არჩევანთა გზაგასაყარზე: როდესაც მათი სიმრავლე დამაბნეველია, ხოლო სიმცირე შემზღუდველი

(პირველი ნაწილი)

ვიქტორ ყიფიანი

ჯეოქეისი“, თავმჯდომარე

ამ ბოლო წლების განმავლობაში უკვე მრავალგზის ითქვა: ძველი წესრიგი საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა, ხოლო ახალი – ალტერნატიული და რეალურად ქმედითი – ჯერ არ დამკვიდრებულა. დღეს ასევე ცნობილია (თუმცა ზოგიერთი ალბათ კვლავ შეგვეკამათება), რომ ძველი სისტემა არათუ განიარაღებულია არსებული მრავალმხრივი კრიზისის წინაშე, არამედ ამ პოლიკრიზისულ გარემოში ყველა მწვავე შეკითხვაზე ცალსახა პასუხს თეორიულადაც ვერ აყალიბებს.  მოლოდინი, რომ გლობალურ დონეზე ეკონომიკური ინტეგრაცია და სავაჭრო კავშირებით მსოფლიოს დაქსელვა კონფლიქტებისა და ექსტრემიზმის ეფექტიანი პრევენცია იქნებოდა, ილუზია აღმოჩნდა. საერთაშორისო ურთიერთობაში პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა უსაფრთხოების მთლიანი სისტემა ერთ მეტად კონკრეტულ, გარდაუვალ და ყველაზე ფუნდამენტურ გამოწვევამდე მიიყვანა. ამ გამოწვევას საკუთარი თავის რეფორმირება ჰქვია. ეს თავად ისეთი საფრთხეა, რომელსაც აუცილებელი რეფორმირების პროცესში მყოფი ნებისმიერი სახის სისტემა, მარჯვე მართვისა და აწონილი პრიორიტეტების არარსებობის პირობებში, შესაძლოა, სულაც გადაყვეს.

თუმცა ფაქტი, რომ გადაწყობის პროცესი დაიძრა და შესაძლო სამომავლო გლობალური წესრიგის ვარიაციები უკვე მოსანიშნია. ცხადია ისიც, რომ ამა თუ იმ ვარიაციის საბოლოო კონტურებზე საუბარი ნაადრევია, როგორც მინიმუმ, უკრაინაში ომის დასულების შედეგად ევროპაში ძალთა გადაწყობის გამოკვეთამდე, ისე როგორც წყნარი და ინდოეთის ოკეანეების აუზებში ძალთა ბალანსის გადახალისებამდე. სავარაუდოდ, ეს ორი გეოგრაფიული ცენტრი ევრაზიულ სივრცეში „მსოფლიოზე ბატონობის“ ახალი წონასწორობის დამყარებას განაპირობებს. თუმცა უკვე არსებული ფაქტობრივი თუ თეორიული მასალა გარკვეული დაკვირვების შესაძლებლობას ქმნის. ჩვენც ამჯერად სწორედ ამ დაკვირვების მკითხველისათვის გაზიარება დავისახეთ მიზნად.

ვიდრე თემას განვავრცობდეთ, მიგვაჩნია, რომ სასარგებლო იქნება ახალი წესრიგის ჩამოყალიბების კვალდაკვალ წარმოქმნილი კონტექსტის, არსებული საერთაშორისო გარემოსათვის  დამახასიათებელი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის მონიშვნა.

დეგლობალიზაცია თუ გლობალიზაციის „გადატვირთვა“?

საკითხის ფორმულირების მიუხედავად, ფორმირებადი ახალი (უ)წესრიგ(ობი)ის ერთ-ერთი კრიტიკული ტრენდი ზედაპირზევე იკვეთება. უწინარესად, ეს არის ცივი ომის შემდგომი პერიოდის ურთიერთობათა სისტემის იმგვარი სტრუქტურირება, რომლის მახასიათებლებს მოკლედ ასე მოვნიშნავთ:

მეტი რეგიონალიზაცია: არაერთგზის გვითქვამს, რომ ახალი „სისტემური“ წესრიგი გამორჩეული იქნება შექმნილი რეგიონალური გეოპოლიტიკური ცენტრების გამსხვილებითა და მათი როლის ზრდით. ახალი თარგის საერთაშორისო ურთიერთობაც, დიდწილად, ასეთ რეგიონალურ „გრავიტაციულ კლასტერებს“ დაეყრდნობა, ხოლო შედარებითი გლობალური სტაბილურობა და ამა თუ იმ მსხვილი რეგიონალური ცენტრის არეალში მოვლენათა პროგნოზირება ასეთი მსხვილი ცენტრების ურთერთდამოკიდებულებაზე დაფუძნდება. უსაფრთხოებისა და ეკონომიკის განხრით რეგიონალურ დაქსელვას (hub-and-spoke setup) დღეს უკვე არაერთი თავდაცვითი თუ სავაჭრო ალიანსის სახით ვხედავთ. ამ ახალი „სისტემის“ ერთ-ერთ მსხვილ რეგიონალურ კვანძად დღეს უკვე შავი ზღვის დიდი რეგიონიც სახელდება. განჭვრეტად მომავალში რეგიონალიზაციის ასეთი ტენდენცია კიდევ უფრო გაღრმავდება, ვინაიდან ძალა, რომელიც ამ პროცესს შემოატრიალებს, ჯერჯერობით არ ჩანს. შედეგად, გლობალური (უ)წესრიგ(ობი)ის ახალი ურთიერთდაკავშირებულობის ხარისხი მსხვილი რეგიონალური გეოგრაფიულ-პოლიტიკური ცენტრების ურთიერთმიმართებისა და ინტერაქციის ხარისხში გამოვლინდება.

ეკონომიკური თვითკმარობა: ეს ის შემთხვევაა, რომელსაც სხვადასხვა წყაროები განსხვავებული სახელით მოიხსენიებენ, იქნება ეს „ეკონომიკური ნაციონალიზმი“, „საკუთარ, საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეზე ზრუნვა“, „პროტექციონიზმი“, „ახალი ეკონომიკური იზოლაციონიზმი“ თუ სხვა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მოვლენა გულისხმობს არასაიმედო ანდა არამეგობრულ უცხოურ საწარმოო თუ მომმარაგებელ გეოგრაფიებზე ნაკლებ დამოკიდებულებას (თუ შესაძლებელია, მათგან სრულიად ჩახსნასაც კი), ზემოხსენებული რეგიონალიზაციის პირობებში საკუთარი ეკონომიკური მედეგობის განმტკიცებას, კრიზისის ეკონომიკის ფუნქციონირების საკუთარი  (სამამულო), თვითკმარი ინფრასტრუქტურითა და ადამიანური კაპიტალით უზრუნველყოფას.

სავარაუდოდ, ამავე ფაქტორს დაუკავშირდება ე.წ. გარემოსდაცვით კაპიტალიზმზე – ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირებაზე – გადასვლის ტემპის შენელება. სტრუქტურული პრობლემები ჩინეთის ეკონომიკაში, აგრეთვე, განსაკუთრებულ დაკვირვებას მოითხოვს, რომელსაც, გაუარესებული დემოგრაფიისა და გაზრდილი სოციალური ვალდებულებების ფონზე, უშუალო გავლენა ექნება გლობალურ ეკონომიკურ (და არამარტო ეკონომიკურ) ვითარებაზე.

რეალიზმის შემობრუნება:  ანუ იმგვარი რეალობა, როდესაც დაუფარავი თუ არცთუ ოსტატურად დაფარული ეგოისტური ინტერესები გადაწყვეტილებათა მიღების  მთავარი მამოძრავებელია. საერთაშორისო ურთიერთობა, კულისებს მიღმა, კონიუნქტურული ინტერესებისაგან დაცლილი არასდროს ყოფილა. თუმცა ბოლო პერიოდის პროცესები ცხადყოფს, რომ გლობალურ ასპარეზზე საქმეთა კეთება კიდევ უფრო ნაკლებად იდეოლოგიზებული გახდება, ხოლო trade off-ის პრინციპი,  – იგივე ტრანზაქციონალიზმი,  – მაღალი ალბათობით, სახელმწიფო პოლიტიკის რანგში ავა. ქართული პოლიტიკაც ამ რეალობასაც უნდა შეეგუოს და სათანადო უნარებით აღიჭურვოს ეროვნული „ეგოს“ (მეტი უსაფრთხოება/უკეთესი ეკონომიკა) სარეალიზაციოდ.

ძალის ფაქტორი: ცივი ომის პერიოდის დასრულებიდან მოყოლებული, საკუთარ ინტერესთა თუ გავლენათა განსავრცობად ძალის დაუფარავად გამოყენება კვლავ აღზევებულია. შეიარაღების სრულყოფისა თუ თავდაცვის ძალების მოდერნიზებისათვის რესურსების ხარჯვა ახალ სიმაღლეებს იპყრობს. ნიშანდობლივია, რომ მაშინაც კი, როდესაც საკითხი ჯერ კიდევ დიპლომატიურ სიბრტყეზე განიხილება და „ცხელ ფაზაში“ არ გადაუნაცვლებია, ამა თუ იმ კონტექსტში ძალის შესაძლო გამოყენების სუსხი მაინც იგრძნობა. რეალიზმზე დაფუძნებული ურთიერთობაც ხომ, სხვა თანმდევ პრინციპებთან ერთად, სუსტის მიერ ძლიერის ხმის სათანადო გაგონებას, შესმენას და, საჭიროებისას, მისადაგებას მოიაზრებს. ამასთანავე, მაშინ როდესაც კონფლიქტების სამართლიანი დარეგულირების მიზნით სამყაროში სათანადო ავტორიტეტული „უზენაესი ორგანო“ არ არსებობს, ხოლო საერთაშორისო სამართალს მორალურის გარდა, სხვა ძალა არ აქვს, ფიზიკური რესურსი თუ კინეტიკა ისევ ანგარიშგასაწევ ფაქტორად იქცევა. ესეც ის სამწუხარო რეალობაა, რომელსაც ქართულმა პოლიტიკურმა პროცესმა თვალი უნდა გაუსწოროს და შესატყვისაად განაგრძოს სათანადო სახელმწიფოებრივი სისტემების გამართვა და მისადაგება.

უსაფრთხოება ფართო გაგებით: ჩვენს დროში უსაფრთხოება, პრაქტიკულად, გასცდა „ჯავშანთან“ ასოცირებულ გაგებას და გაცილებით უფრო ვრცელ განზომილებაში გადაინაცვლა. ამის განმაპირობებელი მიზეზები, უწინარესად, საფრთხეთა სახეცვლილებასა და გამრავალფეროვნებაშია მოსაძებნი. შედეგად, თუ მხოლოდ თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების შინაარსის, ე.წ. „ჯავშნის უსაფრთხოების“ ვიწრო ფარგლებს გავცდებით, არაერთი ისეთი გამოწვევას დავინახავთ, რომელთა მოუგვარებლობა პირდაპირ აზიანებს საერთო-ეროვნულ უსაფრთხოებას. ჩვენი შინაგანი რწმენით, ამ მხრივ უმთავრესი გამოწვევა სიღარიბე და სოციალური უთანაბრობაა, რომლითაც გარე აგრესორსაც შეუძლია ისარგებლოს და შიდა ექსტრემიზმისათვისაც ნოყიერი ნიადაგია. ეს მით უფრო იოლი დასაშვებია, თუკი მხედველობაში მივიღებთ თანამედროვე კონფლიქტის არაკონვენციურობას, როდესაც მიზნის მისაღწევად ტყვიის გავარდნა სულაც არ არის აუცილებელი. დღეს არსებული მეთოდების ნაირსახეობა – კიბერსივრცეში დივერსიით დაწყებული, სავაჭრო-სასანქციო წნეხის ღია თუ ფარული ამოქმედებით გაგრძელებული და დეზინფორმაციის მეშვეობით საზოგადოებრივი განწყობის მართვით დასრულებული – შესაძლოა მომხდურს სასურველი მავნე მიზნისაკენ მიმავალ გაცილებით ეფექტიან გზას სთავაზობდეს. უსაფრთხოების მოწყვლადობის განმაპირობებელ რისკებს შორის ენერგეტიკა და სურსათით მომარაგება, ისე როგორც მედიაში სახელმწიფოებრივი განცდისა და თანაზომიერი თვითშეკავების დეფიციტი, აგრეთვე, განსაკუთრებულად გამოსარჩევია. ამდენად, უსაფრთხოების რისკების ძველი და ახალი ნომენკლატურის თვალსაზრისით, ქართული გადმოსახედიდან კვლავ გადამწყვეტი იქნება ერთხელ უკვე აღნიშნული სამწევროვანი სისტემის საიმედო კოორდინაცია: პროაქტიული დიპლომატია, პრევენციაზე ორიენტირებული სპეცსამსახური და რბილი ძალის მაპროეცირებელი მექანიზმები.

მართვის სისტემათა დაახლოება: ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საკამათო და წინააღმდეგობრივი ტენდენცია, რომლის თანახმადაც განსხვავებული პოლიტიკური სისტემები (ცხადია, გარდა აშკარად გამოხატული ავტორიტარული სისტემებისა) ერთმანეთისაკენ მოძრაობენ. შედეგად, დროთა განმავლობაში ამ სისტემებს შორის განსხვავებასთან შედარებით მეტ მსგავსებას მივიღებთ. ერთმანეთთან დამსგავსების (ერთგვარი კონვერგენციის) ელემენტებს, მეტწილად, გადაწყვეტილებათა მიღების დეიდეოლოგიზაციაში უნდა ვეძებდეთ, ისე როგორც ცხოვრების ხარისხისა და უსაფრთხოების (დიდი გაგებით) უზრუნველყოფისაკენ მიმართულ პრაქტიკულ ქმედებებში. გასაგებია, რომ ეს მეტად ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნება; აშკარაა ისიც, რომ გაუარესებული უსაფრთხოების გარემო და პოლიტიკური დღის წესრიგით მანიპულირება ამ პროცესის მთავარი წინაღობა იქნება. თუმცა თანაბრად სავარაუდოა ისიც, რომ სახელმწიფო მართვის იმიჯისა და რეპუტაციის გაგება აქაც ძირეულად გადასხვაფერდება: ასეთი იმიჯი და რეპუტაცია, ძირითადად, კონკრეტული შედეგით გაზომილი მმართველობითა და სახელმწიფოს მიერ მოქალაქისათვის შესაბამისი სერვისების (ეკონომიკური შესაძლებლობის, სოციალური თანაბრობის, პირადი უსაფრთხოების) ეფექტიანი მიწოდებით გაიზომება.

ერთპოლუსიანიდან ორპოლუსიანამდე

ზოგადად, გავრცელებული აზრია, რომ ცივი ომის დასრულებიდან რამდენიმე ათწლეულით მსოფლიოში ერთპოლუსიანი ე.წ. Pax Americana გაბატონდა. ბოლო პერიოდის ასევე ერთ-ერთი დამკვიდრებული წარმოდგენაა, რომ ერთპოლუსიანობაზე საუბარი ახლა უკვე  საფუძველს მოკლებულია და მას ორპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი ენაცვლება. აღნიშნულ წარმოდგენას, ცხადია, თავისი წანამძღვრები აქვს, ისე როგორც სპეციფიკური ნიშნები, რომლებიც მას უფროსი თაობებისათვის კარგად ნაცნობი ორპოლუსიანი წყობისაგან არსებითად განასხვავებს.

დავიწყო იმით, რომ ორი კი ორია, მაგრამ ამჯერად ორთა კომპოზიცია თვისობრივად სხვაგვარია. თუკი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან გლობალურ წონასწორობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად სსრკ ქმნიდა, ახლა ამ უკანასკნელს ჩინეთი ჩაენაცვლა.

