ავიაბილეთები სუბსიდირების ხარჯზე გაიაფდება

თბილისი (BPI) – ავიაბილეთები სუბსიდირების ხარჯზე გაიაფდება. ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას სახელმწიფო დააფინსნებს.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე დაწესებული შეზღუდვების გამო კომერციული ავიარეისები საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე ივსება.

”სახელმწიფო ბიზნესის მხარდაჭერის უპრეცენდენტო ზომებს იღებს, განსაკუთრებით იმ ბიზნესების, რომლებიც დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ. დარტყმის ქვეშაა ტურიზმი, ჩვენ დავეხმარეთ 1 მლრდ-იანი პაკეტით, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ქართული ავიაცია და ზოგადად, გლობალური ავიაცია, ეს არ ეხება მარტო ქართულ კომპანიებს.

შეთანხმებული და ერთიანები ვართ იმ საკითხებში, სადაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანას გართულებული კომუნიკაციების პერიოდში. გავწევთ ყველა საჭირო დახმარებას, იქნება ეს სუბსიდია თუ რაიმე სხვა. ეს არის სუბსიდია და დახმარება არა რომელიმე კონკრეტული კომპანიის, თუმცა არც ამას მოვერიდებით ჩვენი მოქალაქეების დროულად და შეუფერხებლად ჩამოყვანისთვის.

აქ საუბარი არის არა უფასო რეისებზე, აქ საუბარია კომერციულ რეისებზე, იმისთვის, რომ ეს კომერციული რეისები იყოს მდგრადი. ჩვენ ავკრძალეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსვლა და ისინი გამოაკლდნენ პოტენციურ მგზავრებს. მხოლოდ ქართველი მოქალაქეები ვერ იქნება იმ რაოდენობით წარმოდგენილი, რომ ხომალდის გაგზავნა კომერციულად მდგრადი იყოს, ჩვენ გარკვეულ თანამონაწილეობას გავიღებთ და შევავსებთ, მაგრამ ბილეთები იქნება ფასიანი. ასევე გეტყვით, რომ შევთანხმდით და ბილეთების ფასი, რომელიც ამ ბოლო დროს კრიტიკას იწვევდა, რადგან საკმაოდ მაღალი იყო, თანამონაწილეობის შედეგად სერიოზულად დაიკლებს და იქნება ძალიან ხელმისაწვდომი“,- განაცხადა მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე ლოკოკინების …