2023 წლის ივნისში, ევროკავშირის EU4Business პროგრამის მხარდაჭერით, ატმისა და გარგარის მწარმოებელ ქართველ ფერმერებსა და ფერმის მენეჯერებს, შესაძლებლობა მიეცათ დასწრებოდნენ კურკოვანი კულტურების ექსპერტის – დავიდე ნერის ტრენინგებს. ექსპერტის ვიზიტი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ორგანიზებით (FAO) განხორციელდა. ეკოლოგიურად მდგრადი ფერმერული საქმიანობისა და უვნებელი სურსათის წარმოების პრაქტიკის დანერგვასთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული ტრენინგების მიზანი, მოსავლის გაზრდისა და უკეთესი პროდუქტის წარმოების კუთხით, საქართველოში ხილის მეწარმეების ხელშეწყობა იყო.
საგანმანათლებლო სესიები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ატმისა და გარგარის ბაღებში ჩატარდა. ტექნიკურ ტრენინგებზე განხილულ საკითხებს შორის იყო: სხვლის თანამედროვე მეთოდები, მოსავლის სიჯანსაღე და წარმოება, მავნებლისა და დაავადების კონტროლის ბუნებრივი სტრატეგიები პესტიციდების გამოყენების შესამცირებლად.
დავიდე ნერი ქვეყანას მეორედ ეწვია, საქართველოში ხილის მეწარმეების გამოწვევებსა და საჭიროებებზე მორგებული თეორიული და პრაქტიკული ტრენინგების ჩატარების მიზნით. მან ცოდნა უკვე 70-ზე მეტ ატმისა და გარგარის მეწარმე კახელ და ქართლელ ფერმერს გაუზიარა სოფლის მეურნეობის საუკეთესო მეთოდების დანერგვის შესახებ.
„საქართველოში ატამი და გარგარი საუკუნეებია რაც მოჰყავთ, რადგანაც ეს მათი წარმომავლობის ცენტრთან ახლოსაა. განსაკუთრებით ატმის შემთხვევაში, ადგილობრივ ჯიშებზე კონცენტრირებით, ამ სექტორში ზრდის დიდ პოტენციალს ვხედავთ, თუმცა, ამ ამბიციური მიზნის მისაღწევად, საჭიროა ფერმერების ტექნიკური განათლების გაღრმავება. გვიხარია, რომ ევროკავშირთან ერთად, ფერმერებს ცოდნას ვუზიარებთ დავიდე ნერისთან და სხვა ექსპერტებთან ერთად“, განაცხადა FAO-ს პროგრამის კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა.
სანერგე მეურნეობის მხარდაჭერასთან ერთად, FAO და ევროკავშირი, EU4Business პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ხეხილისა და თხილის სექტორებისთვის ტრენინგებს აქტიურად ახორციელებს. ამ ეტაპზე, 465 ფერმერი, აგრონომი, ტექნიკოსი და მენეჯერი დაესწრო მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო შეხვედრებს. ტრენინგის მონაწილეები, ჩართულები არიან კურკოვანი და წვრილკურკიანი ხეხილის, კენკრის, ყურძნისა და კაკლოვანი კულტურების წარმოებაში. საგანმანათლებლო მოდულები მისადაგებულია მათ საჭიროებებსა და გამოწვევებზე, გაზიარებული ინფორმაციისა და უნარების შედეგიანობის უზრუნველსაყოფად.
___
ტრენინგების სერია განხორციელდა ევროკავშირის EU4Business ინიციატივის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში. ევროკავშირის აღნიშნული ინიციატივა, მიზნად ისახავს, სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას, მათი შესაძლებლობების გაძლიერების გზით ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.
შემთხვევითი სიახლე
სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …