თბილისი (BPI) – საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განიხილებოდა, როგორც საერთაშორისო ფინანსური და ტექნიკური დახმარებების, ინვესტიციების ცალსახა რეციპიენტი (მიმღები). წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მობილიზებისა და ეკონომიკური ზრდის დიდი წილი ზემოხსენებული გარე დახმარებების ხარჯზე მოდიოდა. ამჟამად მდგომარეობა არსებითად შეცვლილია. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში ექსკლუზიურად გარე ფაქტორებზე ფატალური დამოკიდებულობა აღარ არსებობს. ქვეყნის შიგნით არსებობს სულ უფრო მზარდი რესურსი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ეკონომიკის განვითარება, – განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა იოსებ არჩვაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ გარემოებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ პირობებში, როდესაც ერთი მხრივ, ვსაუბრობთ ინვესტიციების, და მეორე მხრივ, ეკონომიკური განვითარების დინამიზმზე. საქართველოში 2019 წლის მეორე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 187.0 მლნ. აშშ დოლარი შადგინა, რაც გასული წლის მეორე კვარტალის ანალოგიურ მონაცემზე დაახლოებით 2.2-ჯერ ნაკლებია.
იოსებ არჩვაძემ აღნიშნული კლების რამდენიმე მიზეზი დაასახელა. მისი თქმით, მთელ მსოფლიოში, გლობალური მასშტაბით ადგილი აქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას. მსოფლიოში სხვადასხვა გარემოებათა გამო მარტო ბოლო ორ წელიწადში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2.3-ჯერ და მეტად შემცირდა და ამჟამად 15 წლის წინანდელი, 2004 წლის დონეზე იმყოფება. „ეს ვითარება, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება საქართველოზეც, რომელიც საკმაოდაა ინტეგრირებული მსოფლიო მეურნეობაში თავისი ღია და ლიბერალური ეკონომიკით. ინვესტიციების გლობალური შემცირება მკვეთრად ზრდის კონკურენციას მათ პოტენციურ მიმღებებს შორის,“ – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
შემცირების მეორე გამომწვევ მიზეზად იოსებ არჩვაძემ დაასახელა ის გარემოება, რომ ინვესტიციების განხორციელება თვითმიზანი კი არაა, არამედ მათ საფუძველზე წარმოების პროცესის დაწყების უზრუნველყოფა. მისი თქმით, თუკი ამა თუ სექტორში, დარგში, რეგიონში სრულდება ინვესტიცია, ეს როგორც წესი, იმავდროულად ნიშნავს მათ საფუძველზე ახალი წარმოებისა და მომსახურების მასშტაბურ დაწყებას (ან ძველის გაფართოებას), რაც თავის მხრივ, ეკონომიკის ზრდისა და განვითარების განმსაზღვრელი პირობაა. „ასე უნდა შევაფასოთ მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება. იმავე კონტექსტში, მაგალითად, არც თუ ისე დიდი ხნის წინ აზერბაიჯანის „სოკარმა“ დიდწილად დაასრულა საქართველოში საკუთარი ინფრასტრუქტურის ფორმირება, რაც, მართალია, ზრდის საქმიანობის ამ სფეროსა და უშუალოდ „სოკარის“ წილს საქართველოს ეკონომიკაში, მაგრამ მეორეს მხრივ, ამან დააფიქსირა აზერბაიჯანული ინვესტიციების 5-ჯერადი შემცირება ჩვენს ქვეყანაში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,“ – განაცხადა ექსპერტმა.
ინვესტიციების შემცირების სხვა მიზეზებად იოსებ არჩვაძემ არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ სავალო ვალდებულებების შემცირებას (სასესხო დავალიანების დაფარვას) და რეინვესტიციის მოცულობის კლებას ასახელებს. გარდა ამისა, მისი თქმით, ბევრი ბიზნესი, რომელმაც საქართველოში საქმიანობა დაიწყო, როგორც უცხოურმა ინვესტიციამ, დროთა განმავლობაში, ბიზნესის წარმოების ხელსაყრელი პირობების გამო, გადარეგისტრირდა, როგორც საქართველოს რეზიდენტი. Doing Business-ის მიხედვით საქართველო ბოლო წლებში მოწინავე პოზიციებზეა (2019 წლის მიხედვით – 6-ე ადგილი მსოფლიოში), რაც საერთაშორისო საქმიან წრეებში ამყარებს მოსაზრებას, რომ საქართველოში ღირს შესვლა არა ერთჯერადად და მოკლე ვადით, არამედ სერიოზულად და ხანგრძლივად, ხოლო საგადასახადო რეჟიმის გათვალისწინებით – ადგილობრივი რეზიდენტის სტატუსით.
ეკონომიკის ექსპერტმა ასევე მოიყვანა ერთი შედარებაც. მისი თქმით, „თუ გლობალური მასშტაბით ავიღებთ, ვნახავთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გლობალური ეროვნული პროდუქტის მხოლოდ 1.8 პროცენტია, საქართველოში კი აღნიშნული მაჩვენებელი, თუ ბოლო 4 კვარტალის მონაცემებით ვიხელმძღვანელებთ, 6.2 პროცენტზე მეტია, ანუ ბოლოდროინდელი შემცირების მიუხედავად, მსოფლიო დონეს ამ მაჩვენებლით დაახლოებით 3.5-ჯერ მაინც ვუსწრებთ.“
იოსებ არჩვაძე ასევე შეეხო სახელმწიფო დაფინანსებით მსხვილი ინფრასტრუქტურული პროქტებს. მისი თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩუმათელეთი-არგვეთას 52-კილომეტრიანი სატრანზიტო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა (რომელიც უკვე მიმდინარეობს) და ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა 9 კილომეტრიანი გვირაბის ჩათვლით (რომელიც სულ მალე დაიწყება), რომლებიც თავისი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან მოზიდული თითქმის ორმილიარდიანი მოცულობით, თუ ფორმალურ მხარეს არ მივაქცევთ ყურადღებას, ასევე წარმოადგენენ უცხოურ ინვესტიციებს. „ამის გათვალისწინებით, ჩვენ კი არ გვიმცირდება არამედ საგრძნობლად გვეზრდება უცხოური ინვესტიციები, ის რესურსები, რომლებსაც ეფუძნება ეკონომიკის უფრო სწრაფი და დინამიური განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება. საბოლოო ჯამში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები – მხოლოდ ერთერთი საშუალებაა და არა თვითმიზანი სოციალურად ორინტირებული სახელმწიფოსათვის,“ – განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა, იოსებ არჩვაძემ.