აშშ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის დაწყებაზე ამერიკული მხარე კვლევას ჩაატარებს

თბილისი (BPI) – რამდენად მიზანშეწონილია აშშ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის დაწყება, ამასთან დაკავშირებით ამერიკული მხარე კვლევას ჩაატარებს.

ესაა შედეგი, რომელიც ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ჩიკაგოში ამერიკული ავიაკომპანია United Airlines-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მიიღეს.

ქართულმა მხარემ ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზანშეწონილობაზე პრეზენტაცია წარუდგინა. აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიარეისები კომერციულად აუცილებლად იქნება მომგებიანი, რადგან საქართველო რეგიონის ლოგისტიკური ჰაბია და მისი ეს ფუნქცია ქვეყნის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პროექტების შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება.

„ახლა გადავდივართ საკითხის შესწავლის ტექნიკურ ეტაპზე, როდესაც ამერიკული მხარე ჩაატარებს კვლევას,“ – განაცხადა ნათია თურნავამ. მისი შეფასებით, შეხვედრა პოზიტიური შედეგით დასრულდა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ამერიკული მხარე კმაყოფილია საქართველოს მთავრობის აქტივობებით, რაც საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდაზე დადებიტად მოქმედებს.

„მნიშვნელოვანია, საქართველოს ცნობადობა იყოს მაღალი, რათა ორ ქვეყანას შორის ფრენების დასაწყებად საკმარისი მგზავრთნაკადი არსებობდეს,“ – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

„შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიარეისებით სარგებლობა შეეძლებათ მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებსაც, საიდანაც აშშ-ში რეისები არ ხორციელდება. შედეგად, ტრანზიტულ ქვეყნად საქართველოს გამოიყენებენ,“ – აღნიშნა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

მომდევნო შეხვედრა საქართველოს დელეგაციას Delta AirLines-იში ექნება, სადაც ნათია თურნავა ორმხრივი ავიაფრენების შესახებ პრეზენტაციას წარადგენს.

 

შემთხვევითი სიახლე

ხარკოვის აეროპორტის TOP-5 სამთო-სათხილამურო მიმართულება – საქართველოა #3-ია

თბილისი (BPI) – ხარკოვის აეროპორტი TOP-5 სამთო-სათხილამურო მიმართულებას ასახელებს, სადაც მესამე ადგილზე საქართველოა. აეროპორტის ადმინისტრაციამ …