით ნარმანიას თქმით, ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების მიზნით განხორციელებული ინსტიტუციური და ნორმატიული ცვლილებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე რეფორმის ფონზე. ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის გაზრდას და ამ გზით მომხმარებლების კეთილდღეობის უზრუნველყოფას, რაც შეუძლებელი იქნებოდა კონკურენციის მომწესრიგებელი სრულყოფილი და ქმედითი საკანონმდებლო ბაზის არსებობის გარეშე.

„ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წინსვლა აღინიშნება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში კონკურენციის საკანონმდებლო ბაზისა და მარეგულირებელი ნორმების დანერგვის მიმართულებით. კონკურენციის შესახებ საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებისკენ პირველი ნაბიჯები 2019 წელს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით გადაიდგა. კანონით განისაზღვრა სემეკის კომპეტენცია ენერგეტიკულ ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველყოფისთვის. კომისიას მიენიჭა ბაზრის კვლევის, კონცენტრაციების კონტროლისა და კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი სუბიექტების სანქცირების უფლებამოსილება, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული მასშტაბური ცვლილებებით გადაიჭრა სემეკის მიერ ბაზრის შემზღუდველი სავარაუდო ქმედებებისა თუ კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვისას გამოსაყენებელი ძირითადი საკანონმდებლო დანაწესების საკითხი.

საკანონმდებლო დონეზე შეიქმნა ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში კონკურენციის სამართლის აღსრულებისთვის აუცილებელი ნორმების სრული სპექტრი, შესაძლებელი გახდა საკითხთან დაკავშირებული, დამატებითი კანონქვემდებარე აქტების დამტკიცება, რომელთა მიხედვით გათვალისწინებულია როგორც სექტორის, ასევე დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს, საქმიანობის ყველა თავისებურება. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ძირეულად მოწესრიგდა საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებს შორის კომპეტენციის გამიჯვნის საკითხები.

ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის რეგულირების მიზნით სემეკის მიერ 2021 წელს დამტკიცდა „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესები“, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ უნიფიცირებულ დოკუმენტს ბაზრის განსაზღვრისა და ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიასთან, ბაზრის კვლევასთან, თანამშრომლობის პროგრამასთან, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენასა და განხილვასთან დაკავშირებული ნორმების ერთობლიობით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოში პირველად, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის 200-მდე მონაწილე მსჯელობს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებისა და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, სემეკი, კომუნიკაციების კომისია, ეროვნული ბანკი და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიოში 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 დეკემბერს, მსოფლიო კონკურენციის დღე, სხვადასხვა აქტივობებით, 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო …