წყარო: businessformula

დივერსიფიკაციის შიში – გაკვეთილი, რომელიც საქართველომ ვერ ისწავლა

მუდმივი საუბრები ვალუტის კურსზე, საუბრები ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზებაზე, ინფლაციაზე და არა მხოლოდ, მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია თემასთან, რომელსაც ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკა ჰქვია.საინტერესოა, რამდენად ფუნდამენტურად ვუყურებთ და/ან ვსწავლობთ საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებებს და შინაარს. საინტერესოა, რამდენად ვაკვირდებით იცვლება თუ არა რამე ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკის არქიტექტურაში. უფრო მეტიც, ვაანალიზებთ თუ არა, რომ სავაჭრო პოლიტიკა სულაც ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხია?

სინამდვილეში, კი ფაქტია, რომ ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკა განუყოფელია ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისაგან (არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია). ძალიან მარტივი დაკვირვებისათვის სიტუაციურად შეგვიძლია უბრალოდ რამდენიმე კომპონენტს დავაკვირდეთ და ამ კომპონენტების  ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენის მასშტაბი გავაანალიზოთ:

  • შემოსავლები ექსპორტიდან, რომელიც ავტომატურად გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის კურსზე, ადგილობრივ მეწარმეებზე, ქვეყნის საგადასახადო შემოსავლებზე, ჯამში მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებაზე;
  • იმპორტზე დამოკიდებულება, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა ბაზარზე ფასების ფორმირებაზე, საჭირო ნედლეულზე, რათა ახალი პროდუქცია შეიქმნას ქვეყანაში, ენერგოუსაფრთხოებასა და სასურსათო უსაფრთხოებაზე.

ექსპორტისა და იმპორტის ანალიზის შემთხვევაში კი ცალკე უნდა გამოიყოს სასურსათო უსაფრთხოება – საკითხი, რომელმაც კიდევ უფრო მეტად შეგვახსენა თავი 2020 წლის დასაწყისში, პანდემიის პირველი გააქტიურების დროს.

ამავდროულად, დღეს პოტენციური კონფლიქტი უკრაინაში შესაძლებელია დამანგრეველი ეფექტის მატარებელი იყოს საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის და შესაბამისად, ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის (უმძიმეს პოლიტიკურ შედეგებზე რომ აღარაფერი ითქვას).

არსებული რისკები თუნდაც იმ უახლესი მონაცემების ანალიზს ეყრდნობა, რომელიც ასახავს საქართველოს დამოკიდებულებას მინიმუმ ორ ქვეყანაზე – რუსეთსა და უკრაინაზე. 2021 წლის წინასწარი მონაცემებით, რუსეთი საქართველოს ნომერ მეორე უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია (მისი წილი მთლიან ექსპორტში მხოლოდ 0.1 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება პირველ ნომერ ჩინეთს და 2.5 პროცენტული პუნქტით ევროკავშირს), უკრაინა კი ქვეყნის ნომერი მეხუთე საექსპორტო პარტნიორია. ჯამში რუსეთის და უკრაინის წილი ექსპორტში საქართველოს ექსპორტის თითქმის მეოთხედს შეადგენს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და მნიშვნელოვნად უსწრებს ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელს.

იმპორტის მაჩვენებელშიც რუსეთი მეორე ადგილს იკავებს. აღნიშნული კი ამ შემთხვევაშიც მაღალია და ევროკავშირიდან იმპორტის თითქმის ნახევარს შეადგენს. უკრაინის მაჩვენებლის დამატების შემთხვევაში კი ორივე ქვეყნის მონაცემი ევროკავშირიდან იმპორტს მნიშვნელოვნად აღემატება.

ამ ჭრილში უნდა გაანალიზდეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) გამოწვევებისა და შესაძლებლობების თვალსაზრისით. ცალსახაა, რომ განსაკუთრებული მოლოდინები იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების დროს იმ შესაძლებლობის გამოყენების მიმართულებით, რასაც თავისუფალი ვაჭრობა ჰქვია. იყო უამრავი მსჯელობა, ანალიზი, გათვლებიც კი ვაჭრობის შედეგებზე, თუმცა, დღეს მაინც ბოლომდე პასუხგაუცემელია კითხვა – როგორ გავზომოთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შედეგებს რა გავლენა ჰქონდა სავაჭრო პოლიტიკის დივერსიფიკაციაზე? უამრავი რიცხვის მოყვანა შეიძლება, თუმცა რელევანტური მხოლოდ ჯამური მაჩვენებლებია: საქართველომ ვერ მოახერხა DCFTA-ის შესაძლებლობების მაქსიმუმთან მიახლოებაც კი, თუმცა, თითქოს მცდელობა იყო. ფაქტია, რომ „მცდელობას“ ყველამ (სახელმწიფომ, კერძო სექტორმა) „რაღაც“ დააკლო. ცალსახაა, რომ  ყველას ენთუზიაზმი რუსეთის ბაზარზე პოზიციების დაბრუნებისკენ მეტად იყო მიმართული ვიდრე ახალი, ევროკავშირის სტაბილური, მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე ბაზრის ათვისებისკენ. ფაქტია, რომ კვლავ მყარად მუშაობს პრინციპი – „რუსეთი ახლოსაა“, თუმცა, დღეს ბიზნესში გეოგრაფიული სიახლოვის ცნება უმრავლეს შემთხვევაში წარსულის სახელმძღვანელოების ტექსტებადაა დარჩენილი.

აქვე კიდევ ერთი დამაფიქრებელი ფაქტორი ჩნდება: უამრავჯერ ინიცირებულ თემას აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ რა ეკონომიკური ეფექტი  შეიძლება ჰქონდეს? რას გვეუბნება ამ მხრივ ევროკავშირის გამოცდილება? თუმცა პოლიტიკურად ნამდვილად განსაკუთრებული ეფექტი ექნება. ამ მიმართულებით კი მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს მიზნის მისაღწევად.

ამავდროულად, როდესაც ახალი ბაზრების ათვისებაზე ვსაუბრობთ ცხადია მთავარი კითხვა აქ ჩნდება: რას მოვიხმართ და რას ვაწარმოებთ? იცვლება კი მოხმარება/წარმოების მიმართულებით რაიმე ისე დრამატულად, რომ ახალი პარტნიორების შეძენის ამბიცია გვქონდეს? პასუხი კი აქაც მარტივ მიმოხილვაშია:  საქართველოს სავაჭრო პროდუქციის (ექსპორტ-იმპორტის) „არქიტექტურის“ მიმოხილვაში, რომელსაც დივერსიფიცირებული, სიახლესა და განვითარებაზე ორიენტირებული ძნელად თუ ეთქმის. კვლავ უახლეს მონაცემთა ანალიზი შეგვიძლია მოვიშველიოთ და შედეგები გვაქვს დასკვნისათვის – მინიმუმ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს ტოპ 3 საექსპორტო და საიმპორტო  პროდუქტი არ შეცვლილა. დასკვნა მარტივია: კვლავ მიდრეკილება „ტრადიციულ“ ბაზრებზე „ტრადიციული“ პროდუქტით. თუმცა, კითხვა: რა მიზანი აქვს ახალი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმებას? ახალი სავაჭრო პარტნიორების ძიებას? მუდმივ დეკლარირებას, რომ საქართველოს ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა აქვს?

სამწუხაროდ, საქართველომ საკუთარი შეცდომებზე სათანადო, ადეკვატური დასკვნა ვერასოდეს ვერ გააკეთა. კვლავ, განსაკუთრებულად მაღალი სავაჭრო დამოკიდებულება რუსეთზე და ასევე, მაღალი დამოკიდებულება დსთ-ის ქვეყნებზე საკმაოდ დამაფიქრებელ ფაქტორად რჩება. რჩება შთაბეჭდილება, რომ ვაჭრობის დივერსიფიკაციის მიმართულებით ქვეყნის აქტივობა მინიმალური და სიმბოლურია. რაც აჩენს განცდას, რომ კიდევ ერთ დიდ შესაძლებლობას ვუშვებთ ხელიდან DCFTA-ის სახით და კვლავ „ძველ ორბიტაზე“, მუდმივი რისკის და შანტაჟის ქვეშ ყოფნას ვარჩევთ.

მოსაზრების ავტორი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი აბაშიშვილი

სტატიაში გამოთქმული მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს Businessformula.ge-ს პოზიციას.

შემთხვევითი სიახლე

ლარის მნიშვნელოვანი გამყარება როგორც ჩანს უფრო ნაკლებ სავარაუდოა – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აპრილის ექსპორტი ძლიერი იყო. მართალია, წლიურ გამოხატულებაში …