ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი თბილისიდან დაიწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე საქართველოს პარლამენტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსები კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ „თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ“ თემატური მოკვლევის ანგარიშის ყველა რეკომენდაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაითვალისწინა.

„სამინისტროს მზად აქვს ჰაერში ემისიებთან დაკავშირებული სანქციებისა და  შემაკავებელ ზომების შესახებ ახალი კანონპროექტი, რომლის სრულყოფის მიზნით, კომიტეტთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. რაც შეეხება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლთან დაკავშირებულ რეკომენდაციას, უნდა აღინიშნოს, რომ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად,  ავტოტრანსპორტის შემოწმებას, საპილოტე რეჟიმში,  მხოლოდ თბილისში,  ხოლო შემდგომ მთელ ქვეყნის მასშტაბით დაიწყებს. სპეციალური აღჭურვილობის შეძენა უკვე დაგეგმილია. აღნიშნულ საკითხზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობენ, არსებობს კონკრეტული გეგმაც. ღონისძიებების განხორციელებისთვის, გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები იქნება საჭირო,  რაშიც პარლამენტის მხარდაჭერა იქნება საჭირო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს  შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით  მნიშვნელოვანი შედეგები უკვე აქვს. დეპარტამენტში განხორციელდა ადამიანური და ტექნიკური რესურსების ზრდა. უწყებას დაემატა 63 ერთეული საპატრულო ეკიპაჟი, მაღალი გამავლობის ბაგები. განხორციელდა თანამშრომელთა ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვა, დაგეგმილია მათი დრონებით და ელექტროშოკებით უზრუნველყოფა, რისთვისაც დამატებითი ფინანსური რესურსი იქნება საჭირო.

 

შემთხვევითი სიახლე

მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს

თბილისი (BPI) – მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან  ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები“, – განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს განხილვა, თუ როგორ მოხდეს თითოეული დარგის მართვა კიდევ უფრო ეფექტიანად არსებული სტრუქტურის ფარგლებში. …