ბეროკაობა – ამ ვიტრაჟისთვის შუშა ხელოვანს თავად ჩამოუსხამს

თავისუფალი შემოქმედებითი აზროვნება, თამამი ექსპერიმენტები, ახალი მედიუმებისა და თემების ძიება – არ აქვს მნიშვნელობა ვახტანგ ქოქიაშვილის შემოქმედებას ერთ მთლიანობად შევკრავთ თუ ცალკეულ ეტაპებად დავყოფთ, მათში ამ თვისებების მუდმივობას ყველგან დავინახავთ.

მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ ქოქიაშვილის ნამუშევრები სხვადასხვა დროს რამდენიმე ქვეყანაში – პოლონეთში, ლიბიაში, გერმანიაში, ბულგარეთში, უნგრეთსა და საფრანგეთში – გამოიფინა, საქართველოში ბევრი მაინც არ იცნობს მისი შემოქმედების მრავალფეროვნებას. არც ის არის ცნობილი, რომ მონუმენტური, კერძოდ კი, ვიტრაჟული ხელოვნების დამკვიდრება ქართულ სახელოვნებო სივრცეში სწორედ ვახტანგ ქოქიაშვილს უკავშირდება.

ხელოვანმა პირველი ექსპერიმენტების ჩატარებაც 1960-იანი წლებიდან სწორედ ვიტრაჟზე მუშაობისას დაიწყო, როცა ფასადებსა და შენობების ინტერიერებს აფორმებდა. ძირითადად ცდიდა ფერთა ახალ წყვილებს, სხვადასხვა მასალას ერთმანეთში ადნობდა და განსხვავებული ფერებისა და ფორმების მიღებას ამ გზით ცდილობდა.

ქოქიაშვილის განსაკუთრებით თამამი ფერებით გამორჩეული ერთ-ერთი ნამუშევარი ფუნიკულიორის სადგურის ვიტრაჟი „ბერიკაობაა“. ამ ვიტრაჟისთვის შუშა ქარხანაში თავად ხელოვანს ჩამოუსხამს. ასეთივე მნიშვნელოვანი ნამუშევარი სასტუმრო „ივერიის“ ინტერიერი და ვიტრაჟია.

სასტუმრო „ივერიის“ ვიტრაჟი

1965-2000 წლამდე ვახტანგ ქოქიაშვილმა საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში 30 ვიტრაჟი შექმნა. საქართველოს ტერიტორიაზე – თელეთში, ყვარელში, ცხინვალში, ქუთაისში, ზუგდიდში, აბაშაში, ადლერში, ბიჭვინთასა და სოხუმში შემორჩენილი მისი მონუმენტურ-დეკორატიული ნამუშევრები სრულ სურათს მაინც ვერ ქმნის.

ქოქიაშვილის ვიტრაჟების უმეტესობა განადგურებულია, ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე შემორჩენილი ნამუშევრების შესახებ ბევრი არაფერი ვიცით.

ამ დროს ვახტანგ ქოქიაშვილის ამ პერიოდის ნამუშევრების სრულად შემონახვა ქართული მონუმენტური ხელოვნების საწყისების უკეთ შესწავლის და ვიტრაჟის განვითარების მთლიანობის, უწყვეტობის დანახვის მეტ შესაძლებლობას მოგვცემდა.

ვიტრაჟულ ხელოვნებამდე ვახტანგ ქოქიაშვილი კლასიკურ ფერწერაში მუშაობდა, ვიტრაჟული ხელოვნების შემდეგ კი – პოპ-არტში. პოპ-არტით, კონცეპტუალური გრაფიკული ნახატებითა და ფოტო-კოლაჟით ვახტანგ ქოქიაშვილი 1990-იანი წლებიდან დაინტერესდა.

„მთავარია პროფესიონალიზმი და დროის მაჯისცემის შეგრძნება“, – ამბობს ვახტანგ ქოქიაშვილი და, მართლაც, ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ქართულ ხელოვნებაში თანამედროვე ტექნიკები და შინაარსი შემოიტანა. მან გამოუსადეგარი ნივთების შეგროვება დაიწყო, მათ განსხვავებული კონცეფციებით ავსებდა.

ვახტანგ ქოქიაშვილის პოპ-არტი არაცნობიერში მოგზაურობაა. აქ ძველი მითოსური სახეები, რელიგიური ნარატივები, ქართული ტრადიციები თუ თანამედროვე მოვლენები ერთმანეთს ერწყმის. მისი ნამუშევრები არქაული მითების სათავეებთან, აზროვნების საწყის ფორმებთანაც გვაბრუნებს და თანამედროვეობაშიც გვტოვებს. ვახტანგ ქოქიაშვილი იკვლევს ძველს, ამსხვრევს ტრადიციულ ფორმებს და მისეულ კონცეფციას, აზრსა და ფიქრს თანამედროვე ვიზუალური ფორმებით გამოხატავს. ის ახალი შინაარსით ავსებს იმას, რაც დავიწყებული გვეგონა და მისი გააზრების ახალ შანს გვაძლევს. ამგვარი ვიზუალური კომუნიკაცია ქოქიაშვილის ნამუშევრებს ქართულ კონტექსტში ჩაკეტვისგან იცავს და გლობალურს, ყველასთვის გასაგებს ხდის. მის შემოქმედებაში კიჩიც არის და თრეშიც. მთავარი კი მაინც ისაა, რომ ნებისმიერ მათგანში ყოველთვის ჩანს ხელოვანის პირადი ინტერპრეტაცია.

ვახტანგ ქოქიაშვილის სხვადასხვა ტექნიკაში და ჟანრში შექმნილი ნამუშევრები პირველად თიბისი სტატუსმა და Window Project-მა გააერთიანა. გამოფენის დიზაინსა და ვიზუალურ ნაწილზე ახალგაზრდა არქიტექტორმა ლადო ლომიტაშვილმა იმუშავა. გამოფენა Second Order-ის მიზანი ვახტანგ ქოქიაშვილის, როგორც გამორჩეული მონუმენტალისტის, სხვა პერსპექტივიდან დანახვა, მისი ხელოვნების მნიშვნელობის თანამედროვე კონტექსტში გააზრება იყო.

17-19 მაისს, თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობაზე (TAF) ვახტანგ ქოქიაშვილის ნამუშევრებს Window Project წარადგენს.

ავტორი: მაკო აბესაძე

შემთხვევითი სიახლე

მსხვილკაპიტალიანი ბანკების რეიტინგი, ბაზისბანკი – №6

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორის საზედამხედველო კაპიტალი 01.10.2019 -ის მდგომარეობით, ₾7.3  მლრდ-ს აღემატება (01.10.2018 -₾5.9  მლრდ). …