ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას

თბილისი (BPI) – 27 სექტემბერს, ეროვნული ბიბლიოთეკის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში გაიმართება ფართომასშტაბიანი სამოქალაქო კამპანიის – „ეს ქვეყანა შენია!“ პრეზენტაცია.

კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციასა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობას.

პროექტის – “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში შევისწავლეთ საზოგადოების დამოკიდებულება და სტერეოტიპები, რომლებიც გავრცელებულია მოსახლეობაში როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო ღირებულებების მიმართ.

კვლევების საფუძველზე შემუშავდა საკომუნიკაციო სტრატეგია, შეირჩა სოციალურად აქტიური ჯგუფები: სტუდენტები, ახალგაზრდობა, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მედია. ისინი კამპანიისთვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ როგორც პირდაპირი აუდიტორიის ნაწილი, არამედ, როგორც პოტენციური მხარდამჭერნი და სოციალური ცვლილების აგენტები. ასევე, განისაზღვრა თუ რომელი არხების და ინსტრუმენტების გამოყენებით ქცევის რა ცვლილებას გვინდა მივაღწიოთ თითოეულ სამიზნე ჯგუფში.

სწორედ ამ სტრატეგიიდან გამოდინარე ჩამოყალიბდა სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ (გაიზიარე პასუხისმგებლობა). კამპანია დაეხმარება საზოგადოებას გააცნობიეროს, რომ გზა ევროპული ტიპის საზოგადოებისკენ, სადაც დაცულია უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, არის ეკონომიკის, განათლების მაღალი დონე, დაცულია სოციალური უფლებები, გადის სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებებზე.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ის მედია-პროდუქტები და აქტივობები, რომელთაც ხელი უნდა შეუწყონ კამპანიის წარმატებით განხორციელებას.

პრეზენტაციას დაესწრება ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ბატონი კარლ ჰარტცელი. ასევე მოწვეულები არიან ადგილობრივი, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლები, აგრეთვე, სამოქალაქო აქტივისტები, ახალგაზრდები და საზოგადოებრივი აზრის ლიდერები. მათი ჩართულობა გაზრდის კამპანიის მასშტაბს, გააჩენს პროცესში მათი თანაზიარობის განცდას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით არსებული ძალისხმევის  სინერგიას.

ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აღნიშნულ პროცესში თითოეული მოქალაქის მიერ მისი როლისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე.

სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.

შემთხვევითი სიახლე

ბიძინა ივანიშვილი: იმედგაცრუებული ვარ

თბილისი (BPI) – ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. “დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების გზაზე, მორიგ …