ფიგურანტთა მიუხედავად, ზოგადად, ორპოლუსიანი წესრიგის მიმართ არსებობს ერთი პრინციპული მოლოდინი, რომ იგი შედარებით სტაბილური იქნება და ტანდემში მონაწილე სუბიექტების საერთაშორისო ურთიერთობა გარკვეულ პროგნოზირებადობას დაექვემდებარება. ამ მხრივ, ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ წინა ვერსიის (აშშ-სა და საბჭოთა კავშირის მონაწილეობით) ორპოლუსიან სამყაროს ყველაზე „ხანგრძლივი მშვიდობიანობის“ პერიოდი ეწოდა. რა თქმა უნდა, სიტყვა „მშვიდობიანობა“ აქ მაინც პირობითია მრავალი ომის, შეიარაღებული კონფლიქტის, ინტერვენციისა და გარედან მხარდაჭერილი შიდა ამბოხის გათვალისწინებით. თუმცა, ხსენებულ კონტექსტში მთავარი აზრი მაინც ის არის, რომ არცერთი დაპირისპირება (proxy war), რომელშიც ორივე პოლუსი ღიად თუ ფარულად მონაწილეობდა, არ გასცდა დასაშვების ფარგლებს და რომ აშშ-სა და სსრკ-ს უშუალო კონფლიქტსა და ბირთვულ ომში არ გადაიზარდა. სავარაუდოდ, ამიტომაც არის, რომ თანამდროვე დებატებში არაერთი საერთაშორისო მოღვაწე და სპეციალისტი სამყაროში გავლენათა კვლავ ასეთ, ორ არეალად დაყოფას ამჯობინებს. ეს კი, გავლენათა სფეროების გადანაწილებასთან ერთად, ტანდემის ფორმატში სადავო საკითხების მოგვარებასა და ურთიერთობათა ერთგვარ სისტემურობაზე შესაბამისი ხარისხის პასუხისმგებლობის აღებასაც გულისხმობს.

ასეა თუ ისე, ორპოლუსიანობის სხვადასხვა ვერსიის თეორეტიზება ამით შემოიფარგლება, ხოლო კონკრეტიკა კი ისევ და ისევ შესაბამის დროსა და მოცემულობაში ორპოლუსიანი სისტემის რაობით განისაზღვრება. საკუთრივ აშშ-ჩინეთის ორპოლუსიანობის ბუნებაზე დღეს ბევრი იწერება და მრავალი საგულისხმო მოსაზრება ისმის. ამ ხაზის შედარებებისა და მოსაზრებების ევოლუციონირებაზე მუდმივი დაკვირვებაა საჭირო, რამეთუ ცვალებადი გარემოებები, როგორც ობიექტური, ისე ამა თუ იმ ლიდერის პირადი თვისებებით განპირობებული, ასეთ ევოლუციას უშუალოდ უკავშირდება. ცხადია, ერთი სტატიის ფარგლებში თანამედროვე ორპოლუსიანობაზე მსჯელობის გაშლა შეუძლებელია, თუმცა რამდენიმე დამახასიათებელი თეზა სავალდებულო აღნიშვნას იმსახურებს.

დავიწყოთ იმით, რომ არის აზრი, რომლის მიხედვითაც აშშ-სა და ჩინეთის ორპოლუსიანი სამყარო, თითქოსდა, ისეთივე სტაბილური ვერ იქნება, როგორიც აშშ–საბჭოთა კავშირისა იყო.

მეორე მსოფლიო ომის შედეგად აღმოცენებული ორპოლუსიანობა მაშინდელი ორივე ფიგურანტის ერთობლივი შედეგი გახლდათ: ომში გამარჯვებული ორი ზესახელმწიფო ომის შემდგომი მსოფლიოს წესებს ერთიმეორესთან შეჯერებითა თუ შეპირისპირებით ქმნიდა. შედეგად, გავლენებს შორის არც ჩამორჩენა იყო იმგვარი, რომ რომელიმე პოლუსს მეორის მიმართ პირდაპირი აგრესიის გამოხატვის სურვილი აღსძვროდა. ასე და ამგვარად, „კოჰაბიტირებული“ აშშ და სსრკ ერთმანეთშიც პოულობდნენ საერთო ენას (მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მწვავე კრიზის ზღვრამდეც მიდიოდნენ) და თავიანთი გავლენის სფეროებში მოქცეულ სუბიექტებსაც „აპოვნინებდნენ“.

აშშ-სა და ჩინეთის თანამონაწილეობით ახალი ორპოლუსიანი სისტემის სიმყარის დეფიციტს სწორედ „ორთა შორის“ ურთიერთმიმართების თავისებურებებს მიაწერენ, რომელთა შორისაც რამდენიმე პრინციპულის გამოყოფას შევეცდებით.

თუკიდიდეს ხაფანგი:  მიანიშნებს ისეთ ტენდენციაზე, როდესაც გავლენების მხრივ დინამიკურად მზარდი აქტორი უკვე კარგა ხნის დამკვიდრებულ და გავლენიან აქტორს პირველობას და, პრაქტიკულად – ჰეგემონიას ეცილება. სწორედ „თუკიდიდეს ხაფანგს“ უკავშირდება დაპირისპირების უშუალო სამხედრო კონფლიქტში გადაზრდის რისკი იმგვარ პირობებში, როდესაც ჩინეთის ფაქტორის გაძლიერება აშშ-ს მსოფლიოში ერთპიროვნული ლიდერის როლის დაკარგვით ემუქრება. აღნიშნულ ტენდენციაზე საუბრისას აღსანიშნავია, რომ ასეთი ღია და ფართო კონფლიქტი ჯერჯერობით ნაკლებად სავარაუდოა, რადგან: (ა) ჩინეთის სამხედრო პოტენციალი ამისათვის სათანადოდ მზად არ არის, და (ბ) ჩინურ „გამბედაობას“ ამ ეტაპზე არა გლობალურ, არამედ მეტწილად რეგიონულ ჰეგემონად დამკვიდრების სურვილი ამოძრავებს. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მოსაზრება მხოლოდ ნაწილობრივ არის მართებული. ჯერ ერთი, თანამედროვე პირობებში როლის გლობალურად განმტკიცებისათვის, სამხედრო ფაქტორთან ერთად, თანაბრად აუცილებელია ეკონომიკური და ე.წ. „რბილი ძალის“ პოტენციალიც. ამ მხრივ, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩინეთი საკმაოდ დაწინაურდა და საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ რამდენად ავსებენ თუ აბალანსებენ ერთმანეთს სამხედრო, ეკონომიკისა და „რბილი ძალის“ კომპონენტები. და მეორე: მართალია, პეკინი ჯერჯერობით რეგიონში საკუთარი „მონროს დოქტრინის“ განვრცობით არის დაკავებული, მაგრამ ნებისმიერი რეგიონალური კონფლიქტის (ვთქვათ, ტაივანის საკითხის) გლობალურში გადაზრდის საფრთხეს სრულად არც ეს გამორიცხავს. აღნიშნულ ბიპოლარულ სისტემაში დიდი კონფლიქტის თავიდან არიდების ერთ-ერთ ხელშემწყობ ასპექტს დაპირისპირების იგივე რეგიონალური ნიშანთვისებაც განაპირობებს: საქმე ისაა, რომ ფაქტობრივი „შემხებლობის ხაზი“ აშშ-სა და ჩინეთს შორის შედარებით მომცრო საზღვაო აკვატორიაზე გადის და არა გლობალურ ოკეანეზე ან სახმელეთო არეალზე. სავარაუდოდ, ესეც მხოლოდ ჯერჯერობით.

ასევე ფაქტია, რომ აშშ-ჩინეთს შორის შესაძლო სტაბილურობის მისაღწევად დიდი როლი ენიჭება ჩინური ბირთვული შეიარაღების პოტენციალს, ანუ მის იმ დონემდე მიღწევას, რომელიც ამ შეიარაღებას, სსრკ-ს და აშშ-ს დაპირისპირების მსგავსად, რეალურად შემაკავებელ ადგილს მიუჩენს. აქვე დავთქვამთ, რომ დიდი სახელმწიფოების კონკურენციის ხანაში ბირთვულ ფაქტორს სხვა არაერთი  განმსაზღვრელი „ცდომილება“ აქვს (მათ შორის, მოწინააღმდეგის განზრახვის არასწორი წაკითხვა და საპასუხო მოქმედების მცდარ გათვლაზე დაფუძნება).

