ევროკავშირი ქართულ საბანკო სექტორის გაძლიერების მიზნით €1,75 მლნ-იან პროექტს იწყებს

თბილისი (BPI) – ევროკავშირი საქართველოში 1,75 მლნ ევროს ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანი საბანკო და საგადახდო მომსახურების ხელშეწყობაა.

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტს 30 ივლისს სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძე გახსნის, ღონისძიებაში კი მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, პოლონეთისა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების მაღალი დონის წარმომადგენლები.

პროექტს ახორციელებს პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყება.

პროექტი დაეხმარება ეროვნულ ბანკს ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესებაში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად საქართველოს ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. 

საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად, საჭიროა საბანკო რეგულატორული ჩარჩოს გადასინჯვა, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულატორული უფლებამოსილების გაძლიერება და ევროკავშირის გამოცდილების გაზიარება საფინანსო და საბანკო სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის პოლიტიკის კუთხით. საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს ეროვნულ ბანკს ევროკავშირისა და საქართველოს კანონმდებლობებს შორის სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრაში და საქართველოს კანონმდებლების ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვებაში. გარდა ამისა, დაძმობილების პროექტი დახმარებას გაუწევს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერებას საბანკო და საგადახდო მომსახურების კუთხით, კონსულტაციებისა და სწავლებების გზით საქართველოში და ასევე სასწავლო ვიზიტებისა და სტაჟირების საშუალებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზედამხედველობის უწყებებში. 

პროექტის 2-წლიანი განხორციელების პერიოდში, UKNF-ის ექსპერტები, რომელთაც მხარდაჭერა ექნებათ ასევე ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიდან, იმუშავებენ შესაბამისი რეგულატორული, საზედამხედველო და აღსრულებადობის ჩარჩოს გაუმჯობესებაზე ქართულ მხარესთან ერთად, საბანკო და საგადახდო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით. პროექტის განხორციელების განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა  საბანკო კანონმდებლობის გადასინჯვასა და დანერგვას CVD  IV პაკეტის შესაბამისად და ასევე,  საგადახდო მომსახურების სამართლებრივი ჩარჩოს გადასინჯვას ევროკავშირის დირექტივებისა და რეგულაციების შესაბამისად. 

პოლონელი და ქართველი პარტნიორების ერთობლივმა მუშაობამ ხელი უნდა შეუწყოს:

– რეგულატორული, საზედამხედველო და აღსრულებადობის ჩარჩოს ეტაპობრივ

დაახლოვებას, ევროკავშირის კანონმდებლობისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად; – საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციისა და შესაძლებლობების გაძლიერებას საბანკო და საგადახდო მომსახურების ბაზრის დარეგულირების კუთხით, ევროკავშირის კანონმდებლობისა და  საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად; – ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმების ეფექტურობის გაუმჯობესებას, საბანკო და საგადახდო მომსახურების სექტორის ბენეფიციარების დაცვისა და ფინანსური ბაზრის განვითარების მიზნით საქართველოში.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …