გამოწვევები საფონდო ბირჟაზე – რატომ ვერ ვითარდება კაპიტალის ბაზარი საქართველოში?

თბილისი (BPI) – საქართველოს საფონდო ბირჟა რომ განვითარდეს და ეკონომიკის ერთ-ერთ მამოძრავებელ პლატფორმად იქცეს, მისი მასშტაბის გაზრდასა და ფინანსური სერვისების რეგიონულ ჭრილში განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ. კომპანიები რეგიონის რამდენიმე ქვეყნიდან, როგორიცაა აზერბაიჯანი, სომხეთი და უზბეკეთი, საკუთარი ფასიანი ქაღალდების საქართველოს ბირჟაზე განთავსების სურვილს დიდი ხანია გამოთქვამენ, – ამის შესახებ საინვესტიციო კომპანია „გალტ ენდ თაგარტის“ დირექტორმა, ირაკლი კირტავამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

როგორც ცნობილია, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფო და კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზარი დაახლოებით 14-ჯერ გაიზრდა, მაგრამ ბაზარი მაინც მცირეა. საფონდო ბირჟაზე ძირითადი აქტივობა კორპორატიულ ობლიგაციებზე მოდის და წლებია ახალი კომპანია არ დამატებია. 2019 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით, ბირჟაზე 23.6 მილიონი ლარის და 28.56 მილიონი დოლარის მოცულობის გარიგებებია დაფიქსირებული.

კირტავას განმარტებით, წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ ობლიგაციების ლარში განთავსების ტენდენცია შეინიშნება – ექვსმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მიმდინარე წელს საერთო ჯამში 218 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაცია გამოუშვა. რაც შეეხება ქართული კომპანიების მიერ გამოშვებულ კორპორატიულ ობლიგაციებს, აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში მათი საერთო მოცულობა 415 მილიონი ლარის ფარგლებში მერყეობს და მათი დიდი ნაწილი საფონდო ბირჟაზე მოხვდა.

თუმცა ბირჟა რომ ეკონომიკისთვის სტიმულის მიმცემ მნიშვნელოვან პლატფორმად გადაიქცეს, ისე როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია, „გალტ ენდ თაგარტის“ დირექტორის მოსაზრებით აუცილებელია, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ერთიანი სტრატეგიული ხედვა ჰქონდეს.

„სტრატეგიული ხედვის დოკუმენტის შექმნის ძალიან კარგი მცდელობა 2015-2016 წლებში იყო. კარგი დოკუმენტი შეიქმნა, თუმცა ეს დღეს უკვე მოძველებულია. ამას მნიშვნელობა საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის იმიტომ აქვს, რომ ჩვენი ბაზარი ძალიან მწირია, ძალიან პატარა ეკონომიკა გვაქვს, ფასიანი ქაღალდების ბაზარს კი მასშტაბები უყვარს და საერთაშორისო ინვესტორებს ძალიან დიდი მოცულობები იზიდავს. საერთაშორისო ინვესტორების გარეშე, მხოლოდ ადგილობრივი ინვესტორების ხარჯზე საფონდო ბაზარი ვერ განვითარდება, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ რაღაც ერთიანი გეგმა არსებობდეს, რომელსაც ეკონომიკური მიმართულების სამინისტროები ყურადღებას მიაქცევენ“, – განაცხადა კირტავამ.

მისი მოსაზრებით, საქართველოს საფონდო ბაზრის განვითარებისთვის ფუნდამენტური ფაქტორია საკითხის განხილვა რეგიონულ ჭრილში მოხდეს.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი მასშტაბის გაზრდაზე და ამის ძალიან კარგი პოტენციალი აქვს საქართველოს, თუ ქვეყნის ფინანსური სერვისების განვითარებას რეგიონულ ფასიანი ქაღალდების ჭრილში შევხედავთ. საქართველოს ამის საშუალება აქვს, რადგან ძალიან კარგად განვითარებული საბანკო სექტორი აქვს, რომელიც გარკვეულ ფინანსურ მდგრადობას იძლევა, რეგიონის ქვეყნებს შორის ამ კუთხით სამაგალითოა და საკმაოდ მაღალი დაცულობა გვაქვს. მეორე მხრივ, წლების განმავლობაში, დაახლოებით 2010 წლიდან, არსებობს პოტენციალი და სურვილიც კი რეგიონული ქვეყნების მხრიდან, როგორიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი და შარშან უზბეკეთიც დაემატა, რომელთა კომპანიებსაც აქვთ სურვილი, რომ თავისი ფასიანი ქაღალდების განთავსების ერთ-ერთ ალტერნატივად საქართველო განიხილონ“, – აცხადებს კირტავა.

შემთხვევითი სიახლე

მთავრობა ამბობს, ანაკლიის კონსორციუმს პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს

თბილისი (BPI) – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. კონსორციუმს ასევე მოუწევს სახელმწიფოს დაუბრუნოს …