თბილისში წლის ბოლომდე ქართულ-ბერძნული ბიზნესფორუმი გაიმართება

თბილისი (BPI) – თბილისში წლის ბოლომდე ქართულ-ბერძნული ბიზნესფორუმი გაიმართება.

ამის შესახებ ბათუმში მიმდინარე მე-14 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძესა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევროპის საკითხებში გეორგიოს კატრუგალოსს შორის გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქართულ-ბერძნული ბიზნესფორუმი მიმდინარე წლის ბოლომდე გაიმართება.

„ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ ძირითად საკითზე, რომელიც მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობისთვის. შევთანხმდით კონკრეტულ გეგმაზე, რომ კონკრეტული სფეროების მიხედვით ვიმუშავებთ ორი ქვეყნის კერძო სექტორს შორის ურთიერთობების განვითარებაზე. ასევე განვიხილეთ და დავსახეთ გეგმა, რომ წლის ბოლომდე გავმართავთ ბიზნესფორუმს, რომელიც ძალიან კარგი პლატფორმა იქნება საქართველოსა და საბერძნეთის კერძო კომპანიების წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის“ – განაცხადა გენადი არველაძემ.

გეორგიოს კატრუგალოსი და გენადი არველაძე საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეები არიან. კომისიის მესამე სხდომა, 13 წლიანი პაუზის შემდეგ ათენში 2017 წლის მაისში გაიმართა.

გადაწყვეტილება საქართველო-საბერძნეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომიტეტის მორიგი სხდომის ჩატარების თაობაზე 2017 წლის 28 მარტს, გიორგი კვირიკაშვილის ათენში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიიღეს. მთავრობათშორისი კომისია მუშაობს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა და მრეწველობა, ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და რეგიონალური თანამშრომლობა, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, კულტურა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვა.

შემთხვევითი სიახლე

თეიმურაზ ლეჟავა პირველი ქართველია, რომელსაც იაპონელებმა ჰიგაში კუნინომიას საერთაშორისო კულტურული ჯილდო მიანიჭეს

თბილისი (BPI) – 14 ოქტომბერს, საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავას დამსახურებული დიპლომატიური …