ამავე თემის შემადგენლად მოიაზრება გავლენების განვრცობისათვის ახალი ფორმებისა თუ მეთოდების გამოყენება, განსაკუთრებით, კიბერ და სხვა სივრცეებში. მათი ეფექტიანი ამოქმედება არის სამხედრო თუ პოლიტიკური შედეგის განმტკიცების ერთგვარი შესავალი ან თუნდაც წინაპირობა, ვინაიდან სწორედ რომ კონვენციურ და არაკონვენციურ ღონისძიებათა ერთობლიობა ქმნის თანამედროვე კონფლიქტის არსს, განსაზღვრავს პრევენციული თუ საპასუხო კონტრზომების ეფექტიანობას. ეს ყოველივე უკვე სპეციალურ ცოდნაზე დაფუძნებული განხილვის საგანია, რომელიც წარმოდგენილი სტატიის ფარგლებს მიღმაა.

ურთიერთდამოკიდებულება: ანუ აშშ-სა და ჩინეთის ეკონომიკური ინტერესების მჭიდრო კავშირი, რომელიც ე.წ. მეორე ვერსიის ცივ ომს, – გასული საუკუნის ანალოგის შედარებით –  უდავოდ ანიჭებს ერთგვარ უნიკალურობას. მიუხედავად არაერთგზის გაკეთებული განცხადებისა და ამ მხრივ ნაწილობრივ გადადგმული ნაბიჯებისა, „გამოცალკევების“ (decoupling) რეალურად მიღწევა და არსებული ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების ჩახსნა მეტად რთული აღმოჩნდა. ვრცელი სტატისტიკური ანალიზის გარეშე, მხოლოდ რამდენიმე გარემოებაზე მივუთითებთ.

სასოფლო სამეურნეო პროდუქციით დაწყებული და სხვადასხვა სანედლეულო მასალითა თუ წარმოებისათვის აუცილებელი კომპონენტებით დამთავრებული, ჩინეთი კვლავაც აშშ-ს უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია. რაც შეეხება სავაჭრო ბრუნვას, მართალია, ის აშშ-სა და ჩინეთს შორის გარკვეულწილად შემცირდა, თუმცა ეს დეფიციტი აშშ-ს ბაზარზე ჩინური ექსპორტის მესამე ქვეყნებიდან (ვიეტნამი, მალაიზია, ტაივანი, ინდონეზია) და არა უშუალოდ ჩინეთიდან შეღწევით აიხსნება. მნიშვნელოვანია აგრეთვე ელექტრონული კომერციის მოცულობაც.

აშშ-ს პროტექციონისტული პოლიტიკით დასახული მიზნებისათვის, მოქმედმა ადმინისტრაციამ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას მიმართა, რომელთაც ჩინეთთან მიმართებით მეტი პოლიტიკური მანევრირების შესაძლებლობა და ეკონომიკური სივრცის ზრდა უნდა მოჰყოლოდა. შორს რომ არ წავიდეთ, საგანგებოდ აღვნიშნავთ ინფლაციის შესამცირებლად მიღებულ აქტს აშშ-ში სამამულო წარმოების ხელშესაწყობად, ან ჩინელების მიერ მიკროჩიპების სამომავლო წარმოების შეზღუდვისაკენ მიმართულ საკანონმდებლო ემბარგოს პაკეტის მიღებას. ამასვე დაემატა ვაშინგტონის ერთგვარი პოლიტიკური ხასიათის ზომები ევროკავშირის მიერ ჩინეთთან სავაჭრო კავშირების შესუსტების ან თუნდაც აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობაში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის როლის შესამცირებლად. ანალოგიური მაგალითების პალიტრას აწ უკვე პეკინის აშკარად პროტექციონისტური პოლიტიკის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების აღნიშვნაც გაამდიდრებდა. ფაქტია, რომ გაჩაღებული პირველი მსოფლიო ეკონომიკური ომის პირობებში, ამერიკულ-ჩინური ურთიერთობა მნიშვნელოვანწილად მოქმედებს არა მარტო ბიპოლარულ, არამედ მთლიანად ახალი გლობალური (უ)წესრიგ(ობ)ის ფორმირებაზე.

აქვე აღსანიშნავია ის გარემოებები, რომლებიც აშშ-სთან ბიპოლარული დაპირისპირების პირობებში ჩინეთის ეკონომიკის სისტემური გამოწვევების სახით ვლინდება. მიუხედავად ჩინური ეკონომიკური პოტენციალის „შეუზღუდავი“, „უკიდეგანო“ და „გარანტირებული“ რესურსის შესახებ გავრცელებული მოსაზრებებისა, რეალობა სხვაგვარია. ამ გამოწვევების მთავარი მიზეზი მაკროეკონომიკურ სტრუქტურაში უნდა ვეძებოთ, რომელიც დაუბალანსებელია. ეს უთანაბრობა, დიდწილად, უძრავი სექტორის პრევალირებით გამოიხატება, ხოლო არსებული დისბალანსის შესამცირებლად საჭირო საინვესტიციო რესურსი, მათ შორის, ადგილობრივ კომპანიათა მიერ საკუთარ წარმოებაში ინვესტირება, მოცემულ ეტაპზე არასაკმარისად მიიჩნევა. ამდენად, მაღალი პროცენტით გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც ესოდენ კრიტიკულია ჩინეთის პოლიტიკურ-სოციალური ფონის სტაბილურობისათვის, პრობლემურია და ოფიციალური პეკინისათვის ეროვნული საფრთხის ტოლფას გამოწვევად იკვეთება. მეტიც, ქვეყნის განვითარების გზაზე არსებით გამოწვევად შესაძლოა იქცეს (უკვე თუ ასეთად არ იქცა) ეკონომიკაში ე.წ. „საშუალო შემოსავლიანობის ხაფანგად“ ცნობილი მოვლენა: ანუ ისეთი ვითარება, როდესაც საწარმოო პოტენციალის საჭირო ტემპის შენელება და მაღალშემოსავლიანი ქვეყნებისგან ჩამორჩენა უშუალოდ აისახება მოსახლეობის შემოსავლების გასაშუალოებაზე. ჯამში კი ასეთი ნეგატიური პროცესი გლობალური გავლენის დასუსტებაში ვლინდება.

ფაქტია, სრული და ეფექტიანი „განცალკევება“ პრაქტიკულად შეუძლებელია და ამას ორივე მხარე აცნობიერებს. სწორედ ეს გამოკვეთს აშშ-სა და სსრკ-ს ბიპოლარულობისაგან განსხვავებულ, ამჯერად უკვე აშშ-სა და ჩინეთის ბიპოლარულ სამყაროს, სადაც თანამედროვე ვერსია, – წინამორბედისაგან განსხვავებით – საგრძნობლად ნაკლებად იდეოლოგიზებულია. ახსნა რამდენიმე საკვანძო ასპექტში უნდა ვეძებოთ. თითოეული ამ ქვეყნისათვის მეორის საექსპორტო დანიშნულების შესახებ მოკლედ უკვე ვთქვით.

ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს აშშ დოლარის, როგორც მსოფლიო ვალუტის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური როლი, რომელსაც, რთულია, პეკინმა ანგარიში არ გაუწიოს. ამასთანავე, დოლარის როლის შესანარჩუნებლად აშშ-ს ხაზინის ფასიანი ქაღალდების პორტფელში ჩინური მფლობელობის წილი წამყვანია – სავალო ქაღალდების მყისიერი ანდა მნიშვნელოვანი რეალიზება აშშ-ს ობლიგაციებსა და ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე კრიტიკულად იმოქმედებს. ანალოგიურად, აშშ-ს სავალუტო რეზერვებთან მიმართებით, ჩინური იუანის აშშ-ს დოლარზე „პეგირება“ განმსაზღვრელია დოლარის ღირებულებისათვის. შესაბამისად, სათანადო წინდახედულებითა და შემხვედრი ვალდებულებების გათვალისწინებით, ბიპოლარული სისტემის ამ მეტად კრიტიკული სეგმენტის ტვირთი ვაშინგტონმა და პეკინმა „იძულებით და ღირსეულად“ უნდა ატარონ.

პირველი ნაწილის დასასრული..

 

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …