დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებთან სემეკის 2023 წლის საქმიანობა შეაჯამა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებთან სემეკის 2023 წლის საქმიანობა შეაჯამა. სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარე წელს, მარეგულირებელმა კომისიამ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა როგორც ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების გაუმჯობესებისათვის, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ამასთანავე, კიდევ უფრო გააქტიურდა სემეკის როლი საერთაშორისო ორგანიზაციებში.
„საერთაშორისო ორგანიზაციებში სემეკმა წელს კიდევ ერთხელ მოიპოვა წარმატებული მარეგულირებელი კომისიის სტატუსი და ენერგეტიკის სექტორში წამყვანი ორგანიზაციების მიერ მიენიჭა უფლება, რომ 2026 წელს მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმს საქართველოში უმასპინძლოს. ფორუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
მისივე თქმით, 2023 წლის განმავლობაში სემეკის გადაწყვეტილებებით მომხმარებლებს ჩამოეწერათ კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული, ასევე, ხანდაზმული დავალიანებები, ჯამში – 700 ათას ლარამდე. ამასთანავე, მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო, სემეკის გადაწყვეტილებებით კომპანიებმა მომხმარებლებზე ჯამში 330 ათასი ლარის კომპენსაცია გასცეს.
„მოქალაქეები აქტიურად სარგებლობენ სემეკის მიერ შეთავაზებული გამარტივებული კომუნალური მომსახურებებით. აღსანიშნავია, რომ გაიზარდა იუსტიციის სახლში გადატანილი კომუნალური სერვისებით სარგებლობის მაჩვენებელი. გარდა ამისა, გაიზარდა დისტანციური მომსახურების მაჩვენებლებიც, მაგალითისთვის, 2023 წლის განმავლობაში 1 მილიონზე მეტმა უნიკალურმა მომხმარებელმა ისარგებლა *303#-ის სერვისით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშემწყობ პროექტებზე:
„სემეკი აგრძელებს მუშაობას განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესისა და პროგრამის დანერგვაზე. აღნიშნულ სისტემაში უკვე რეგისტრირებულია 23 კომპანია, გაცემულია 1,937,526 სერტიფიკატი. 2023 წელს გაორმაგდა ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა, რომელთა ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 60 მეგავატს მიაღწია.
ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები რჩება უცვლელი. ბუნებრივი გაზის სექტორში მიმდინარეობს კომპანიების გამსხვილებისა და ხელახალი ავტორიზაციის პროცესი. აღნიშნული ხელს შეუწყობს სექტორში ბუნებრივი გაზის მიწოდების საიმედოობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. რაც შეეხება წყალმომარაგების სექტორს, მიმდინარეობს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „რუსთავის წყლის“, შპს „ბათუმის წყლის“, შპს „საჩხერის წყალკანალის“ და შპს „საგარეჯოს“ მომდევნო წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმების ანალიზი. კომისია შეითანხმებს იმ გეგმებს, რომლებიც ხელს შეუწყობს წყალმომარაგების სექტორის მომსახურების გაუმჯობესებას.
რაც შეეხება რეგულირებას დაქვემდებარებულ ახალ სექტორს, 2023 წელს სემეკმა დაიწყო მელიორაციის სექტორის ეფექტიანი რეგულირებისათვის ნორმატიული ბაზის შექმნა. ამ მიზნით, უკვე დამტკიცდა საირიგაციო წყლის მიწოდების წესები, პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების გაანგარიშების შესახებ მეთოდოლოგია“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სემეკის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში განხორციელებულ პროექტებზე. მისი თქმით, 2023 წელს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების საკითხებზე ჩატარდა რამდენიმე სასწავლო კურსი, სადაც გადამზადება გაიარეს როგორც აღნიშნულ სექტორებში დასაქმებულმა და სექტორების რეგულირებით დაინტერესებულმა პირებმა, ასევე სტუდენტებმა.
დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებს 2024 წლის გეგმები გააცნო. მომდევნო წელს სემეკის საქმიანობის პრიორიტეტები იქნება მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და კომუნალური კომპანიების საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება, ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესისა და კონკურენციის, განახლებადი ენერგიების ათვისების, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში დიგიტალიზაციისა და კიბერუსაფრთხოების განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაფართოება და ენერგეტიკული განათლების ხელშეწყობა.

 

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …